გურიაში კაცს მგელმა დაზღვეული ძროხა შეუჭამა, სადაზღვევო კომპანიამ კი ძვლების 70% მოსთხოვა

იტყუებიან თუ არა სადაზღვევო კომპანიები და ბანკები? უცნაური შემთხვევა, რომელმაც დაზარალებულს ლექსიც დააწერინა.
შემთხვევა, რომელზეც “გურიის მოამბესთან” თავად დაზარალებულმა ისაუბრა, 4 დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მოხდა. ერთ-ერთ ადგილობრივს დ.ბ-ს მგელმა ტყეში ძროხა შეუჭამა. მტაცებლისგან დაგლეჯილი საქონელი გურიის სოფლებში ბოლო თვეების განმავლობაში არ ახალია, თუმცა ის, რაც დაზარალებულს შემდეგ სადაზღვევო კომპანიასა და ბანკთან შეემთხვა, ნამდვილად აჩენს ეჭვს, რომ მოსახლეობა მათი ტყუილების მსხვერპლი უაზრო მოტივებით ხდება.
დაზარალებული გვიყვება, რომ მას ძროხა, რომელიც მგელმა შეუჭამა დაზღვეული ჰყვადა და ერთი წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანია “ალდაგს” ყოველთვიურად 6 ლარს უხდიდა.
დ.ბ სავარაუდოდ პოლისი “ჭრელა”-თი სარგებლობდა, რომელიც შინაურ ცხოველებს აზღვევს.
აქედან გამომდინარე, მან სადაზღვევოს მიყენებული ზარალის ანაზღაურება მოსთხოვა, სადაზღვევო კომპანიამ კი სანაცვლოდ, არც მეტი არც ნაკლები დაგლეჯილი ძროხის ძვლების 70%-ი. მეპატრონემ ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაგლეჯილ საქონელს ტყეში მიაკვლია, თუმცა პრობლემა ახლა უკვე ბანკში შეიქმნა, რომელიც უმტკიცებს, რომ ხელშეკრულებას ვადა გასული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ თანხას მ,აინც ახდევინებდნენ: “ალდაგმა” ჯერ მითხრა ძვლების 70%-ი თუ არ მოიტანე, ისე არ ავანაზღაურებთ ზარალსო. ორი დღე ტყეში მაძებნინეს ძვლები. თავი იყო ძროხის და კიდე რაღაც ნაწილი დარჩენილი, ეს რომ ვუთხარი კარგი, დანარჩენ საკითხებზე მოვილაპარაკებთო. ასეთი არაფერი გამიგია, მგელს და ტურას ხელშეკრულებას ხომ არ დაუდებდი წინასწარ, ძროხას თუ შემიჭამ, ძვლები დამიტოვე, დაზღვევას სჭირდება-მეთქი?
გამაგზავნეს “კრედოში” სადაც ვიხდიდი ყოველთვიურად დაზღვევის თანხას. ბანკში მითხრეს ხელშეკრულებას ვადა აგვისტოს შემდეგ ამოწურული აქვსო. წარმოგიდგენიათ? თანხას მახდევინებდნენ ყოველთვიურად, არც ის უთქვამთ, რომ ხელშეკრულებას გავაგრძელებდი თუ არა. დავრჩი ასე მოტყუებული. გამოდის, რომ გასული წლის აგვისტოს თვიდან მოყოლებული ყოველთვიურად ვიხდიდი 6 ლარს, მაგრამ რაში არავინ არ იცის. მე ხომ ჩემი დამემართა მაგრამ სხვასაც რომ იგივე არ მოუვიდეს, ამიტომ მინდა ეს ინფორმაცია დაიწეროს. სხვათა შორის ამ კომიკურმა ამბავმა ლექსიც დამაწერინა:
თუკი გადენი საქონელს ტყეში

თქვენც უნდა მიყვეთ ნელ-ნელა ჩირგვში

იქ უნდა ნახოთ მგელი და ტურა

და ესაუბროთ მათ მეგობრულად.

რამდენიც გინდათ თქვენ ჭამეთ ხორცი,

მე უნდა დამრჩეს საქონლის ჩონჩხი.

და თუ კი ძვალიც წაიღო ტურამ,

დაზღვევა მრჩება მაშინ მე ტყულად.

წყარო:http://guriismoambe.com

კომენტარები

სხვა სიახლეები