ევროპისა და მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი კარატეში გოგიტა არქანია ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ტიტულოვანი სპორტსმენი აღნიშნავს, რომ პანდემიამ განსაკუთრებით სპორტის სფერო დააზარალა, რადგან, პანდემიის გავრცელების თავიდან ასაცილებლად დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების გამო, სპორტსმენები, მათ შორის მოზარდები და ბავშვები სრულფასოვან ვარჯიშებს ვეღარ ახერხებდნენ.
„მე, პირადად, ვაქცინირებული ვარ, ორი დოზა „ფაიზერი“ ვაქცინა გავიკეთე და ჩემს ოჯახშიც ყველა აცრილია.
ვფიქრობ, ხალხი უნდა აიცრას, რათა ყველა იყოს დაცული. რაც უფრო მალე ავიცრებით ყველა, მით მეტად დაცულები ვიქნებით, ადამიანები არ დაიღუპებიან და კოვიდის იოლად გადატანის დიდი შანსია.
ფაქტობრივად, წელიწად-ნახევარი შეჯიბრებებიც არ იყო. როცა სპორტსმენს შეჯიბრი არ აქვს, ბუნებრივია, ვეღარ არის ფორმაში. ეს ძალიან ცუდია არა მარტო დიდებისთვის, არამედ – ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის, ვინც ვარჯიშობს, წელიწად-ნახევარი სახლში ჯდომა მოუწიათ.
ძალით ვერავის აიძულებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მე მინდა ვურჩიო ყველას, რომ აიცრან, ჩაიტარონ ვაქცინაცია“,- ამბობს სპორტსმენი.