“დეგენერატ, ესლი გავნო, პიში გოძიაშვილი” – რატომ ეცოდება ქალები ზურა ყიფშიძეს?!

ყოველთვის საინტერესო და სახალისოა ზურაბ ყიფშიძესთან საუბარი, მაგრამ საახალწლო ინტერვიუ ნამეტნავად სახალისო გამოგვივიდა.

მას კინომსახიობთა­ თეატრში შევხვდით. გვითხრა, – ახალი წელი არ მიყვარსო, მაგრამ საუბარში გაირკვა, რომ ამას გასული ახალი წლების ნოსტალგია უფრო ალაპარაკებდა.

– ეს ამბავი მრავალი ახალი წლის წინ მოხდა. თავისუფლების მოედანზე ხვდებოდნენ ახალ წელს და მეც მიმიწვიეს. ისე დაემთხვა, რომ მე და ქალაქის მერს ერთად გაგვესაუბრა ჟურნალისტი. მე ვთქვი, მძულს ეს დღესასწაული-მეთქი. მერი ამ დროს არ მჩქმეტდა, მაგრამ ამის სურვილი რომ გასჩენოდა, არ გამიკვირდებოდა. რომ ვეღარ გამაჩერა, სიტყვა ჩამომართვა: მე მიყვარს ახალი წელიო. ისეთი გადასვლა იყო, ღირდა საყურებლად, იხალისებდით. მას შემდეგ მსგავს ღონისძიებებზე აღარ მიწვევენ.

– ახალი წელი რატომ არ გიყვართ?
– ვერ ვიტან, ფაცი-ფუცი რომ იწყება,­ ხალხი ქათმებსა და გოჭებს ყიდულო­ბს, მეორე დღეს კი კვერცხის ფული აღარ აქვთ.
– მეკვლედ ვინ მოდიოდა თქვენთან?
– ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, თემიკო ჩირგაძე. დღესასწაულს ოჯახში შევხვდებოდით და მერე მივდი-მოვდიოდით ერთმანეთთან სტუმრად. სულ რომ გაბრაზებულები ყოფილიყვნენ შენზე, ერთ შამპანურს, ყვავილებს უყიდდი, დედა იქნებოდა თუ ცოლი და ნაპატიები იყავი.
არა, განა არ მიყვარს ახალი წელი, მაგრამ ბზრიალ-ტრიალს ვერ ვიტან. ქალები მეცოდებიან. შეიძლება ვაჭარბებ, მაგრამ სიგიჟეა, ახალ წელს განუმეორებლად შეხვდე­, რომ მერე ყველაფერი კარგად იქნება…
რამაზ ჩხიკვაძე მეზობლად ცხოვრობდა და არაერთი ახალი წელი გაგვიტარებია ერთად. თემიკო ჩირგაძის თამადობა ერთი დიდი წარმოდგენა იყო. ასეთ დროს ისვენებდა ყველა. სულ ახალგაზრდა ექიმი იყო, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორად რომ დანიშნეს. ისე უყვარდა თეატრი, წარმოდგენას არ ტოვებდა. განსაკუთრებით გიჟდებოდა სესილია თაყაიშვილზე. მაშინ ინსტიტუტში თუ სკოლაში ყველას გვაბარებინებდნენ გამოსაკვლევად შარდს და განავალს ასანთის კოლოფებით. ვაბარებდით და მიჰქონდათ სადღაც… ერთ დღეს სესილიას მიაქვს პარაზიტოლოგიის ინსტიტუტში ეს “გამოსაცდელი პრეპარატი”. თემო ჩირგაძემ რომ დაინახა, გაგიჟდა,­ სუფრა გაშალა…
ბოლოს, დაემშვიდობნენ ერთმანეთს. მიდის სესილია და თემო ეკითხება: უკაცრავად, ქალბატონო სესილია, რა მივ­აწერო მასალას – თაყაიშვილი თუ გოძიაშვილიო. მოუტრიალდა სესილია და ეუბნება: “დეგენერატ, ესლი გავნო, პიში გოძიაშვილი”.
თემო ამას ისე ჰყვებოდა, სიცილისგან ცუდად გახდებოდით. ჩემი თაობა მაგარი იყო… მათთან ერთად გატარებული ახალი წლები კი – განუმეორებელი.
ახალ წელს ვულოცავ ყველა მკითხველს, ჯანმრთელობას და სიმშვიდეს ვუსურვებ. სადღაც ომია, ვიღაცა ვიღაცას კლავს, აქეთ დოლარმა აიწია და ხალხი დადის გადარეული. მოდით, ყველას ჩვენ-ჩვენი საქმე გვეკეთებინოს და ყოველ ახალ წელს, განვლილ დღეებს რომ გადავხედავთ, გვეთქვას, არ იყო ცუდი წელიო.

წყარო:http://www.kvirispalitra.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები