“დიეტომანია” ზოდიაქოს ნიშის მიხედვით

ალბათ, თუ ყველა არა, სუსტი სქესის წარმომადგენელთა ოთხმოცი პროცენტი მაინც არის დაავადებული საქართველოში ე.წ. ”დიეტომანიის” ეპიდემიით. თუმცა, როგორც ასტროლოგებს მიაჩნიათ, ზოდიაქოს ნიშანიც დიდწილად განაპირობებს იმას, თუ რამდენად აქვს ქალს საიმისო ნებისყოფა და უნარი, რომ ზედმეტ კილოგრამებს ეფექტურად გამოუცხადოს ბრძოლა. მოდით, სათითაოდ განვიხილოთ თითოეული ნიშანი და დიაგნოზიც ინდივიდუალურად დავსვათ.

ვერძებს – დიეტის დაცვა, როგორც წესი, იშვიათად სჭირდებათ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ქალი ვერძების დიდი ნაწილი აქტიურ, დინამიურ ცხოვრებას ეწევა, სადაც ჭამისთვის დრო ცოტა რჩება. თუმცა, თუ მაინც შეაწუხა ვერძი ზედმეტმა რამდენიმე კილოგრამმა, თავის ხელში აყვანა და ფორმაში ჩადგომა არასოდეს უჭირს. ბევრი მათგანი გასახდომად ფიტნესს ან ცეკვებსაც მიმართავს, ასე ვერძისთვის წონის კლების პროცესი სასიამოვნოც კია.

კუროებს – საკმაოდ ხშირად აწუხებთ წონის საკითხი. თუმცა, ქალი კურო აგებულებით ძვალწვრილი და სიფრიფანა საერთოდაც იშვიათადაა, ამიტომ ზედმეტი ერთი-ორი კილოგრამი ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალებს პირიქით ალამაზებს კიდეც, იმიტომ რომ სისავსე ეს მათი სავიზიტო ბარათი და იმიჯია. თუმცა, როცა საქმე დიეტის დაცვაზე მიდგება, საკმაოდ უჭირს კურო ქალს კვების რაციონის შემცირება ისევ და ისევ იმის გამო, რომ ბუნებით გურმანი და სმუსნიაა.

ტყუპი – ქალი ტყუპი, ისევე როგორც ვერძები, ცხოვრების დინამიური და აქტიური წესის გამო ზედმეტი წონის პრობლემებით იშვიათად იტანჯებიან. თუმცა, სასუსნავებისკენ მიდრეკილება და ჩვევა, მთელი დღის მანძილზე პირი გამუდმებით აცმაცუნოს (ჭამოს ორცხობილა, თხილეული, მზესუმზირა) ხშირად ხდება ქალი ტყუპისთვის ზედმეტი კილოგრამების აკრეფის მიზეზი. მაგრამ ტყუპი ბუნებით ოპტიმისტი ნიშანია, ამიტომ წონის მატებას იგი იშვიათად აღიქვამს ტრაგედიად და ოდნავ მომრგვალებული ფორმებითაც ისეთივე ოსტატობით ეპრანჭება მამაკაცებს, როგორც სიგამხდრის პერიოდში.

კირჩხიბი – აი, თუ ვინმე საშვილიშვილო ტრაგედიად და ქვეყნის დაქცევად მიიაჩნევს წონის მატებასა და ზოგადად, გარეგნობაში უმნიშვნელო ცვლილებასაც კი ეს ქალი კირჩხიბია. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბდებული ქალები უზომოდ თვითკრიტიკულები, წყენიები და ბუტიები არიან. მათთვის მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების აზრი მის გარეგნობასთან დაკავშირებით, ამიტომ თუ რომელიმე მათგანმა ხუმრობით მაინც გაამხვილა ყურადღება კირჩხიბის ოდნავ მომრგვალებულ თეძოებზე, კიბო ჩათვლის, რომ მსუქან ბეჰემოტს დაემსგავსა, რასაც მისი მხრიდან მრავალსაათიანი ცრემლის ღვრა და მშრალი შიმშილობა შეიძლება მოჰყვეს. არც ერთ ქალზე არ მოქმედებს გარშემო მყოფთა აზრი ისე, როგორც კირჩხიბზე, ამიტომ სასურველია, ახლობლებმა ქალი კიბო მუდამ ”პოზიტივზე დააპროგრამონ” და თუ თქვენ ეტყვით მას, რომ იგი გახდა, დიეტის გარეშეც დადნება ბედნიერებისგან.

ლომი – ქალი ლომი ფუფუნების, მდიდრული ცხოვრებისა და იშვიათი დელიკატესების მოყვარული ინდივიდია. ამიტომ წონაში მატების პრობლემა ძუ ლომებისთვის არაერთგზის დგება დღის წესრიგში. თუმცა, ლომ ქალს იმდენად უყვარს საკუთარი სხეული და იმდენად ზრუნავს საზოგადოებაში იმიჯის შექმნის საკითხზე, რომ ყოველთვის მზადაა ზედმეტ წონას სასტიკი ბრძოლა გამოუცხადოს. მაგრამ იგი ამ მხრივაც ”ძვირად ღირებულ” მეთოდებს არჩევს იქნება ეს სპა, გასახდომი პროცედურები, ანტიცელულიტური მასაჟი თუ სპეციალურად დიეტოლოგთან ერთად შერჩეული კვების რეჟიმი.

ქალწული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ნიშნის ქალი დაბადებინვე ”დიეტაზე მყოფი” იბადება. რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ ქალწულს გააჩნია მხოლოდ მისთვის გასაგები, მისაღები და მორგებული კვების რეჟიმი. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნის ქალები იშვიათად უჩივიან წონის პრობლემას, გამომდინარე იქედან, რომ მათ ყოველთვის იციან რას, როდის და როგორ მომზადებულს მიირთმევენ.

სასწორი – სასწორი ქალების უმეტესობა, როგორც წესი, არცთუ თხელი ძვლოვანი სისტემით გამოირჩევა. ამიტომ ქალი სასწორის შესახებ დეფინიცია ”გამხდარი” როგორც ასეთი არ ითქმის. თუმცა, ვენერით მართულ მანდილოსნებს, რა ნიშნულსაც არ უნდა აღწევდეს მისი სხეულის მასის მაჩვენებელი ყოველთვის გააჩნიათ გასაოცარი შარმი და ქალური მომხიბვლელობა. გამომდინარე იქედან, რომ სასწორის ძირითადი სისუტე ტკბილეულია, ყველაზე ხშირად წონის პრობლემა ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებში ზუსტად ამ პროდუქტის ზომაზე მეტ მოხმარებას უკავშირდება.

მორიელი – ქალი მორიელების უმეტესობა გასაოცარი ნებისყოფითა და მოთმინების უნარით გამოირჩევა. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალისთვის, თუ მას საკმარისი მოტივაცია და მიზანი გააჩნია, არაფერია შეუძლებელი, მათ შორის არც სუპერმოდელის აღნაგობა და გარეგნობა. თუმცა, ნურც ის დაგვავიწყება, რომ მორიელი უკიდურესობების ნიშანია; შესაბამისად, ფორმა (სახე) დაკარგულიც თავისუფლად შეიძლება ნახოთ იგი, თუ თავად მისცემს ბრაზს, წყენას და შურისძიების გრძნობას უფლებას, რომ ორგანიზმი დაუნგრიოს. ამიტომ წონის საკითხი მორიელისთვის თითქმის ყოველთვის ემოციებზე და მათი მართვის უნარზე გადის.

მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსნების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ამ ნიშნის მამაკაცი წარმომადგებლები გურმანული თვისებებითა და გემრიელად ჭამა-სმის სიყვარულით გამოირჩევიან. ამიტომ წონის პრობლემა ხშირია ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებში. თუმცა, თვისება გამუდმებით იყოს მოძრაობაში და უშრეტი ოპტიმიზმი, ყოველთვის ეხმარება მშვილდოსანს იმაში, რომ მან არასასურველი კილოგრამები მარტივად დააგდოს.
თხის რქა – თხის რქები ამაყი, ძლიერი და ნებისყოფიანი ქალების რიცხვს განეკუთვნებიან. უსაზღვრო პრინციპულობა და ამტანობა აი, თხის რქა ქალის სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, ზედმეტი წონის საკითხი, როგორც წესი, ქალი თხის რქისთვის არ არსებობს და არც იარსებებს, სანამ მას საკუთარი ნებისყოფისა და სიჯიუტის იმედი აქვს. როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, ყოველთვის ზრუნავენ გარეგნობაზე, ამასთან ერთად, მათ გააჩნიათ უნიკალური ”პლანეტარული ბონუსი”, რომელიც მმართველი სატურნისგან ერგოთ – ისინი წლების მატებასთან ერთად იხვეწებიან და ლამაზდებიან.

მერწყული – მერწყული ქალები ძირითადად, ორგვარი ტიპის არიან ან ძალიან გამხდრები, ან საყვარლად ჩაფუმფულებული. თუმცა, როგორ ტიპსაც არ უნდა განეკუთვნებოდეს მერწყული და რამდენი კილოგრამიც არ უნდა გააჩნდეს ზედმეტი, მას აქვს გასაოცარი მომხიბვლელობა, კომუნიკაბელურობა და უშუალობა, რის ხარჯზეც მამაკაცები მერწყულს, გაცილებით უფრო ლამაზ ქალბატონებს ამჯობინებენ. თუმცა, წონის პრობლემაზე თუ ვისაუბრებთ, ამის მიზეზი ძირითადად, მერწყულისთვის დამახასიათებელი სიძულვილია ყოველგვარი ფიზიკური დატვირთვის მიმართ.

თევზები – თევზი ქალების უმთავრესი თვისება, ზოგადად სუსტი სქესის წარმომადგენლების სავიზიტო ბარათი – ნებისყოფის სისუსტეა. თუმცა, მმართველი პლანეტა ნეპტუნის წყალობით ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები ყოველთვის მაცდუნებლად მომხიბვლელები, ქალურები და დახვეწილები არიან, განურჩევლად იმისა, როგორია მათი სხეულის გარშემოწერილობა. დიეტას თევზები იშვიათად იცავენ ბოლომდე, თუმცა ემოციური კრიზისები, რომელიც მათ უმრავლესობას ახასიათებს, ხშირად დიეტაზე უფრო ეფექტური საშუალება ხდება მათთვის წონის დასაკორექტირებლად.

კომენტარები

სხვა სიახლეები