„გოგონა გახდა ცუდად, რადგან ამდენი ხანი ფეხზე იდგა“ – რა მოხდა „ნიკორაში“

ერთ-ერთი ფეისბუქმომხმარბელი ქეთევან ჟორდანია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სუპერმარკეტ „ნიკორას“ მხრიდან, პერსონალისადმი გამოჩენილ უსამართლო დამოკიდებულებაზე წერს და კონკრეტულ შემთხვევებზე საუბრობს.

„გამარჯობა, მე ქეთა ვარ. არავინ განსაკუთრებული, მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე. თუ პირადად მიცნობთ, იცით, რომ მსგავს საკითხებთან დაკავშირებით, ყოველთვის გამოვთქვამ ჩემს აზრს რეალურ ცხოვრებაში და ყოველთვის მხარს ვუჭერ ადამიანის თავისუფლებას. ეს კი ის შემთხვევაა, როდესაც იმის თქმას ვაპირებ, თუ როგორ არ უნდა გაჩუმდეთ, ამიტომ მეც არ გავჩუმდები და ხმამაღლა ვიტყვი ამას. ჩემს ერთ ახლობელ ადამიანს შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემები, რის გამოც, რა თქმა უნდა, ფინანსურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

თუ გამოვტოვებ იმ პუნქტს, რომ ჩვენს სახელმწიფოში არ არსებობს საყოველთაო დაზღვევა, რომელიც ადამიანებს, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული შემოსავლის მქონე პიროვნებები თანხას გადაიხდიან დაზღვევაში, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ავად გახდომის “არ შიშში” დაეხმარება, გავაგრძელებ ამ დიდი ისტორიის მოკლედ მოყოლას.

ამ ადამიანს სასწრაფოდ სჭირდებოდა შემოსავალი, რის გამოც პირველივე შემხვედრ სამსახურს დათანხმდა, რაც თბილისში იქნებოდა. პირობებიც არც ისე ცუდი იყო, ბრენდი კი საკმაოდ ცნობილი.
საუბარი არის „ნიკორას“ სუპერმარკეტზე.
გასაუბრებაზე უთხრეს, რომ თავიდან ერთ კვირიანი ტრენინგი ელოდა. უთხრეს, რომ თუ თავს კარგად წარმოაჩენდა და გამოცდას კარგად ჩააბარებდა, სამსახურში აიყვანდნენ.
ყველაფერი ასეც მოხდა, ამ ადამიანმა 1 კვირა იარა ტრენინგებზე, რა თქმა უნდა, ანაზღაურების გარეშე.
არ გამოგრჩეთ, რომ ლაპარაკი არის მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
ერთი სამუშაო დღე გრძელდება 24 სთ, რაც ჩემი აზრით, უკვე იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა პერსონალს არც თუ ისე ადამიანურად აღიქვამს, რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც 24 საათს სიამოვნებით იმუშავებს.
ყველა იქ მომუშავეს, ამ 24 საათის განმავლობაში, აკრძალული აქვს ერთი წუთითაც-კი, დაჯდომა და ტელეფონზე დახედვა. ამაზე არის ჯარიმა! ჯარიმა ხელფასიდან, რომელიც 40 ლარს შეადგენს 24 საათის განმავლობაში!!!!

კონსულტანტ-მოლარეს ევალება აბსოლუტურად ყველაფერი, დაწყებული გაყიდვიდან, დამთავრებული მაცივრების ხეხვით. რისთვისაც ყველა დამეთანხმებით, რომ 24 საათი უზომოდ ბევრი და 40 ლარი ძალიან ცოტა არის.
არ გამოგრჩეთ იმაზე ფიქრი, თუ რა ფასი აქვს საყოფაცხოვრებო საშუალებებს საქართველოში.

ერთ-ერთ საღამოს, ერთ-ერთ ფილიალში, ერთი გოგონა გახდა ცუდად, რადგან ამდენი ხანი ფეხზე იდგა და მუშაობდა. ეს გოგო სასწრაფო დახმარების მანქანით წაიყვანეს. მე კი ყველაზე გაოგნებული იმით დავრჩი, რომ ადმინისტრაციამ ყურიც კი არ შეიბერტყა ამაზე და ორი მომუშავე სამი ადამიანის საქმის გასაკეთებლად დატოვა დარჩენილი 12 საათი მთელი ღამე. დილით-კი, მენეჯერი მოვიდა და ჩხუბი დაიწყო იმაზე, თუ რატომ არ ალაგია ძეხვები პირამიდის ფორმაზე.
სამწუხაროა, რომ მე არ ვიყავი იქ დარჩენილი ერთ-ერთი მომუშავე…
ასე ცხოველურად ეპყრობიან ამ მაღაზიებში პერსონალს.

ჩაირიცხა პირველი ორი კვირის ხელფასი. 200 ლარის მაგივრად 160. როდესაც ვიკითხეთ რატომ აკლდა 40 ლარი, მივიღეთ პასუხი, რომ პირველი 24 საათი (!!!!) ითვლება როგორც სწავლება და არა სამუშაო დღე. მან თქვა, რომ მან ჩვეულებრივად იმუშავე მთლიანი ამ პერიოდის განმავლობაში, მაგრამ პასუხად მიიღო, რომ სხვა იყო ჩაწერილი იმ დღეს და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა ვინ იმუშავა, ვინც ჩაწერილი იყო, მან მიიღო ფული.

სირცხვილია, როცა ერთ კვირიანი სწავლების მერე, პერსონალს 24 საათიან სამუშაო დღეს სწავლებად “ტენი”, რათა 40 ლარი დაზოგოს ამხელა სუპერმარკეტმა!
იმის გამო, რომ მას რთული ოპერაცია ჰქონდა ცოტა ხნის წინ გადატანილი, ამდენი ხანი დგომა და მძიმეების ზიდვა არ შეიძლებოდა, ამიტომაც დაუწერა ექიმმა ცნობა, რომ წამოსულიყო სამსახურიდან. რაზეც პასუხად მიიღო, რომ თუ ორი კვირით ადრე წავიდოდა, მიუხედავად ექიმის ცნობისა, აღარ მიიღებდა არაფერს, რაც აქამდე ნამუშევარი ჰქონდა.
მე ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, ბრაზი მომერია და ვურჩიე ამ ადამიანს, რომ ადვოკატი ჩარიოს საქმეში, მან-კი მიპასუხა, რომ აზრი არ ჰქონია არაფერს. მან მითხრა, რომ ამ ქვეყანაში მაინც ვერასოდეს მოიგებ ასეთ საქმეებს, ვერასოდეს დაამტკიცებ შენს სიმართლეს. იმედი მაქვს, რომ ყველა ხვდებით, ლაპარაკი არ არის ფულზე. ლაპარაკია სამართალზე, უსირცხვილობაზე.
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ყოველთვის ყველა ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი ხმა მაინც ვერასოდეს ვერავის მისწვდება. ყველა ყოველთვის ამბობს, რომ ამ ქვეყანაში არაფერს აზრი არ აქვს. კითხვა კი ჩნდება: რატომ??
ზუსტად იმიტომ, რომ ყველა ასე ფიქრობს, არ აქვს აზრი არაფერს. ზუსტად იმიტომ, რომ ყველა შეგუებულია უსამართლობაში ცხოვრებას. ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოება ყოველთვის სხვისგან ელოდება ცვლილებას.
ჩემი პოსტი არის მათთვის, ვისაც ეშინია სიმართლის თქმის, ვისაც ეშინია სამართლის დაცვის.
ჩვენ არ ვართ რუსეთი, არ ვართ სირია, ან რომელიმე აფრიკული ტომი.
ჩვენ ვართ ევროპელები და ვისწრაფვით ევროკავშირისკენ.
ევროპის მთავარი საყრდენი კი დემოკრატიაა. დემოკრატია არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ადამიანთა შორის. დამოკრატიის მთავარი პრინციპი კი სამართალია.
ნუ შეგეშინდებათ სიმართლის თქმის და იმის დაცვის, რაც თქვენ გეკუთვნით. ყოველთვის ხმამაღლა თქვით თქვენი აზრი და იქნებ სხვასაც მისცეთ მაგალითი.
„ნიკორას“ სუპერმარკეტს, ამ უსამართლობის მანქანას და უსირცხვილოებს მოვუწოდებ, რომ ადამიანებს, როგორც ადამიანებს ისე მოექცნენ და არა როგორც ცხოველებს.
არ მოგატყუებთ, ნამდვილად გაოგნებული ვარ და გაბრაზებული. ამ ყველაფერს გიყვებით, რადგან ვიცი, რომ ეს ერთი და ორი შემთხვევა არ არის. ასეთი შემთხვევა უამრავია და ყველა ჩუმადაა.
მე მრცხვენია თქვენს მაგივრად და იმედი მაქვს, რომ თუ როდესმე ჩემს პოსტს წაიკითხავთ, ისევე შეგრცხვებათ თქვენი თავების.
მე ქეთა ვარ. არავინ განსაკუთრებული, მხოლოდ ერთი ჩვეულებრივი საქართველოს მოქალაქე. ვცხოვრობ და ვსწავლობ უკვე თითქმის 5 წელია გერმანიაში“, – წერს ქეთევან ჟორდანია.

ქეთევან ჟორდანიას მიერ განთავსებულ პოსტს სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“ გამოეხმაურა და საპასუხო პოზიცია, ამავე პოსტზე, კომენტარის სახით დააფიქსირა.

„გამარჯობა ქეთევან, პირველ რიგში მადლობა აზრის დაფიქსირებისთვის, შესაძლოა ჩათვალოთ, რომ სავალდებულო მადლობაა, თუმცა, დაგვერწმუნეთ, ჩვენ პატივს ვცემთ ჯანსაღ კრიტიკას და თქვენსავით შეგვტკივა გული თითოეული ადამიანის ბედზე და, რა თქმა უნდა, ჩვენს თანამშრომლებზე, რომლის გარეშეც ეს კომპანია ვერ იქნებოდა სტაბილურად მზარდი.
ვეცდებით, გამოვყოთ საკითხები, რაზეც გაქვთ საუბარი და ზოგი ჩვენ განვმარტოთ და ზოგზეც შესაძლოა, თქვენგან დაგვჭირდეს დეტალური ინფორმაცია, რომ მოვახდინოთ პრობლემის იდენტიფიცირება.
1 კვირა პრაქტიკა ანაზღაურების გარეშე – სანამ თანამშრომელი მიდის სუპერმარკეტში სამუშაოდ, გადის სწავლების პერიოდს, ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სანამ უშუალოდ მას ჩაბარდება კონკრეტული საქმე, თავადაც და ჩვენც ვიცოდეთ, რომ აქვს ის საბაზისო უნარები, რითიც უსაფრთხოდ და შედეგიანად გაართმევს თავს მოვალეობას. ეს თემებია „სლაისერის“ დანადგარი – რათა უსაფრთხოდ დაჭრას პროდუქტი, ასაწონი პროდუქციის დეტალები – რათა უცოდინრობის გამო შეცდომით სხვა პროდუქტი არ აუწონოს მომხმარებელს და ა.შ. ალბათ ხვდებით, რომ მომხმარებელი, რომელიც ჩვენს სუპერმარკეტს სტუმრობს, არ კითხულობს ესა თუ ის მოლარე/კონსულტანტი 1 დღის თანამშრომელია თუ 1 წლის, ჩვენ გვთხოვენ ხარისხს 🙂 არის შემთხვევები, რომ პრაქტიკანტი უშუალოდ სწავლების პერიოდში ხვდება, რომ ეს მისი საქმე არაა, არ შეუძლია, აღარ უნდა და შესაბამისად, აღარ უწევს სხვადასხვა გასაფორმებელი დოკუმენტაციის მოტანა; პრაქტიკის დრო აუცილებელი და ორმხრივი დაკვირვების პერიოდია, ანაზღაურებას რაც შეეხება, ეს ამჟამად არის ანაზღაურების გარეშე, თუმცა, ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ იყოს ანაზღაურებადი, უკვე დაძრულია ეს საქმე და გვექნება ეს სიახლე ჩვენი მომავალი თანამშრომლებისთვის:)
24 საათიანი ცვლა – ჩვენ რამდენიმე გრაფიკი გვაქვს, მათ შორის 3 დღეში ერთხელ 24 საათი და თანამშრომელი თავად ირჩევს რომელია მისთვის მოსახერხებელი და მისაღები. დიახ, გეთანხმებით, საკმაოდ მძიმეა ღამის თენება, ამაში ორი აზრი არ არსებობს, თუმცა დაახლოებით 1 წლის წინ, ჩვენ ჩავატარეთ შიდა გამოკითხვა ზუსტად ამ გრაფიკის გაუქმების და გადაწყობასთან დაკავშირებით, თუმცა არ გავაუქმეთ, რადგან თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი აფიქსირებდა, რომ მათ საცხოვრებელ ადგილთან, რეჟიმთან და ა.შ. ეს ყველაზე შესაბამისი იყო, ამიტომ დავტოვეთ ეს გრაფიკი და დავამატეთ სხვებიც, რომ მეტად მოქნილები ვიყოთ.
ტელეფონის გამოყენება და დაჯდომა სამუშაო პერიოდში – ჩვენს თანამშრომლებს შესვენების დროს და მაღაზიის სპეციფიკიდან/დატვირთულობიდან გამომდინარე, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რა თქმა უნდა, აქვთ ამის სრული უფლება და შესაძლებლობა. რაც შეეხება ზოგადად სამუშაო პერიოდში ტელეფონის გამოყენებას, აღნიშნული საკითხი ასევე გამომდინარეობს სამუშაო სპეციფიკიდან, მომხმარებელთან ურთიერთობისას ნამდვილად აკრძალულია ტელეფონზე საუბარი, შეტყობინებების გაგზავნა და ა.შ.“, -აღნიშნავენ კომპანიაში.

კომენტარები

სხვა სიახლეები