ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებით აქციას “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს” იწყებს.
როგორც ჩანადირი სოციალურ ქსელში წერს, აქციიაში ჩასართავად საჭიროა, მონაწილეებმა გადაიღონ ფოტო, თუ როგორ იცავენ მოძრაობის წესებს და იმავეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანის გამოწვევის ინიციატივით გამოდის. ჩანადირი აქციაში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, როგორც მძღოლებს, ასევე ქვეითებსაც.
„ბოლო წლებში ავარიებით იმაზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რამდენიც აფხაზეთისა და ცხინვალის კონფლიქტების დროს ერთად აღებული. შემაშფოთებელია. მოძრაობის წესების დამრღვევები ვართ ფეხით მოსიარულენიცა და მძღოლებიც. ეს საკითხი ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა. მოდით, ვიყოთ უკეთესები და უფრო მოწესრიგებულნი. მოდით, შევამციროთ გზებზე სიკვდილიანობა, ხელი შევუწყოთ წესების დაცვას. ჩვენს სახელმწიფოს ჩვენვე მივხედოთ და ნუ დაველოდებით სხვას. ჩვენს გარდა თავს არავინ შეიწუხებს ჩვენი საკუთარი სახლის – სახელმწიფოს ასაშენებლად. საგზაო მოძრაობის წესების დაცვა სახელმწიფოს ერთ-ერთი ღერძია. გთავაზობთ აქციას “ჩვენ ვიცავთ მოძრაობის წესებს”.
ამისათვის საჭიროა გადავიღოთ ფოტო, როგორ ვიცავთ მოძრაობის წესებს და იმავეს გასაკეთებლად არანაკლებ 5 ადამიანი გამოვიწვიოთ. ეს აქცია ყველას ეხება – მძღოლსაც და ქვეითსაც. უმოქმედობა ნიშნავს, რომ ხელს ვუწყობთ სიციცხლის მოსპობასა და სახელმწიფოს მშენებლობის დამუხრუჭებას. ჩემს ფბგვერდზე გამართული დისკუსიიდან ირკვევა, რომ ძირითადი პრობლემაა ზებრა ხაზების უგულვებელყოფა, გზის არასწორად გადაჭრა, ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, საცობებიდან გამოსვლით გზის ჩახერგვა და ასე შემდეგ… ნუ ვიქნებით გულგრილნი.
ეს აქცია არ გულისხმობს ვინმეს მხილებას, გაკიცხვასა და დადანაშაულებას. პირიქით, ერთმანეთი წესრიგის დასაცავად წავახალისოთ. გადავარჩინოთ სიცოცხლე. აქციაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევ როგორც მძღოლებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს“, – წერს სოციალურ ქსელში ჩანადირი.