ხელოვანი დავით ბაძაღუა სოციალურ ქსელში თავის ნამუშევარს – “ჩემი ბავშვობის ნავი” აქვეყნებს და ბავშვობის ემოციურ ისტორიას იხსენებს, რომელიც ნამუშევარის შექმნის ინსპირაცია გახდა.
“ჩემი ბავშვობის ნავი!
ამ ნავს ბევრად მეტი სიკეთე გაუკეთებია, ვიდრე მე, ჩემს რომელიმე ნაცნობსა და მეგობრს!
მახსოვს კარგად, ჩემს ბავშვობაში აფხაზეთში, ზღვაში შემავალ პატარა მდინარესთან, სოფელ გაგიდაში 40 კვადრატამდე მიწა იყო შემოჭრილი, სადაც მუდმივად იდგა ეს ნავი. ზუსტად ეს ადგილი იყო მისი გაჩერების ადგილი – თუ თავისი პატრონი-სახელად “გუძუ” არ ემსახურებოდა ვინმეს ან რამეს!
ბავშვები ველოსიპედებით – მე და ჩემი მეგობრები ზღვაზე საბანაოდ რომ დავაპირებდით წასვლას, თითქმის ყოველთვის, მდინარისპირა ბილიკით შევდიოდით ზღვისკენ, სადაც აუცილებლად ვნახავდით გუძუს ნავს მიბმულს ან მოცურავეს მდინარეზე!
გუძუ და თავისი ნავი ყოველთვის ეხმარებოდნენ მოსახლეობას, უბრალოდ ადამიანებს, ვისაც მეორე მხარეს უნდოდა გადაცურვა.
მეორე მხარეს სოფელი პრიმორსკი იყო და იქეთ ყოველ დღეს გადადიოდა სხვადასხვა ადამიანი. ზოგს ტომრით შაქარი გადაჰქონდა, ზოგს პურის ფქვილი და ბევრი რამე, რაც ოჯახს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა. გუძუ და თავისი ნავი მუდმივად უანგაროდ ეხმარებოდნენ მოსახლეობას – ჩვენ არ გვახსოვს, რომ მათ სანაცვლოდ რამე მოეთხოვათ ოდესმე!
ცნობილი მოვლენების, ქართულ-აფხაზური კონფლიკტის შედეგად, ჩვენ დავტოვეთ აფხაზეთი, მაშინ, ბუნებრივია, ნავი იქ, თავისთვის განკუთვნილ მყუდრო ადგილას დარჩა მიბმული. ამის მერე გუძუ მალევე გარდაიცვალა.
ნავს მერე არც უცურავია, ის მხოლოდ ჩაჭედილი იყო ხალიებში და გაყინულიც, ალბათ!
რამდენიმე წლის შემდეგ მომიწია იქეთ გადასვლა, გადაპარვა აფხაზეთში, ჩემს სოფელში. იქ ყოფნისას, რა თქმა უნდა, მოვინახულე ჩემთვის საყვარელი ადგილები – მათ შორის, ჩემი ბავშვობის ბილიკი, მდინარის “გაგიდა ღალი”-ს პირას, რომელიც ზღვაზე შედიოდა.
საინტერესო იყო ბილიკზე ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, სადაც გუძუ ნავს ტოვებდა ხოლმე. ამიტომაც გავჩერდი ორიოდე წუთით ამავე ადგილას და დაუწყე ცქერა იმ წერტილს, სადაც, წესით ნავი უნდა ყოფილიყო მიბმული. ბუნებრივია ჭაობიანია ნიადაგი და ხალიებიც გაზრდილია, ამიტომ უცებვე ვერაფერი შევნიშნე ნავის მაგვარი, მაგრამ მოგვიანებით დავინახე, – მხოლოდ დაჭიმული თოკი, რომელიც სავარაუდოდ გუძუს ნავს ეკუთვნოდა. ასევე გამოჩნდა პაწაწუნა ნავის წინა ნაწილიც. დანარჩენი ნავი, რა თქმა უნდა ჩაძირული იყო მდინარეში.
რატომღაც უცებვე მოვიწყინე , ვიგრძენი რომ ჩემამდე ვინც გაიარა აქ – უმრავლესობამ ამ ფაქტს შეხედეს, როგორც, მხოლოდ დამპალი ფიცრის ნატეხს-და არავინ იფიქრა უფრო მეტზე ამ ნავთან დაკავშირებით!!!
წამიერად სევდა უფრო მომერია-ყველაფერმა წამებში თვალწინ გაიარა, მთელმა ბავშვობამ – ამ ნავის გაკეთებულმა უანგარო სიკეთემ გული შემიწუხა.
უკან რომ მოვბრუნდი თბილისში, კიდევ ვფიქრობდი ამ ნავზე, რამაც საბოლოოდ გადამაწყვეტინა, შემექმნა მასზე სურათი, რომელსაც დავარქვი – “ჩემი ბავშვობის ნავი“.
მე ვთქვი, რომ ამ ნავს სული აქვს, რადგან მას უფრო მეტი სიკეთე აქვს გაკეთებული, ვიდრე მე ან ჩემს ნაცნობებს. დღეს ადამიანებს, უბრალოდ, არ შეუძლიათ მუდმივად უანგაროდ რამის კეთება – ამ ნავმა კი შეძლო ასე, მთელი მისი არსებობის პერიოდში მას სანაცვლოდ არასოდეს არაფერი აუღია და მოუთხოვია!
კომპოზიციაში ნაჩვენებია მისი შინაგანი მდგომარეობა, ნავის უანგარო სულიერება, ამიტომ რაკურსში ის წარმოდგენილია არა კონსტრუქციული ფორმითი გამოსახულებით, არამედ – შინაგანი მდგომარეობით!”, – წერს ხელოვანი სოცქსელში.