“გუდვილში” 109 ლარიანი ალუჩა სრულად გაიყიდა

​ხილის მოყვარულთათვის გაზაფხული ათასგვარი ხილის შემოსვლასთან ასოცირდება. თუმცა არსებობს ხილის ჩამონათვალი, რომელიც ამ სეზონზე ფიზიკურად არ იშოვება. სწორედ ამიტომ, ჰიპერმარკეტმა „გუდვილმა“ მომხმარებლის მიმართ განსაკუთრებული “ყურადღება გამოიჩინა” და გაყიდვების ქსელში ყველასათვის საყვარელი ხილი – ალუჩა დაამატა, რომლის ფასიც (ერთი კილოგრამი) 109 ლარს შეადგენდა.
უცხოეთიდან შემოტანილი ხილის ფასი მაშინვე იქცა სოციალურ ქსელში მომხმარებელთა ხუმრობის თემად. ფასის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების მიუხედავად, ჰიპერმარკეტის სამივე ფილიალში ხილის მთელი მარაგი ორ დღეში ამოიწურა. როგორც „გუდვილში“ განმარტავენ, ჰიპერმარკეტის ადმინისტრაციამ ხილზე უპრეცედენტო ფასის დადება მისი არასეზონურობიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
„ხილი იმპორტირებულია და თანაც, მარტში მისი შოვნა ფაქტობრივად, შეუძლებელია. ალუჩაზე მოთხოვნა ყოველ წელს განსაკუთრებულად მაღალია და ამიტომ გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლები გაგვეხარებინა. როდესაც ხილი საქართველოშიც შემოვა, ბუნებრივია, მისი ფასიც შესაბამისი იქნება. ორი დღეა, რაც მოვიტანეთ და მაღალი ფასის მიუხედავად, “გუდვილის” არც ერთ ქსელში აღარ არის დარჩენილი. ამ ფაქტმაც დაადასტურა, რომ ალუჩაზე მოთხოვნილება ყოველ სეზონზე დიდია“, – განუცხადეს „კვირას“ ჰიპერმარკეტში.

კომენტარები

სხვა სიახლეები