დატოვა თუ არა დუდუმ ” ჩემი ცოლის დაქალები ”

ალეკო ბეგალიშვილი პოპულარულ სერიალში “ჩემი ცოლის დაქალები” დუდუს როლს თამაშობს, რომლის მიმართაც მაყურებელი დიდ ინტერესს იჩენს. ის უშიშროების თანამშრომელია და მისთვის შეუძლებელი არაფერია. როგორც კი მეგობარი საშველად მოუხმობს, შეუძლებელს აკეთებს, მაგრამ დუდუ ბოლო სერიებიდან რაღაც გაქრა. ცხადია, დავინტერესდით როგორც ამ პერსონაჟის ბედით, ასევე იმ მსახიობის მდგომარეობით, რომელიც ამ როლს ასრულებს და მუსიკის და დრამის თეატრის დასის წევრი ალეკო ბეგალიშვილი ჩვენს ბლიც-სერიაში “მოულოდნელი კითხვები” მოვიწვიეთ.

– სად დაიკარეთ, სერიალში აღარ ჩანს თქვენი პერსონაჟი (დუდუ)…
– დუდუ კარგად არის და ისევ აპირებს, რომ გამოჩნდეს. ახლა რამდენიმე სერიაში ზედიზედ იქნება.

– საქმეებზე იყო წასული?
– ჰო, ეტყობა, სადღაც გაფრინდა…

– ისევ მაკას გვერდით არის?

– კი და მასთან ურთიერთობაში სხვა პერსონაჟებიც შემოდიან, თუმცა ძირითადად, მაინც მაკას მეგობარია.

– ერთგული ადამიანი ხართ?

– რა ვიცი, მეგობრებისა და ახლობლებისთვის არასდროს მიღალატია.

– დუდუ ყოვლისშემძლეა. ალეკოც რომ იყოს ყოვლისშემძლე, რას მოიმოქმედებდა?

– პოლიტიკოსებს ტვინებს შევუნჯღევდი და გულებს გავუთბობდი…

– მათთვის გულების გათბობა ასე ადვილია?
– კი, ცოტა საეჭვო კია… არც ერთი არ მეხატება გულზე და საერთოდ, პოლიტიკისგან და პოლიტიკოსებისგან შორს ვარ, მაგრამ ეს ქვეყანა რაღაც ძალიან გაპოლიტიკურდა. ამაზე ნერვები მეშლება. არადა, ხომ ვამბობ, აპოლიტიკური ვარ. არანაირი პოლიტიკა არ მაღელვებს. უფრო პაცეფიზმისკენ ვარ მიდრეკილი.

– ცხოვრებაში რას გაუმარჯოს?
– თავისუფლებას!

– ბოჰემური ცხოვრება რას უშვრება ადამიანს?

– თუ ძალიან გადაჰყვა, ღუპავს. თუ ზომიერად ისარგებლა, ბოჰემური ცხოვრებით, მაშინ ეს მისთვის ერთგვარი დატვირთვაა.

მაგრამ ჭაობის პონტში არ უნდა ჩაგითრიოს… თუ თავის მართვა შეგიძლია, არა მგონია, ძნელი იყოს…

– ღვინო, დუდუკი, ქალები – ეს ფრაზა ვისი მოგონილია?
– ალბათ დარდიმანდი როჟების და ყარაჩოღელების…

– კარგი თამადა ხართ?
– არა, არ მიყვარს ეგ საქმე. თამადა სიტყვამოსწრებული და მჭერმეტყველი ტიპი უნდა იყოს, მე ნაკლებად ვარ სიტყვამოსწრებული ადამიანი. ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს.

– მაშინ ფიქრი გეყვარებათ.

– ფიქრი, იცოცხლე, მიყვარს, რა თქმა უნდა, ოცნებაც, ეგეც შედის მაგ ამბავში.

– მიცემულ სიტყვას ყოველთვის ასრულებთ?
– არა.

– რატომ?

– ყოფილა ისეთი შემთხვევა, როცა ქეიფის გამო, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გადამიდვია.

– ქეიფი უფრო მნიშვნელოვანია?
– უბრალოდ, ასე მომხდა, მაგრამ ზოგჯერ საქმის გამო ქეიფიც გადამიდვია და არ მივსულვარ. მაგრამ სერიოზული არაფერი “გამიმაზია” და გამიფუჭებია.

– ბევრი ნიღბის მორგება გიწევთ?
– რაღაც-რაღაცები მიწევს ალბათ, მაგრამ ვცდილობ, ამ ნიღბებს გავექცე, როგორ გამომდის, ეგ უკვე აღარ ვიცი. ნიღბები სცენაზე და ეკრანზეც მეყოფა, მაგრამ მაინც გვიწევს რაღაცების თამაში.

– თამაშს თავად როგორ ახსნით?
– რაღაცას იჯერებ და პირველ რიგში, შენს თავს აბოლებ და აქედან გამომდინარე მერე სხვებსაც…

– მაყურებელი აგიტირებიათ?
– გუშინ დავხურეთ სეზონი და ხალხი სპექტაკლის შემდეგ ბღაოდა. გორკის “ფსკერი” ვითამაშეთ. ისეთი ამბავი იყო, სპექტაკლი ისე წავიდა, თითქოს პრემიერა ყოფილიყო. რა გვიქენით ეს, რამდენი ვიტირეთო, – ამბობდნენ. მაგრამ პირადად მე ვატირე, თუ ყველამ ერთად, ეგ არ ვიცი…

– ბილწსიტყვაობა ხშირად გახასიათებთ?

– კი, მეგობრებში, ახლობლებში, მამაჩემიც ეგეთი ტიპი იყო, ძმებსაც გვაქვს ეგ ამბავი, ოღონდ, ეს ყველაფერი უბოროტოდ.

– გრძელი თმა თქვენი პროტესტია. თუ ასეთი სტილი გიყვართ?
– სერიალ “ტიფლისს” რომ ვიღებდით, მითხრეს, წვერი და თმა არ გაიკრიჭოო და შემრჩა. სიმართლე გითხრათ, მაწუხებს. “ტიფლისის” მეორე სეზონი დაიწყო და მგონი, კიდევ უნდა დამიძახონ. მერე სპექტაკლი “რა მოხდა სამხეცეში” გავაკეთეთ და იქაც დასჭირდათ ჩემი ასეთი გარეგნობა. მოკლედ, შემრჩა დროებით. მაგრამ თუ დამჭირდა სხვა პროექტისთვის, გავიკრიჭავ, აბა, რას ვიზამ?

– საერთოდ, სტილი ადამიანისთვის რა არის?
– ალბათ საკუთარი თავის გამოხატვა. მე უფრო ჰიპური სტილი მევასება, მაგრამ ჩემს თავს რომ ვუყურებ, უკვე ასაკში შევდივარ, ღიპი მომეზარდა, შეიძლება აღარც მიხდება, მაგრამ ჰიპობა მევასება და ეგ არის.

– ლექსებს თუ წერთ?

– აღარ ვწერ, ადრე ვწერდი რაღაცებს და ჩემთვის ამით ვკაიფობდი.

– რატომ შეწყვიტეთ, იქნებ გაგრძელება ღირდა?
– არა მგონია…

– რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს ადარებთ საკუთარ თავს?
– ჰეკლბერი ფინი ვარ. ასეთი შინაგანი მდგომარეობა მაქვს…

– გული რაზე გწყდებათ?
– ყოველთვის მინდოდა, ჩემი მუსიკალური ჯგუფი და სტუდია მქონოდა. უკვე ვეგუები იმას, რომ ისეთი პონტია, რომ არ გამოვა.

– რთულია ამის მიღწევა?

– არა, უბრალოდ ფული გჭირდება, სოლიდური თანხა, რომ ისე გააკეთო ყველაფერი, როგორც შენ გინდა. ბევრი ფული ცხოვრებაში თვალით არ მინახავს.

– უფულო კაცი ხართ?
– კი, დამდევენ ვალები, გამირბის ფული…

– ისტუმრებთ?
– ისეთი კატასტროფული ვალიც არ მაქვს. არის ვალი მაღაზიების, ხელფასამდე მასესხე და რაღაც ასეთი, ცოტა ბანკის ვალიც…

– საყვარელი სადღეგრძელო გვითხარით.
– ადრე ვამბობდი, თბილისს გაუმარჯოს-მეთქი. დღეს ამის თქმა მიჭირს, ამ ქალაქში ბევრი რამე დაიკარგა. დრო ალბათ რაღაცას იზამს და თუ ერთმანეთი გვეყვარება, ისევ გამოჩნდება დაკარგული თბილისი. იმედია.

– ფრაზა, რომლითაც დავასრულებთ ჩვენს საუბარს…

– სპექტაკლიდან – “რა მოხდა სამხეცეში” ვიტყვი: “ჩვენ ერთმანეთი არც გვიყვარს და არც გვძულს, მაგრამ დაახლოების და სულში ჩახედვის გვეშინია”…

წყარო: http://www.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები