მამა პეტრე რუსეთიდან საქართველოში შემოსული მოქალაქეების შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
“ბრაზი მახრჩობს…
მარხვის პირველი კვირაა… საჯარო აღსარებად გამომდის, მაგრამ როგორც იტყვიან ,,ცოდვა გამხელილი სჯობს”…
გუშინ ტაძარში უამრავი რუსი შევნიშნე და როგორც წესი, მომლოცველების ნაკადი, თუ ტურისტები არიან, უმეტესად რუსია…
არ ვარ შოვინისტი, არ ვარ კაცთმოძულე და ღმერთიც მთავარ მცნებად მტრის და მოყვასის სიყვარულს გვიწესებს, მაგრამ ვერ ვატყობ, რომელიმე მათგანს უკრაინაში მოწყობილი სასაკლაოს გამო სინანული ჰქონდეს…
ფარისევლურად გამომდის, როცა ვამბობ ,,ქრისტე არს ჩვენ შორის”!.. რანაირად არის ქრისტე ჩვენ შორის, როცა არაფრის გამო ამდენი ადამიანი იხოცება… უფრო სწორად, ერთი ადამიანის ახირების დასაკმაყოფილებლად გაწყდა მშვიდობიანი მოსახლეობა…
ახლა, როცა ეს მარხვა მართლა მძიმე არა, უმძიმესი აღმოჩნდა, პირისპირ წავაწყდი, რას ნიშნავს გააზრებულად ვილოცო მტრისთვის… ოღონდ ძალიან რთულია იმის აღიარება, რომ მართლმადიდებლის მტერი ისევ მართლმადიდებელია…
ჰოდა, ამ დაუფარავ, სასტიკ და აგრესიულ მტერზე მეტად იმ ვითომ ,,ჰუმანურ” ხალხზე ვბრაზდები, ვისაც ჯერ კიდევ არ სურს ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვას…
ჩაკეტილი ვარ, ვლოცულობ, ამ ათასი არეული ფიქრების ფონზე, ამ ნანატრ მშვიდობაზე ვლოცულობ და ახლაც, ამ ვითომ ცივილურ სამყაროში ბიბლიური კაენის და აბელის ისტორია ისევ ძალაში რჩება…
არ მსურს ქუჩაში გასვლა, მეგობარმა მომწერა, ნახევარი საათია რუსთაველზე დავდივარ და ჯერ ერთი ქართული არ მომისმენიაო…
რა ხდება, უომრად თუ დაგვიპყრეს, ვიცოდე მაინც…
ვისაც უჭირს, ვისაც თავშესაფარი არ აქვს, მე გავალ გარეთ და ჩემსას დავუთმობ, მაგრამ რატომ შემოგვესივნენ რუსები, რატომ გახდა მაინცდამაინც ახლა მათი ჩამოსვლა აუცილებელი?!
ეს ფიქრებიც ლოცვის ნაწილია…
ვცდილობ ყველა მიყვარდეს, მართლმადიდებელი, არამართლმადიდებელი-რელიგიური დაყოფა არ იცის სიყვარულმა… სიყვარული ან შეგიძლია, ან არა, მაგრამ არ ვარ ღმერთი, არ მძულს არავინ, ოღონდ განრისხებულ თვალებს სიყვარულით ვერ ჩავხედავ… მათ აშკარად ეტყობათ, რომ საქართველოს რუსეთის ნაწილად მიიჩნევენ… ჰო, ეტყობათ, რომ რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ჩამოვიდნენ…
არადა, ამ ,,პროვინციამ” ბევრი ღირსეული მამულიშვილი დაკარგა, რომ თავისუფლება მოეპოვებინა… ვთვლი, იმ ადამიანების სისხლის შეურაცხყოფაა, როცა ჩვენი ,,მეგობარი რუსები” ასე ამაყი გამოხედვით დადიან რუსთაველზე, სადაც ძალიან მალე ისევ გავიხსენებთ 9 აპრილის გმირებს…
როდის უნდა დავიჯეროთ, რომ ამ ხალხთან არ გამოგვდის არა, მეგობრობა… ურთიერთობა ორმხრივია… მას არ სურს ჩვენთან მეგობრობა, ის გვიყურებს, როგორც ნადავლს… რუსეთს ოკუპაცია გენში აქვს, სისხლში უზის…
დასაწყისში ვთქვი და ვიმეორებ, მესმის მარხვაა… გულწრფელობა მარხვის მთავარი პრინციპია… არ შეიძლება მართლმადიდებლობა ამავდროულად მკვლელმადიდებლობაც იყოს…
მორწმუნეებმა ერთი ძალიან საკრალური სიტყვა მასწავლეს-დაბრკოლება…
ჰოდა, რუსეთის მართლმადუდებლობა, მით უფრო ამ მარხვის პროცესში ძალიან მაბრკოლებს!..” – წერს პეტრე კოლხი.