ახალგაზრდა გოგონა, რომელიც რესტორან “კრწანისთან” ახლოს, მტკვარში გადახტა, „ყაზტრანსგაზის“ თანამშრომელმა 31 წლის ნიკოლოზ ჯოჯუამ გადაარჩინა.
ნიკა „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ თანამშრომელია. 22 იანვარს, დილით, თანამშრომლებთან ერთად სხვადასხვა მისამართზე გამოძახებებზე დადიოდა. ერთ-ერთი ობიექტის შემოწმების შემდეგ ნიკოლოზი და მისი ჯგუფი მომდევნო მისამართზე მიდიოდა. რა დროსაც ორთაჭალაში, რესტორან “კრწანისთან” მტკვარში ადამიანი შეამჩნია, რომელიც ხელებს იქნევდა და შველას ითხოვდა.
„მანქანა გავაჩერეთ და იმ ბიჭთან მივირბინე. ახალგაზრდა ბიჭი იყო. მიშველე, გოგო იხრჩობა და მე ცურვა არ ვიციო, ერთი ეს მითხრა. როგორც კი გადავიხედე, მტკვარში გოგონა შევამჩნიე, რომელიც წყალში ტივტივებდა. იმ წუთას სხვა ვერაფერი მოვიფიქრე – ქურთუკი გავიხადე, იქვე ეგდო იმ გოგონას ქურთუკიც. ერთმანეთს სახელოებით გადავაბი და ვეცადე, წყალში გადამეგდო. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ გოგონამ ქურთუკის ერთ ბოლოზე ხელის ჩაჭიდება შეძლო. ნაპირთან რომ მოვწიე, ამოყვანა ვცადე, მაგრამ ამას აზრი არ ჰქონდა, ხელი ეშვებოდა. მტკვარში ჩახტომა გადავწყვიტე. გოგონა ძალიან დასუსტებული იყო და ხელი მოვხვიე, რომ გადამერჩინა“,- ამბობს ნიკოლოზი.
შემთხვევის ადგილზე ხალხი მოგროვდა. ნიკოლოზისა და გოგონას წყლიდან ამოყვანა მისმა თანამშრომლებმა და შეკრებილმა ხალხმა ერთდროულად მოახერხეს.
„არც ამ გოგონას სახელი ვიცი, არც მისი ასაკი, არც ის, რა მოხდა და როგორ აღმოჩნდა მტკვარში. როცა წყლიდან ამოვიყვანეთ და მიწაზე დავაწვინეთ, გონება დაკარგა. პატრულის მოსვლისთანავე იქაურობა დავტოვეთ, რადგან ერთ-ერთ მისამართზე გამოძახება გვქონდა“,-აღნიშნა ნიკოლოზ ჯოჯუამ.
ნიკოლოზ ჯოჯუას ამ გმირობის ამბავი შეუმჩნეველი დარჩებოდა, რომ არა თვითმხილველები.
R
სხვა სიახლეები