“დროებით დავბლოკეთ კურიერი და ჩამოერთვა შეკვეთების მიტანის შესაძლებლობა” – “ვოლტი” განცხადებას ავრცელებს

“ვოლტი” განცხადებას ავრცელებს – საუბარია კურიერის საქმეზე, რომელმაც მომხმარებლის პირადი ინფორმაცია გამოიყენა და მას გარეგნობასთან დაკავშირებით კომპლიმენტი უთხრა, მომხმარებელი კი აღნიშნულით უკმაყოფილო დარჩა.

მომხდარზე “ვოლტი” აცხადებს, რომ კურიერი დროებით დაიბლოკა და აეკრძალა შეკვეთების მიტანა:

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, მოგაწოდოთ ,,ვოლტის,, პოზიცია 27 ოქტომბერს დაფიქსირებულ შემთხვევასთან დაკავშირებით.

“ვოლტი”, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, ძალიან დიდი ყურადღებით უდგება ნებისმიერ ინციდენტს, რომელიც უკავშირდება ,,ვოლტის,, ან მისი პარტნიორი კურიერების მიერ სერვისის მიწოდების დროს დაფიქსირებულ შემთხვევებს.
სტანდარტული პროცედურის შესაბამისად, რაც მოსდევს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის არამიზნობრივად გამოყენებას, ჩვენ დროებით დავბლოკეთ კურიერი და მას დროებით ჩამოერთვა შეკვეთების მიტანის შესაძლებლობა მანამ, სანამ არ მოხდა საკითხის სრულად გამოკვლევა მასში მონაწილე ყველა ჩართულ მხარესთან გასაუბრებით.
საკითხში გასარკვევად პირადად გავესაუბრეთ მომხმარებელს და მოვისმინეთ მისი პოზიცია.
პარალელურად, ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა ონლაინსივრცეში, ამიტომ, აუცილებლად მიგვაჩნია რამდენიმე გარემოების განმარტება:
– ,,ვოლტის,, არცერთი პარტნიორი კურიერი არ არის კომპანიის თანამშრომელი, ისინი დამოუკიდებელი მეწარმე სუბიექტები არიან და თანამშრომლობენ კომპანიასთან ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა კურიერის სამსახურიდან გაშვებაზე, არამედ – თანამშრომლობის შეწყვეტაზე.
– ყველა პარტნიორი კურიერი მუშაობის დაწყებამდე გადის ტრენინგს, რომლის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დაცვაა. დამატებით ბოლო სამი თვის განმავლობაში, ტრენინგის შემდგომ, პარტნიორ კურიერებს უტარდებათ ტესტირება. მხოლოდ ამ ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდგომ, პარტნიორი კურიერი  იწყებს თანამშრომლობას ,,ვოლტთან”.
– პროგრამულად, მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია პარტნიორი კურიერისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ შეკვეთის მიტანის პროცესში. შეკვეთის მიტანის დასრულებისთანავე მომხმარებლის პერსონალური მონაცემები კურიერისთვის პროგრამულად ხელმიუწვდომელია.
ჩვენთვის სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში მკაცრად დაირღვა მომხმარებლის უფლებები და მისი პერსონალური ინფორმაციის გამოყენებისა და დაცვის წესი, რაზეც პასუხიმგებლობას კომპანია სრულად თავის თავზე იღებს. ჩვენი რეაქცია იქნებოდა უმკაცრესი, რომ არა საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნა კურიერთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ვინაიდან მომხმარებელთა უფლებების დაცვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს. ასევე, ვითვალისწინებთ აღნიშნულ კურიერთან ხანგრძლივ თანამშრომლობას, რომლის დროსაც არცერთ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. ამ შემთხვევაში, პარტნიორ კურიერს ათი დღით ვუზღუდავთ მიტანის სერვისის განხორციელების უფლებას, რის შემდეგაც ჩაუტარდება ტრენინგი და ტესტირება. მხოლოდ ტესტის წარმატებულად გავლის შემდგომ, მას მიეცემა უფლება, განაგრძოს პარტნიორობა ჩვენს კომპანიასთან.
იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, ჩვენ გადავხედავთ პარტნიორი კურიერებისთვის მომხმარებელთა მონაცემების დაცვის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურას, ასევე, ტრენინგის შინაარსსა და ტესტირების პროცესს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველა პარტნიორი კურიერისთვის გასაგებია მომხმარებელთა პირადი მონაცემების დაცვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ის სანქციები, რაც მოყვება აღნიშნული წესების დარღვევას.
ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ ,,ვოლტის,, ყველა მომხმარებელი თავს უსაფრთხოდ, დაცულად და კომფორტულად გრძნობდეს. ყველა ღონეს ვიხმართ, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს. ჩვენ ყველა მომხმარებელს კი გვინდა, ვთხოვოთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში აუცილებლად გვაცნობოს ამის შესახებ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები