პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და თხოვნით მიმართავს „რუსთავი 2“-ს, ბავშვთა სუიციდის შესახებ მომზადებული გადაცემა ეთერში არ გაუშვან. გადაცემა დღეისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერით დაანონსებული არის.
„მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება მედიასაშუალებით სუიციდის ფაქტების გაშუქებასთან დაკავშირებით. რამდენიმე თვის წინ კომიტეტთან შევქმენით სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კონკრეტულად ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც შედიან ცნობილი ჟურნალისტებიც. დღეს მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების გაშუქების რაოდენობამ ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ: – პირველი, სუიციდის შემთხვევები, რომლებიც, სამწუხაროდ, ხშირია ჩვენს ქვეყანაში და მეორე, თავად ამ შემთხვევების მედიასაშუალებებით გაშუქების საგანგაშო მდგომარეობა. ეს არის ადამიანის განსაკუთრებული ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც საინფორმაციო პროპაგანდის შედეგად შესაძლოა, დასაშვები და მაპროვოცირებელი გახდეს სხვისთვისაც.
ასევე, ეს განსაკუთრებით დამთრგუნველია მსმენელისთვის. რა თქმა უნდა, ამ პრობლემას მედიასაშუალებები ვერ მოაგვარებენ, ამაზე სახელმწიფომ ყველა მიმართულებით უნდა იზრუნოს, მაგრამ, მედია, როგორც საზოგადოებრივი აზრის შემქნელი ყველაზე მძლავრი საშუალება, ხელს უწყობს ადამიანის ცნობიერებაში ამ ფაქტის დაშვებადობას. ეს არ არის კრიმინალი, რომელიც შეიძლება შესაბამისი უწყებების არაკომპეტენტურობის გამო ხდებოდეს ქვეყანაში და ამაში ბრალი დავდოთ ვინმეს. ეს არის განსაკუთრებული ფსიქიკური შემთხვევა, რომლისგანაც არავინ, არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული. ჩვენ ეს სიმშვიდის უფლებას არ გვაძლევს და სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებით გატარდეს შესაბამისი ღონისძიება, მათ შორის, მედიასაშუალებებით სუიციდის ფაქტების ფართომასშტაბიანი პროპაგანდის შეზღუდვა. სწორედ ამ თხოვნით მედიასაშუალებებს რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ უშედეგოდ. უფრო მეტიც, დღეს მომზადებულია გადაცემა ბავშვთა სუიციდის შესახებ, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება. მივმართავ „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობას, დაიცვან ბავშვთა უფლებები და ნუ გამოიყენებენ ამ თემას საკუთარი პიარისთვის.
ნებისმიერი პიროვნება, ჟურნალისტია ეს თუ პოლიტიკოსი, სახელმწიფოს და მოქალაქეების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. ჩვენ მივისწრაფით ევროპული ღირებულებებისკენ და უმთავრესი სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა უნდა იყოს, მითუმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.