დემნა გვასალია ღორის გრიპს „გადაურჩა“ – დიზაინერის ახალი შოკისმომგვრელი ჩვენება

დემნა გვასალიამ კვლავ შოკის მომგვრელი და მრავლისმეტყველი კოლექცია წარუდგინა საზოგადოებას. Paris Fashion Week-ის მიმდინარეობისას წარდგენილი Vetements-ის 2019 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექცია სავსეა ანარქისტული, რევოლუციური და მეამბოხეთა სულისკვეთებით, რომელიც ასე მძაფრად ახლავს თან გვასალიას სამიზნე აუდიტორიის ასაკს.
გვასალიას წარმოდგენილ კვლავ ირონიულ-ქაოტურ „ლუქებს“ შორის ქურთუკები, „ჰუდები“ და მაისურები სხვადასხვა აქტუალური პრინტით და თავსაბურავები ჭარბობს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ამ კუთხით „ჰუდი“ წარწერით – „მე გადავურჩი ღორის გრიპს და ვეგანი გავხდი“.
როგორც გვასალია ამბობს, მისი კოლექციის ინსპირაცია, ინტერნეტის დაფარული მხარეები, „დარქნეტი“ და ის სიღრმეებია, რომელიც ზედაპირზე ხშირად არ ჩანს, სადაც ხშირად მოზარდებს შეუძლიათ იარაღის, ნარკოტიკის და სხვა აკრძალული ნივთების „ბიტკოინებით“ შეძენა.
შოუ პარიზში, საბუნებისმეტყველო ისტორიის ეროვნულ მუზეუმში გაიმართა – პოდიუმს ცხოველების გიგანტური ფიტულები ამშვენებდა, მოდელებს ფონს ჟირაფები, ზებრები და სხვა ცხოველები უქმნიდნენ.
როგორც „ვოგი“ წერს, გვასალიამ ამ შოუთი გარკვეული რისკი გასწია, რადგან მისი „მრისხანე“ თავსაბურავები „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის ერთგვარი რეპლიკაა. თუმცა, ფაქტია, ქართველი დიზაინერი კვლავ აკეთებს იმას, რაც საზოგადოებას ალაპარაკებს, რაც წარმოადგენს მოდას, როგორც არა განდგომილ სუბკულტურას, არამედ როგორც ადამიანების ყოფის განუყოფელ ნაწილს.

კომენტარები

სხვა სიახლეები