თბილისის ზოოპარკის ფეისბუქ გვერდზე სპილოების, “გრანდისა” და “მალკას” სასიყვარულო ისტორიის შესახებ წერენ.
“ოპერაციამდე 3 დღე რჩება…
გრანდისა და მალკას სიყვარულის ისტორიას რომ დაგპირდით, კი არ დაგვვიწყებია.
აბა, მოიმარჯვეთ პოპკორნი და დავიწყეთ!
გრანდის ჩამოყვანამდე ზოოპარკში ორი სპილო გვყავდა. მალკა და მისი ნაშიერი, ბუნკა. მალკა ადრე დაქვრივდა, მაგრამ უბედურებამ წელში არ გატეხა და ვაჟკაცურად გაართვა თავი ოჯახურ საქმეებს. არც კერია გააცია და ბიჭიც სანიმუშოდ გაზარდა. სპილოების გასამრავლებლად ზოოპარკებში ხშირად მიმართავენ ხელოვნურ განაყოფიერებას. მალკას პირველი ვაჟის გასაჩენად წახმარება არ დასჭირვებია. ჯანმრთელი და ნაყოფიერი მდედრია. ამიტომ, ასე, გაუთხოვარს ვერ დავტოვებდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მასაც ხომ უნდოდა პირადი ცხოვრების მოწყობა… თანაც სრულწლოვანებას მიღწეულ ბუნკას დედასთან ვეღარ გავაჩერებდით.
ჰოოოოოდა, არც ვაციეთ, არც ვაცხელეთ, მაჭანკლობას მივყავით ხელი და საქმროს ძებნა დავიწყეთ. ჯერ ერთ ესპანელს ურიგებდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უხასიათო, ცუდი ზნის კაცი ყოფილა და ვერ გავიმეტეთ ჩვენი გოგო. შემდეგ კი აქვე, ერევნის ზოოპარკში მოვიძიეთ შესაბამისი ასაკის, მშვიდი და დარბაისელი გრანდი და მალევე შევთანხმდით სპილოების გაცვლაზე. ბუნკა ერევანში გავამგზავრეთ და მის ნაცვლად გრანდი ჩამოვიყვანეთ.
ვერ გეტყვით, ერთი ნახვით გამიჯნურდნენ, თუ ჯერ დამეგობრდნენ და მერე მიხვდნენ, რომ ეს ურთიერთობა მეგობრობაზე მეტი იყო. ფაქტია, რომ ერთმანეთს კარგად შეეწყნენ. და რაც ერთად დასახლდნენ, მას მერე, ჩასაფრებული ნათესავებივით დავდევთ კუდში გამრავლების პერიოდში. ასე ვთქვათ, ვაკონტროლებთ, რომ მოსახდენი მოხდეს. კი მოხდა, ეს ოხერი მოსახდენი, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. ააარა, სიძეს არ დააბრალოთ ყველაფერი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჩამოსვლის შემდეგ ჯერ ეშვების ტკივილი ტანჯავდა, შემდეგ ურთულესი ოპერაცია გადაიტანა, მერე რეაბილიტაციის პერიოდი გაიარა და ახლა მეორე ეშვი არ ასვენებს. კბილის ტკივილის დროს კი სპილოს კი არა, ადამიანსაც შეიძლება გაუჭირდეს რაღაც-რაღაცები…
ჩვენ იმედს არ ვიწურავთ და შვილის გაჩენის სურვილით ანთებულ წყვილს რომ კეთილისმსურველები აიმედებენ-ხოლმე, იმგვარი ტონით ვანუგეშებთ – თქვენ არ ინერვიულოთ. ყველაფერი იქნება თავის დროზე. აი, ამ ოპერაციამ მშვიდობით ჩაიაროს და მერე ყველაფერი მოგვარდება. თქვენ გეყოლებათ უამრავი შვილები, შვილისშვილები, შვილთაშვილები, იმათი შვილები და მთელი სოფელი თქვენ იქნებით, მერე თქვენ გამრავლდებით უსასრულოდ, უსაშველოდ და მთელი ქვეყანა თქვენ იქნებით. თქვენ იქნებით მთელი ქვეყანა და არასდროს აღარ დაიხოცებით, აღარ დაილევით და აღარ გათავდებით”.
მოკლედ, ასე იყო ეს ამბავი.