“დამამშვიდა, არაფერი მომივაო” – ანწუხელიძის მეუღლე უკანასკნელ შეხვედრას იხსენებს

2008 წლის 8 აგვისტოს ტყვედ ჩავარდნილი და წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის ცოლი და შვილი აგვისტოს ომის ავადასახსენებელ დღეებსა და ანწუხელიძესთან ბოლო შეხვედრას იხსენებენ,

მაკა ჩიკვილაძე ამბობს, რომ ეროვნული გმირის მეუღლეობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
“იყო ეროვნული გმირის მეუღლე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, პირველ ყოვლისა, გიორგი მიმართ და შემდეგ – ჩემი ოჯახის.
ეს ისტორია 2008 წლიდან იწყება, როდესაც გიორგი წავიდა ცხინვალში და იქედან აღარ დაბრუნდა.
გაგიკვირდებათ და ბოლოს სულ ამოჩემებული ჰქონდა – ომი მინდა, რომ იყოსო და რა ვიცი, რატომღაც ასე იძახდა ხოლმე – ომი მინდაო, რომ წავიდე ომშიო”,- იხსენებს მაკა ჩიკვილაძე.

ჩიკვილაძე მისი და ანწუხელიძის ბოლო შეხვედრაზეც საუბრობს.

“გიორგიმ 6 აგვისტოს გამაცილა მე გორის რაიონში, სოფელში ძევერაში. უნდა დაგვესვენა მე და ბავშვს და, აი, ძალიან რაღაცნაირად ჩქარობდა. მე თვითონაც ვერ მივხვდი, ჩქარა ჩაგვსვა ტაქსიში და გაგვიშვა სოფელში. კი ვკითხე, რომ განთავისუფლდები ჩამოცვალ-მეთქი? კიო, აბა, რას ვიზამო. აქ რა გამაჩერებს თქვენ გარეშეო და ეს იყო ბოლო საუბარი.

იქ რომ ჩავედით, ღამე ატყდა სროლები, მინები ჩაიმსხვრა. 6 რომ დაღამდა, ფაქტობრივად, მაშინ დაიწყო ომი.

ცოტა ხანში ვაზიანის ნაწილიდან დამირეკეს – გიორგის ვერ უკავშირდებოდნენ და უნდა გამოცხადებულიყო.

დავურეკე – თავს გაუფრთხილდი-მეთქი და დამამშვიდა, არაფერი მომივაო.
მას შემდეგ ყველანაირი კონტაქტი შეწყდა. ერთხელ დავრეკე და სხვა გიორგის დამალაპარაკეს – არ ვიცი, რატომ.

11-ში რომ დაბრუნდა უკან ჯარი, გიორგი არ ჩანდა. ვეძებდი დიდხანს, დაკარგულად მიიჩნეოდა. შემდეგ გამოჩნდა ეს კადრები, რომლებიც გავრცელდა.
ნამდვილად გიორგი იყო თუ არა, დასაწყისი უნდა მენახა კადრები, მაგრამ ვერ შევძელი ბოლომდე ყურება.
არ მაქვს სურვილი, ეს კადრები ვნახო, ჯერჯერობით, ასეა და არ ვიცი, მერე როგორ იქნება.”- იხსენებს მაკა ჩიკვილაძე.

გიორგი ანწუხელიძის შვილი მაშინ 1 წლისაც არ იყო, მეუღლე კი მეორე ბავშვზე იყო ორსულად…

“ლევანი მაშინ 1 წლის ხდებოდა და ანაზე ვიყავი ფეხმძიმედ, დავრჩი სრულიად მარტო. ძალიან რთულია გიორგის გარეშე, 11 წელი გავიდა უკვე. ბავშვები არ იცნობენ, როგორც ადამიანს.

მასთან ერთად არაფრის შიში მქონდა. ძალიან დიდი სიყვარული იცოდა, თბილი და სამართლიანი იყო. ბავში, ფაქტობრივად, მან გაზარდა. გიორგი რომ სახლში იყო, საფენებსაც კი უცვლიდა, მე მხოლოდ ვაჭმევდი. ყვავილების მოტანა ხშირად იცოდა, წითელი ვარდების. ლევანი ძალიან ჰგავს ხასიათებითა და ქცევებით”- ამბობს მაკა ჩიკვილაძე.

ლევან ანწუხელიძეს ეამაყება გმირი მამის შვილობა და ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც მამას გაეხარდებოდა.

“გმირი ნიშნავს ადამიანს, რომელიც გადაარჩენს რაიმეს ან ვინმეს ან სამშობლოს. როდესაც, მაგალითად, სამხედროებთან ერთად ვარ, ვგრძნობ, რომ გიორგის შვილი ვარ და მეამაყება.
მე არ მახსოვს, მაგრამ მეუბნებიან – მამას ჰგავხარო. მასავით ჯიუტი ხარო. მამიკო მასწავლიდა სიყვარულს სამშობლოსადმი, ვაჟკაცობას. ახლა ბანაკში რომ ვიყავი, მას გაეხარდებოდა. როცა კარგად ვიქცევი და ვსწავლობ, ესეც გაუხარდებოდა”, – ამბობს ლევან ანწუხელიძე.

უმცროსი სერჟანტი, გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი, წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, “ძმათა სასაფლაოზე” ცემით მოკლეს. მტრის სატელეფონო ვიდეოჩანაწერში ასახული მისი წამების კადრები 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა. ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა, ვიდრე მისი იდენტიფიცირება ქართული მხარისადმი გადმოცემული სამხედრო მოსამსახურეთა ცხედრების გენეტიკური ექსპერტიზით არ დადგინდა.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი, ასევე, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენითა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით – „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები