“გული ყელში რომ გაქვს ამოვარდნილი” – რა აჩუქა ქართველმა ფერმერმა ივანკა ტრამპს და რა მიიღო მან აშშ-ის პრეზიდენტის ქალიშვილისგან
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ზამბახიძე თებერვალში აშშ-ის პრეზიდენტსა და მის ქალიშვილს შეხვდა. დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომელიც მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას შეუწყობს ხელს. იდეა პრეზიდენტის ქალიშვილს, ივანკა ტრამპს ეკუთვნის.
შეხვედრას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ლიდერი ქალები ესწრებოდნენ, მათ შორის კი ნინო ზამბახიძეც იყო. ზამბახიძემ ივანკა ტრამპს მიმართა და საკუთარი გამოცდილების გაზიარება სთხოვა. მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ როგორ დაიწყო ფერმერობა.
“მე ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ჩემთვის გარდამტეხი მომენტი გახდა შესაძლებლობა, რომელიც მომცა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა”, რომ გავმკლავებოდი იმ სირთულეებს, რომლებსაც წავაწყდი. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე და დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფერმერი ვარ, ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები ფინანსებზე წვდომის, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით”, – თქვა ნინო ზამბახიძემ.
ამასთან, ფერმერმა ივანკა ტრამპს საჩუქრად ყაბალახი გადასცა. დღეს კი მან ფეისბუქზე გამოაქვეყნა წერილი, სადაც პრეზიდენტის ქალიშვილი ქართველ ფერმერს საჩუქრისთვის მადლობას უხდის.
“მადლობა ლამაზი ქართული კაშნესთვის. ყოველ ჯერზე გამახსენდებით, როდესაც მას გავიკეთებ“, – წერს ივანკა.
ივანკა წერილში ასევე აღნიშნავს, რომ ზამბახიძის ამბავმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ფერმერის გამოცდილება სხვა ქალებისთვისაც შთაგონების წყარო გახდება.