საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, ჟურნალ ,,სარკესთან” შვილებზე, რეზიკოსა და ბექაზე, მათთან ურთიერთობაზე ყვება. შვილების გვერდით გატარებულ ურთულეს დღეებსაც იხსენებს:
-2008 წლის აგვისტოს ომი რომ იყო, რეზიკო ისე წავიდა, არც ვიცოდი. დათო ტყეშელაშვილმა (იმ პერიოდში საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი, რედ.შენ.) დამირეკა, რეზიკო სად არისო. ვუთხარი, კეკელიძეზე, სახლში-მეთქი. მითხრა, მანქანაში მიზის, გორიდან მომყავსო. დათოს მაინც გაეპარა და ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც ომიდან დაბრუნდა. სხვანაირად ვერ წარმოედგინა.
2011 წლის 26 მაისის აქციაზე ორივე ბიჭი იქ იყო, მეც იქ გახლდით… ბექა მეუფე იაკობმა გამოიყვანა იქიდან და თიკასთან სახლში მიიყვანა. თავზე ჭრილობა, საშინელი სისხლდენა ჰქონდა, ჰემატომა ვითარდებოდა. რომელ საავადმყოფოსთანაც მივიყვანე, ყველგან სპეცრაზმი იდგა. რეზიკოს საერთოდ ვეღარ ვპოულობდი, ტელეფონსაც არ პასუხობდა.
მე ნაცემი ვიყავი, მთელი ზურგი დასიებული მქონდა. დაჭრილ ბექას კი ვერ ვშველოდი, საავადმყოფოში რომ შემეყვანა, იქიდან არავინ გამომატანდა, აიყვანდნენ. ბოლოს სხვა გზა არ მქონდა და ბავშვობის მეგობარს, მაცაცო ანთაძეს დავურეკე, რომელიც ბავშვთა ქირურგია. მაცაცომ დილის 5-ის ნახევარზე ოპერაცია გაუკეთა. თავზე 12 ნაკერი დაადეს. ბექას ფეხზე ახლაც ამოჭმული აქვს პლასტმასის ტყვიით, მაგრამ მაშინ მის ფეხს ვინ დაეძებდა.
ბექა 2007 წლის 7 ნოემბერს მოწამლული იყო. აქციას ფოტოაპარატით იღებდა. ერთ-ერთი ცნობილი ფოტო მისი გადაღებულია. ვიღაც კაცმა დამირეკა, ბექა მოიწამლა, გულწასულიაო. იმ ადამიანმა გადამირჩინა.
ამ ბავშვებს საოცარი განცდა აქვთ. ერთი ლექსი მაქვს დაწერილი, რომელსაც “ჩემს ბიჭს” ჰქვია. ორივე შვილს მივუძღვენი. იქ ასეთი ტაეპია: ,,თუ სიკვდილს არ უფრთხი, შვილო, შენი სამშობლოსთვის მოკვდი”. ორივეს რომ ჰკითხოთ, რის გამო შეგიძლიათ თავი მოიკლაო, არც დაფიქრდებიან, ისე გეტყვიან, სამშობლოსთვისო.
წყარო:http://sarkenews.ge