ზაზა ფაჩუალიას საკალათბურთო აკადემიის მწვრთელმა ბექა ჭყოიძემ, რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი კომპანიის გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო. მისი ბილეთი იღბლიანი აღმოჩნდა, თუმცა მას არ გაუმართლა… მობილურზე ზარი ბავშვების ვარჯიშის დროს გაისმა, არ უპასუხა და მისი მანქანაც სხვას გადაეცა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავადვე წერს:
„ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, მუშაობის პროცესი მსიამოვნებს და ვინმე რომ შემეკითხება, ამაყად ვპასუხობ – ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ვმუშაობ, მწვრთნელი ვარ! – ჰოდა, დაინტერესებული პირებიც კეთილი შურით შენიშნავენ ხოლმე, “მალადეც” შენო. მართლაც ასეთი საამაყო და სანატრელი სამსახურია. ბავშვებთან ვმუშაობ – რთულია, იმიტომ, რომ ძნელია ბავშვებს რამე გამოაპარო, მათი სიყვარული მოიპოვო, სპორტი შეაყვარო და კარგ ადამიანად ჩამოყალიბებაში დაეხმარო.
გულწრფელი უნდა იყო და მართლა უნდა გიყვარდეს ეს საქმე, სხვანაირად მათ პატივისცემას ვერ დაიმსახურებ – თუ ყალბი იქნები, ვერასდროს დაიმსახურებ მათგან ისეთ სიტყვებს და ჩახუტებებს, როგორიც მათი პატარა გულებიდან მოდის. ჰოდა, მეც ვცდილობ. სავარჯიშო პროცესში მთელ გულს და სულს ვდებ – ყველა პრობლემას, დაღლილობასა თუ ტკივილს, გასახდელში ვტოვებ და დარბაზში ენერგიით სავსე შევდივარ.
ექვსი გუნდი მყავს, როგორ შეიძლება გამოყოფა, თუმცა, მათგან ერთ-ერთი ჩემი ფავორიტია – ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს ცხრის თხუთმეტ წუთზე აქვთ ვარჯიში და მიუხედავად იმისა, რომ ამ ვარჯიშამდე უკვე 3 მსგავსი მაქვს ჩატარებული, დაწყებას მოუთმენლად ველი. ის ბავშვები განსაკუთრებით მიყვარს. ჩვენთან აკადემიაში ასეთი წესია, ვარჯიშის მიმდინარეობისას ტელეფონზე საუბარი არ შეიძლება, მეც ვემორჩილები, წესების კაცი ვარ, ბავშვებსაც მაგალითს ვაძლევ, სხვაგვარად დისციპლინას ვერ ისწავლიან, ამ უკანასკნელის გარეშე კი, წარმატება გამორიცხულია. დღესაც მოუთმენელმა ლოდინმა ჩაიარა და ნანატრ ვარჯიშზე ავედი, 21:23-ზე ტელეფონმა დამირეკა, სამჯერ, არ ვუპასუხე.
განა რა უნდა იყოს ისეთი სასწრაფო, ათი წუთი მოცდა რომ ვერ შეძლონ მეთქი და ათ წუთში, ვარჯიშის დამთავრების შემდეგ, გასახდელიდან დავურეკე გამოტოვებულ ზარს. იქიდან კი ავტომოპასუხემ მიპასუხა: თქვენ დაუკავშირდით კომპანია… მე მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი ბავშვები. ბეთლაივი კი, ყოველ დღე მანქანებს ათამაშებს…“,- წერს იმედგაცრუებული მწვრთნელი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ყოველთვის პირნათლად ასრულებს და ვარჯიშის დროს საკუთარ ცხოვრებას სავარჯიშო დარბაზს მიღმა ტოვებს.
ამბობს, რომ უყვარს თავისი სამსახური, მაგრამ მან არ იცოდა, სამსახურს როგორ სჭირდება და აფასებს ერთგულებას. არ იცოდა მანამ, სანამ მობილურის ხმამ არ გააღვიძა და მის მიღმა თავისი სამსახურის პირველი ორი სიტყვის ხმა არ გაისმა… ზაზა ფაჩულია, ამერიკის საკალათბურთო ლიგის ერთ-ერთი ვარსკვლავი ჩვენს თაიმლაინებზე, როგორც ჩანს, მხოლოდ NBAVOTE ZAZA PACHULIA-ს არ კითხულობს. იგი თავისი ლიგის მწვრთნელის პოსტს გამოეხმაურა და ერთგულების ნიშნად სიურპრიზის გაკეთება გადაწყვიტა.
ბექამ ტელეფონს ამჯერად უპასუხა, თუმცა რომ არ ეპასუხა, ფაჩულია ხომ ის კომპანია არაა… ბექას გახარებისთვის უბრალო ზარიც კი საკმარისი იქნებოდა, მაგრამ კაპიტანმა ახალი წლის მილოცვა უფრო შთამბეჭდავი გახადა და თანამშრომელს ყოველთვიურად სოლიდური ფულადი პრიზი დაუნიშნა, რითაც წაგებული მოგება გაუორმაგა.
ემოციურად დატვირთული სპორტსმენი სოციალურ ქსელში ამის შესახებ ემოციურ პოსტს წერს და შეგვახსენებს, რომ ოცნებები სრულდება:
„როგორც ახალფეხადგმული ბავშვი დასდევს ეზოში წიწილებს დასაჭერად, ისე დავსდევ ახლა სიტყვებს, როგორმე წინადადებები რომ გამოვიყვანო და გადმოვცე ის გრძნობები და ემოციები, რითაც ახლა ვარ სავსე – ერთ წიწილას მივასწარი, თუმცა მხოლოდ ბუმბულები შემრჩა ხელში… არ ვიცი, ვერ ვმოძრაობ, ვერ ვაზროვნებ, ვერ ვფიქრობ, ვერ ვმეტყველებ, უბრალოდ ვზივარ და მიხარია, თავიდან ფეხებამდე მიხარია, სულით ხორცამდე, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე მიხარია. გუშინ და გუშინწინ მეგონა, რომ დაბადების დღე მქონდა… ამდენი ადამიანის გვერდზე დგომას, თანაგრძნობას, სიხარულის გაზიარებას რომ ხედავ, ამდენ სიყვარულს… არ ვიცი, ძნელია, რთულია ბედნიერი არ იყო. შემიძლია, ნამდვილად შემიძლია დავყვე და სათითაოდ ყველას მადლობა გადაგიხადოთ, მაგრამ ხომ გითხარით, ვერ ვმოძრაობ. ნაცნობ-უცნობებო, ყველას ბოდიშს გიხდით, რომ მადლობა არ არის ის საკმარისი სიტყვა, რომელიც ამ თქვენი გვერდით დგომისა და გაზიარების საპირწონედ დადგება, და ბოდიშს გიხდით, რომ არც ბოდიში არაა საკმარისი. თითოეულმა თქვენგანმა, ვინც მიცნობთ, იცით, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩემი დახმარების იმედი გქონდეთ, ვინც არ მიცნობთ, ახლა იცოდეთ.
ეს წინასიტყვაობა, ახლა კი დღევანდელ დილას მოგიყვებით. ვარჯიშზე არ ვიყავი. მეძინა, ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, ტელეფონს უპასუხოდ არ ვტოვებ. უცხო ნომერი იყო, არაქართული… მაინც ქართულად ვუპასუხე, იქიდან კი ჩემდა გასაოცრად ქართულადვე მიპასუხეს – ერთი ვიდეოა, გეცოდინებათ, “ნასინგ იზიი”, ჰოდა მაგ ხმას ჰგავდა ძალიან, უფრო რომ დავაზუსტოთ, ზუსტად ეგ ხმა იყო. ვინც მიცნობს, ეცოდინება ჩემი დამოკიდებულება, ალბათ შეუწუხებია კიდეც ჩემ გაუთავებელ სტატუსებსა თუ მათთვის არასაინტერესო ოკეანისმიღმეთის ლიგის ინფორმაციებს, იციან, რომ იქ ერთ ქართველს განსაკუთრებით ვგულშემატკივრობ. იმ ერთ ქართველს იმ ოკეანის მიღმეთში განსაკუთრებული, ყველაზე დიდი წარმატებისთვის მიუღწევია და უკვე ჩემპიონის ტიტულით და ბეჭდით იბრძვის, მე კი რა დამრჩენია, ისევ ღამეებს ვათენებ, რომ თამაში არ გამომრჩეს. ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, ჩემი სამსახურის სახელი ხომ გახსოვთ? ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია – ჰოდა, პირველი ორი სიტყვა მირეკავს. არ ვიცი, არ მახსოვს ოთხი წუთი და 52 წამი რაზე ვისაუბრეთ, არ მახსოვს, ვუსმენდი და ვფიქრობდი: “ღმერთო ჩემო, ზაზა ფაჩულია მირეკავს, ენბიეის ჩემპიონი მირეკავს, ნაკრების კაპიტანი მირეკავს, ჩემი უფროსი მირეკავს, ზაზა მირეკავს, აი, ჰეშთეგებს რომ ვწერდი, ის მირეკავს, შეტევაში მოხსნების რეკორდსმენი მირეკავს, გოლდენ სტეიტის სასტარტო ხუთეულის წევრი მირეკავს, ის ზაზა ფაჩულია მირეკავს, ვის თამაშებსაც სიმწრით ნაპოვნი სტრიმებით ვუყურებ, აქ და ახლა მირეკავს” – ახლაც ცუდად ვარ, ვკანკალებ და ვერ ვხდები, რომ მეპასუხა ის ჯობდა? არა, არ ჯობდა… ღმერთო ჩემო, ვერ ვაზროვნებ… იცით რა მოხდა? მოხდა ის, რომ ის საჩუქარი იმ დიდმა კაცმა, პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით, ადგა და გააორმაგა, ერთი იმდენს ჩვენი აკადემიის სახელით გიმატებთო. – რაზე გავჩერდი? ისევ ამერია სიტყვები… ვეღარ ვფიქრობ. ბედნიერებას სუნი ჰქონია, იცოდით? გემოც… ყველამ იგრძენით და გასინჯეთ რაც შეიძლება ბევრჯერ, არაფერი შეედრება.
განაგრძეთ კითხვა:https://www.reitingi.ge