მსახიობ ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალები გაჩნდა. „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა ინფორმაცია, რომ დაკითხულია პირი, რომელიც იმ ღამით მსახიობთან ერთად იმყოფებოდა. ჯერ-ჯერობით გამოძიება პირის ვინაობას და დაკითხვის დეტალებს არ ასაჯაროვებს. მეგობრები ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
გადრაცვალებიდან რამდენიმე თვის წინ ზუზუმ ცოლი მოიყვანა. მისი მეუღლე თამარ ორაგველიძე გახლავთ. ზუზუ ჩვენთან საუბრისას მათი გაცნობის ისტორიას ხალისით ყვებოდა. სწორედ მსახიობისგან გავიგეთ ისიც, რომ თამარი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა და წყვილი იშვიათად ახერხებდა ერთმანეთის ნახვას.
თამარ ორაგველიძე დღეს „პრაიმტაიმის“ სტუმარია.
– ჩვენ წინა დღესაც ვილაპარაკეთ, ჩამოსვლაზე ვისაუბრეთ, სამომავლო გეგმებზე. ეჭვი არაფერში შემიტანია… ყველა მის მეგობარს ვიცნობ, ვისაც პირადად არა, გადმოცემით მაინც ვიცი. დოლიძის ქუჩაზე, ვისთან უნდა ყოფილიყო, წარმოდგენა არ მაქვს. არც კი უხსენებია ეს ქუჩა ჩემთან არასდროს.
– როგორ გაიგეთ ეს ამბავი?
– მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაკავებული ვიყავი. ზუზუს რომ ველაპარაკე იმ საღამოს რატომღაც ინტერნეტი გავთიშე. როგორც წესი, არ ვთიშავ ხოლმე. დილით რომ ჩავრთე, ელდა მეცა.
– წინა დღით არაფერზე უწუწუნია?
– ზოგადად დეპრესიული იყო ზუზუ, მაგრამ იმ დღეს ვერ შევამჩნიე, რომ ცუდ ხასიათზე იყო. ვერასდროს ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, რომ მის გვერდით არ ვიყავი იმ დოზით, როგორიც მას სჭირდებოდა. უცებ სამსახურიც ვერ მივატოვე. ნელ-ნელა ეტაპობრივად ამას ვგეგმავდი, ჩამოსვლასაც ვაპირებდი, მაგრამ ასე სწრაფად ვერ გადავდგი ეს ნაბიჯი.
– ყველაზე მეტად რას განიცდიდა?
– პაუზას შემოქმედებაში. ამას ყველაზე მეტად დარდობდა.
– ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა?
– ითქვა, თითქოს გული აწუხებდა. ჩემთან ამ თემაზე არასდროს ულაპარაკია, გული არც უხსენებია. ცუდადაც არასდროს გამხდარა.
– გამოძიება დაგიკავშირდათ?
– არა, არავინ შემხმიანებია.
– ჩვენი ინფორმაციით ზუზუ იმ ღამეს მარტო არ იყო.
– ეს ინფორმაცია მეც მაქვს, მაგრამ ამ ადამიანის ვინაობა არ ვიცი. ფიზიკურადაც არ ვიცი რომ აღგიწეროთ როგორია.
– ექსპერტიზის პასუხი როდის იქნება?
– 45 დღეში, ასე მითხრეს მე.