-ტალღების ხმას უსმენ?
-ბანალური საუბრების მოსმენას მირჩევნია.
-რომელი ბანალური?
-„ტალღების ხმას უსმენ?“ ესეც ბანალური იყო
-მაინც დავჯდები შენს გვერდით, იმიტომ, რომ ვიცი გინდა აქ შენთან ერთად ვიყო, მაგრამ არ მეუბნები
-რომ მინდოდეს გეტყოდი
-ფაქტია, რომ არ მეუბნები, იმიტომ, რომ გეშინია
-რისი?
-იცი რისიც
-უფ
-მე შეგისრულე სურვილი, დავჯექი შენს გვერდით, ეხლა შენი ჯერია
– რა გინდა?
-მელაპარაკე
-რაზე?
-შენზე
-რა გითხრა?
-რა გიყვარს ყველაზე მეტად?
-კამპოტი და მურაბა
-…
-თავისუფლება
-ასე ბავშვივით გავიბუტო ხოლმე, იმისათვის, რომ სერიოზული პასუხი მაღირსო?
-…
-სერიოზულად რატომ არ აღმიქვამ?
-შემდეგი
-რა შემდეგი?
-შემდეგ კითხვაზე გადადი
-რატომ გიყვარს თავისუფლება?
-ყველაზე მაგარი მდგომარეობაა თავისუფლება
-სრულიად თავისუფალი, მხოლოდ მაშინ ხარ, როდესაც დასაკარგი არაფერი გაქვს
-ეგ სად წაიკითხე? ფეისბუქზე?
-არა ფილმში თქვეს
-…
-ნუ მიყურებ ეგეთი სახით
-როგორი?
-უწიგნურიაო ჩემზე ფიქრობ
-მერე?
-არ ვარ მთლად უწიგნური
-ბოლოს რა წაიკითხე?
-გოჩა მანველიძის მგლებითქო გეტყოდი, მაგრამ ეგ ძველი შუტკაა
-მართლა რა წაიკითხე?
– დორიან გრეის პორტრეტი
-მერე?
-ზღაპარია
-დორიან გრეი სიუჟეტის კი არა ფრაზებისა და აზრების გამოა გენიალური
-„საკმარისია ადამიანი სხვებისგან გამოირჩეოდეს რაიმე საუკეთესო თვისებით, ან გონება უჭრიდეს, რომ მის წინააღმდეგ მაშინვე ასისინდნენ ბოროტი ენები.“
-ანუ?
-რა იყო შენ არ გაქვს წაკითხული? მაქედანაა ეს ფრაზა
-მე სხვა ფრაზები დამამახსოვრდა, მაგალითად: „ჩვენს დროში ხალხმა ყველაფრის ღირებულება იცის, მაგრამ – ფასი არავინ.“
-რატომ მაინცდამაინც ეგ?
-არ ვიცი
-დებილი ხარ!
– რატომ?
– სისულელეებზე ფიქრით იჭედავ გონებას იმის ნაცვლად, რომ ცხოვრებით დატკბე
– რა იცი, რომ არ ვტკბები?
– რითი? თავისუფლებაზე ოცნებით?
– თუნდაც
– სასაცილოა, შენ არც კი იცი რა არის თავისუფლება. ოცნებებში კი ფრთხილად უნდა იყო, შეიძლება აგიხდეს
– თავისუფლება ბევრ რამეს მოიცავს, ფეხსაცმელი, რომ არ გიჭერს მაგით დაწყებული – ყველაფერი, რომ ფეხებზე გკიდია მაგით დამთავრებული.
– ყველაფერი ფეხებზე ნარკომანებსაც კიდიათ, როცა კაიფში არიან
– ნარკომანი, რომ გახდე ჯერ თავისუფლებას უნდა მიაღწიო, საზოგადოებრივი აზრის გათვალიწინების მანიისგან უნდა იყო თავისუფალი
– მარტო დებილი კი არა გიჟიც ხარ
– არავინ არ ვარ, თავისუფლებაზე მეოცნებე ადამიანი ვარ
– თავისუფლება ნიშნავს, რომ არავინ უნდა გიყვარდეს, იმიტომ, რომ ვინც გიყვარს მასზე დამოკიდებული ხარ. უსიყვარულობა კიდევ მარტოობაა
– არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოდიან შენს ცხოვრებაში და შენ ხვდები, რომ მარტოობა კარგია…
– გეუბნები ვერ ხვდებითქო თავისუფლების მნიშვნელობას
-ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არავინ იცის, ეს ალბათ ის მდგომარეობაა, რომელსაც ვერასოდეს მიაღწევ… მხოლოდ ვიღაცასთან შედარებით თავისუფალი შეიძლება იყო, ბოლომდე თავისუფალი ვერ იქნები
– ჰმ, ახლა მივხვდი, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმის, რომ სულ გამირბიხარ
-რა?
-გშურს ჩემი. მე შენზე თავისუფალი ვარ
– არ მშურს
– გშურს, ბევრი რამ გშურს ჩემი
– მაინც რა?
– ის რომ მე მაქვს ის ყველაფერი რაზეც შენ ოცნებობ, მე დაბადებისთანავე მაჩუქა ბედმა ისეთი რაღაცეები რაც შენ წვალებით მიიღე
– შეიძლება
– მე მაქვს ის რაც შენთვის ოცნებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ მე მაქვს ის რაც მინდა
– და რა გინდა?
– არ ვიცი. უფრო სწორად ვიცი, მე მინდა ვიცოდე რა მინდა
– ანუ შენ ის გინდა რაც მე მაქვს. მე, ხომ ვიცი რა მინდა
– ხო ეგრე გამოდის
– ნეტა ოცნებების გაცვლა შეიძლებოდეს
– მე ეგრევე ჩემს თავზე ვიოცნებებდი, მერე გაგიცვლიდი ოცნებას და მერე აგიხდენდი
– აჰა ისევ გააფუჭე ყველაფერი
– არადა რა კარგად ვლაპარაკობდით არა?
– ნორმალურად
– რატომ არ მოგწონვარ?
– მომწონხარ
– ხო, მაგრამ ბოლომდე არა
– რად გინდა, რომ ბოლომდე მომწონდე? მილიონ გოგოს მოსწონხარ მასე
– ისინი ყველანი ისე გვანან ერთმანეთს, როგორც თეთრი ფურცლები… და არც კი ფიქრობენ ზედ რაიმე დაწერონ.
– მაგ სიტყვებს ყველა გოგოს ეუბნები ხო?
– კი
– იდიოტო
– მარტო შენნაირ გიჟებს ვეუბნები, სხვებს უფრო ცოტაც ყოფნით
– ბევრს იცნობ ჩემნაირს?
– შენ ერთიც ბევრი ხარ
– რატომ გადამეკიდე ასე?
– მოდაშია ინტელექტუალი ნაშები
-როგორ უნდა მოგიშორო თავიდან?
-ის უნდა მომცე რაც მინდა
-და რომ არ მოგცე?
– ვერასოდეს მომიშორებ
– რომ გავსუქდე? ან თავი, რომ გადავიპარსო?
– არ იზამ მაგას
– რატომ?
– გიჟი კი ხარ, მაგრამ პირველ რიგში ქალი ხარ, ქალებს კიდევ გევასებათ კაი ვიდზე ყოფნა
– სხვა რამ, რომ მოვიფიქრო?
– ჩემი მოშორების მხოლოდ ერთადერთი გზა არსებობს, უნდა მივიღო შენგან ის რაც მინდა და მერე მეთვითონ წავალ
– ვერ მიიღებ
-ესეიგი არ გინდა, რომ მომიშორო
-მინდა, მაგრამ ეგრე არა
– სხვანაირად არ გამოვა, ვერ მომიშორებ და გავაგრძელებ შენი ტვინის ბურღვას, ზუსტად ისე როგორც დღეს, გუშინ, გუშინწინ, ერთი თვის წინ, ორი თვის წინ და რავი რამდენი ხანია რაც თავს გაბეზრებ?
-ზოგჯერ მგონია, რომ საუკუნეა
-ხოდა იქნება კიდევ მრავალი საუკუნე
-და ამასობაში, რომ შეგიყვარდე?
– შანსი არაა!
– ვნახოთ
წყარო: http://droni.ge/?m=5&AID=11440