დედის ემოციური წერილი შვილს – „გეხები და ვხვდები, რომ მართლა არსებობ“

ჟურნალისტი მაიკო სიხარულიძე სოციალურ ქსელში შვილთან დაკავშირებით ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„სადაც სიყვარულია იქ არის ღმერთიო, ასე ვამხნევებდით ერთმანეთს მე და შენი მამა, როდესაც ადამიანური სისუსტეები შემოგვიტევდა და მადლობა იმ ღმერთს, რომ გადაწყვიტა და არსებობ შენ, თანაც მხოლოდ ჩემი და ჩემთვის!
შენ ის ბიჭი ხარ, ყველა მიღებული ნორმა, ბიოლოგიური კანონზომიერების ჩათვლით, რომ გაჩენამდე ფეხქვეშ გათელა. ჩემპიონი? არა! შენ ყველაზე გაბედული და ძლიერი ბიჭი ხარ მთელს სამყაროში, იმდენად ძლიერი, რომ შენმა პატარა სხეულმა ვერ დაიტია ამდენი ძალა და მე გამინაწილა, თანაც ისე ჭარბად, რომ დღეს შენ არსებობ და თან არსებობ მხოლოდ ჩემი და ჩემთვის!
შენ უდიდესი სიყვარული ხარ (!),ზღაპრული სიყვარულითვე მოვლენილი და ამ ყველაფერზე უფრო მაღლა მდგომი სიყვარულით აგრძელებ, ჩემთვის!
რამდენი რამ გავიარეთ ერთად ამ ერთ წელსა და იმ ცხრა თვეში სანამ ერთ სხეულად ვცხოვრობდით… სიყვარულითა და სიგიჟეებით სავსე ემოციების ზღვა, ბევრი საოცარი მოგონება და აი, შენც… ეს ყველაფერი საბედნიეროდ, დაილექა შენში… დაილექა იმედგაცრუებასთან, შოკისმომგვრელ ტკივილთან და 30 ვერცხლად გაყიდვის მძიმე გამოცდილებასთან ერთად… ჩვენ ერთად დავამარცხეთ შიში, სიხარულის და ბედნიერების უთვალავი სხივით, რომელსაც შენ ყოველი გაღიმებისას აფრქვევ ამ სამყაროში მოსვლის წამიდან ჩემთვის… გაჩნდი ღირსეული და თითქმის დაუჯერებლად კარგი (უკვე) პიროვნება, მხოლოდ ჩემთვის!
შენ ვალდებულებებისგან თავისუფალი სამყარო ხარ, ამ თავბრუდამხვევი, სხვებისთვის და სხვების მიერ, შედგენილი დღის წესრიგისგან შორს, სოფელში პატარა სახლი, თავისუფალი მიწით… ვისთვისაც ღირდა ბრძოლა(!),ბრძოლა სამყაროსთან და ბრძოლა საკუთარ თავთანაც შენთვის და ჩემთვის!
ზოგჯერ არ მჯერა რომ რეალური ხარ… გეხები და ვხვდები, რომ მართლა არსებობ და მადლიერებით ვივსები ღმერთისა და ადამიანების მიმართ, რომ შენ დღეს მყავხარ მე, მყავხარ ჯანმრთელი და გასაოგნებლად ზრდასრული დაბადებისთანავე, ჩემთვის!
ბიჭი რთული გასაზრდელიაო, ეს მითი დაანგრიე…
ბიჭს ღირსეულობის მაგალითად მამა სჭირდებაო, ამ მითსაც თელავ ფეხქვეშ ყოველდღე!
ბიჭი ბიჭია და მზად იყავი “იმედგაცრუებისთვისო” – დანამდვილებით ვიცი, ამ მითსაც დაამსხვრევ ჩემთვის!
შენი დედიკოსაგან ამოგლეჯილო ხორცო, როგორ ვამაყობ, რომ შეგქმენი შენ, რომ ვზრუნავ შენზე, რომ დაგიცავ ნებისმიერ ფასად ჩემს ბოლო ამოსუნთქვამდე, რომ უფლის ნებით, გაგზრდი პასუხისმგებლიან, უშიშარ და ნამდვილ მამაკაცად, შენთვის და ჩემთვის გიორგი
შენ ჩემი ნამდვილი შობა ხარ !
ჩემი 1 წლის შობის ვარსკვლავი !
ჩემი წილი ქრისტეს შობა ხარ – შენ ჩემთვის !
აი, ჩემს თავს კი თუ რაიმეს მართლა ვულოცავ, ეს 1 წლის უკან მომხდარი ხილულული სასწაული, შენი მოვლენა და ასეთად გაზრდაა, როგორიც ხარ…
უფალი, ღვთისმშობელი, წმიდა გიორგი და სასწაულმოქმედი ნიკოლოზი გფრავდეს ჩემო ბედნიერება“,- წერს მაიკო სიხარულიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები