დიდოსტატი მერი არაბიძე: „ერთადერთი გამოსავალი – ვაქცინაციაა“

 

საქართველოს მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრების წევრი, დიდოსტატი მერი არაბიძე ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, პანდემიის მალე დასასრულებლად და ვაქცინაციის პროცესში საზოგადოების მეტი ჩართულობისთვის, საინფორმაციო კამპანიების წარმოება აუცილებელია, რაც მოსახლეობას ვაქცინების უსაფრთხოებაში დაარწმუნებს.

„პანდემია რომ დაიწყო, მაშინვე ველოდებოდი ვაქცინაციას. როგორც კი საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვიდა, მთელი ოჯახი ავიცერით და შეიძლება ფსიქოლოგიური ფაქტორიც არის, მაგრამ ნამდვილად გაცილებით დაცულად ვგრძნობ თავს. არა მარტო ვგრძნობ, არამედ, რამდენჯერმე კონტაქტიც მქონია და არ დავინფიცირებულვარ.
სამწუხაროდ, ძალიან მოიმატა „ანტივაქსერთა“ რაოდენობამ, ბოლო დროს – განსაკუთრებით. ვფიქრობ, რაც უფრო ვზღუდავთ და ვაძალებთ მათ აცრას, მით უფრო ჯიუტდებიან, ასე გამოდის, ყოველ შემთხვევაში. ვაქცინაციაზე, ასევე, დიდი გავლენა მოახდინა იმანაც, ექიმები რომ გამოვიდნენ და თქვეს, ვინც გადაიტანა კორონავირუსი, იმათ აცრა არ სჭირდებათო.
ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ვაქცინაციაა. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე კარგი მიდგომაა – საზოგადოების მეტად ინფორმირება. კითხვებზე, როგორიც არ უნდა იყოს ისინი, ამომწურავი პასუხების გაცემა.
ტელევიზიებშიც და ქუჩებშიც ადრე ხშირად მხვდებოდა რეკლამები, აცრისკენ მოწოდებები, ახლა თითქოს იმდენად აღარ არის და ნამდვილად მივესალმები კამპანიას – „ავიცრათ ერთმანეთისთვის“.
მეტი ცნობადობა უნდა იყოს, მეტი საუბარი ვაქცინაციაზე. სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც მანამდე არ იცრებოდნენ, სანამ მათი ახლობელი, ნათესავი, ნაცნობი არ ემსხვერპლა ამ ვირუსს. შემდეგ უკვე შეშინებულებმა გაიკეთეს აცრები. მაგრამ ამასობაში რამდენი ადამიანი გვეღუპება. გარდაცვლილების, ინფიცირებულების ყოველდღიურ სტატისტიკას რომ ვკითხულობ, ძალიან დამთრგუნველია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიკეთონ ვაქცინა, რომ შემცირდეს ლეტალური შემთხვევების რაოდენობა”, – განაცხადა მერი არაბიძემ.

კომენტარები

სხვა სიახლეები