თურქეთის სანაპიროზე გამორიყული 3 წლის სირიელი აილან კურდის, მისი მცირეწლოვანი ძმისა და დედის ცხედრები მშობლიურ ქალაქ კობანიში გადაასვენეს. მომხდარზე განცხადება დღეს ოჯახის ერთადერთმა გადარჩენილმა წევრმა, მცირეწლოვანი ბავშვების მამამ გააკეთა და აღნიშნა, რომ სურს მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს.
“ის უბედურება, რომელიც ჩვენს თავს მოხდა, სხვაგან, სხვა ქვეყანაში დატრიალდა, რომელმაც თავშესაფარი მოგვცა. ჩვენ ომს გამოვექეცით, საკუთარი სახლი და სამშობლო დავტოვეთ. თუმცა, ამის მიუხედავად, მე სრული ოჯახი დავკარგე. მინდა, რომ ასეთი ტრაგედია აღარ განმეორდეს და მსოფლიოში მშვიდობამ დაისადგუროს. გვინდა, რომ მსოფლიომ ყურადღება ჩვენკენ მოაპყროს, იმ საშინელი მდგომარეობის ასაცილებლად, რომელშიც არაერთი ჩემი თანამემამულე იმყოფება. რაც მოხდა, ეს ტრაგედია ცხოვრებაში არასოდეს დამავიწყდება. მე დავკარგე ყველა და ყველაფერი. ყველაფერი ძალიან მალე მოხდა. იყო სრული სიბნელე, შემდეგ ატყდა საშინელი კივილი. მე უკვე ვეღარსად ვხედავდი ჩემს მეუღლეს და შვილებს, მათი ხმაც არსად ისმოდა. დაე, ეს იყოს ბოლო! ახლა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრების ცხედრებთან განმარტოება მსურს”, – განუცხადა ჟურნალისტებს აბდულა კურდმა.
კურდების ოჯახის ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა კანადის პრემიერ-მინისტრმაც და დაღუპული ბავშვების მამას მიუსამძიმრა. სტეფან ჰარპერმა განაცხადა, რომ ფოტომ, რომელზეც ზღვის ნაპირას გამორიყული აილან კურდის ცხედარია აღბეჭდილი, ის აატირა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ სულისშემძვრელმა ფოტოსურათმა მთელი მსოფლიო უნდა მიახვედროს, რომ ბავშვები უსამართლობას ეწირებიან.
„როდესაც ეს ფოტო ვნახე, ზღვისპირას გამორიყული პატარა ბიჭი, ჩემი შვილი ბენი გამახსენდა იმ ასაკში და ცრემლები ვერ შევიკავე. აილანის ადგილას ნებისმიერი ჩვენგანის შვილი შეიძლება ყოფილიყო. მე დარწმუნებული ვარ, ამ ფოტოზე ცრემლების შეკავება ყველას გაუჭირდება, ყველა შეძრწუნებული იქნება ამ ტრაგედიით. მაგრამ ჩვენ ერთი ადამიანის ტრაგედია ვნახეთ მხოლოდ. კონლიქტს უამრავი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მე მოვინახულე იორდანიის ლტოლვილთა ბანაკი. იქ შემზარავი ისტორიები მოვისმინე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვალდებულები ვართ, შევაჩეროთ ომი სირიაში“, – აცხადებს კანადის პრემიერ-მინისტრი.
აილან კურდის ოჯახი თურქეთიდან საბერძნეთში გადასვლას ცდილობდა. მათი ნათესავები დღეს კანადაში ცხოვრობენ.