მილიონების მფლობელი ქალი ცხელ წყალსა და გათბობას არასდროს რთავდა, ყიდდა წაკითხულ გაზეთებს, არ იბანდა ხელებს, არ რეცხავდა, ჭამდა მხოლოდ ცივ შვრიის ფაფას და სუპს. შვილისთვის საოპერაციოდ ფული ვერ გაიმეტა, რაც განგრენითა და ფეხის ამპუტაციით დასრულდა.
ჰენრიეტა გრინი გინესის რეკორდების წიგნში მსოფლიოს ყველაზე ძუნწი ადამიანის სახელით შევიდა. ეცვა ერთადერთი გახუნებული კაბა, რომელსაც არასოდეს რეცხავდა. ხმარებისგან გაცრეცილ თეთრეულს კი მხოლოდ მაშინ იცვლიდა, როდესაც იხეოდა. ამასთან გრინის სახლში საპონიც არ ჰქონდა, რადგან არასოდეს იბანდა.
რთული წარმოსადგენი არ არის, თუ როგორ ”არომატს” აფრქვევდა ქალი, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებდა პირიდან ხახვის სუნი – ხახვს გამუდმების ღეჭავდა, ავად რომ არ გამხდარიყო. თუმცა, როდესაც აფთიაქში ვიზიტი გარდაუვალი იყო, წამლის ჩასასხმელად თავისი ფლაკონით მიდიოდა, რადგან ზედმეტი 5 ცენტის გადახდა არ სურდა.
თეთრეულს და ბავშვების ტანსაცმელს მეძველმანეებთან ყიდულობდა და თითოეულ ცენტზე გულის შეღონებამდე ევაჭრებოდა.
ასეთივე ვაჭრობას მართავდა პურის მაღაზიაში, სადაც ყველაზე გამხმარ პურსა და დაფშვნილ ნამცხვარს ყიდულობდა. ბონუსის სახით კი, ძაღლისთვის ძვალს ითხოვდა, რომელსაც პარტონის მსგავსი საშინელი ხასიათი ჰქონდა. სასადილოებში კი ნამდვილ წარმოდგენებს მართავდა: სუპში კენჭებს ყრიდა და გრანდიოზულ სკანდალს აწყობდა, რათა საფასური აენაზღაურებინათ.
ХХ საუკუნის დასაწყისში (გრინი 1834 წელს დაიბადა და 1916 წელს გარდაიცვალა) მისი ქონება 100-დან 200 მილიონამდე დოლარს აღწევდა, რაც დღესდღეობოთ მილიარდებს უდრის.
”დაზოგო ცენტი – ნიშნავს, გამოიმუშაო ის” – ხშირად უმეორებდა ჰენრიეტა შვილებს. და დადგა მომენტი, როდესაც მან საკუთარი შვილის – ნედის ჯანმრთელობაზეც კი დაზოგა ფული.
გარდა იმისა, რომ შვილების რაციონში ვიტამინებისა და კალორიების ნასახიც კი არ იყო, მილიონერის ქალიშვილს, სილვიას უჭმელობისგან თვალთ დააკლდა. საშინელი სიძუნწის აპოთეოზი კი ოჯახის ტრაგედია იქცა.
11 წლის ნედმა ციგურებზე სრიალისას მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. იმის ნაცვლად, რომ შვილი ნორმალურ ჰოსპიტალში მიეყვანა. ჰენრიეტამ ეკონომიის მიზნით უპოვართა საავადმყოფოს მიმართა უფასო სამედიცინო დახმარების მისაღებად.
საავადმყოფოში ამერიკის უმდიდრესი ქალი იცნეს და უარი უთხრეს ნედს მომსახურებაზე, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდა. გრინმა შვილი სახლში წაიყვანა და თვითმკურნალობას მიჰყო ხელი, რის შედეგადაც ბიჭუნას განგრენა განუვითარდა და ფეხი მოსაკვეთი გაუხდა.
ამპუტაციის საფასური მამამ გადაიხადა, რომელმაც შემთხვევით შეიტყო შვილის უბედურების შესახებ.
ამ მწარე გაკვეთილმაც არაფერი ასწავლა ქალს: ნედი პროთეზის რიგში უპოვართა საავადმყოფოში ჩაწერეს, ბიჭუნა ნახევარი წელიწადი ელოდა იაფფასიან ”ხელოვნურ ფეხს”.
გრინს თუკი გულწრფელად ვინმე ჰყვარებია – ეს მისი ძაღლი დევი იყო. ”ის კუდს აქანავებს და ერთგული თვალებით მიყურებს არა იმიტომ, რომ მილიონები მაქვს, არამედ უბრალოდ ძალიან ვუყვარვარ” – ხშირად იმეორებდა გენრიეტა, როდესაც ურჩევდნენ, თავიდან მოეშორებინა ძაღლი, სტუმრის ან კოლეგის მორიგი დაკბენის შემდეგ.
ჰენრიეტას ეკონომიურობას შვილების გარდა ნათესავებიც შეეწირნენ: ქალის ბიძაშვილმა 10 წლის გოგონა და 8 წლის ვაჟიშვილი დაუტოვა რამდენიმე ხნით გრინს, თავად კი ქმართან ერთად ევროპაში გაემგზავრა.
დაბრუნებულს კი შვილები გაძვალტყავებული და ფეხზე ძლივს მდგარი შვილები დახვდა. ”უოლ-სტრიტის ალქაჯმა”, გარდა იმისა, რომ ბავშვებს არ აჭმევდა, ისინი უახლოეს სამრეცხაოში გაამწესა, სადაც დღეში 14 საათი უწევდათ მუშაობა.
გადატანილი კოშმარების გამო ბავშვები დეპრესიამ შეიპყრო და ლაპარაკი შეწყვიტეს.
რაღა თქმა უნდა, ფინანსური სამყაროს დედოფალი ყველანაირად ცდილობდა თავი აერიდებინა გადასახადებისთვის. თავ-გზას უბნევდა საგადასახადო ინსპექტორებს: ქირაობდა ოთახს იაფფასიან სასტუმროში და გამოგონილი სახელით სახლდებოდა. არც საკუთარი სახლი და არც ოფისი (ისევ და ისევ ეკონომიის მიზნით) მას არ გააჩნდა.
ბომჟის მსგავსი ქალი ბანკებში, საბროკერო კანტორებსა და ფინანსურ კომპანიებში დაწანწალებდა და ეხვეწებოდა დაეთმოთ სამუშაო მაგიდა და სკამი.
ქალს საოცარი ინტუიცია ჰქონდა ბაზარზე ფულის მიმოქცევაზე, აქციებსა და ფასიან ქაღალდებზე. ინფორმაციას, იმის შესახებ, თუ რომელ აქციებს ყიდულობს ქალი, ოქროს ფასი ჰქონდა.
1913 წელს ამერიკაში საგადასახადო სისტემა შეიცვალა, რამაც ჰენენრიეტას ჯანმრთელობა შეურყია.
ჰენრიეტა გრინი 1916 წელს აპოპლეკსიკური დარტყმით გარდაიცვალა, რძის ფასზე ვაჭრობისა და ჩხუბის დროს. მისმა ვაჟიშვილმა მემკვიდრეობა უმალვე გაანიავა, ქალიშვილმა კი ქველმოქმედებას მოახმარა თავისი წილი. ასე უღიმღამოდ დასრულდა ამერიკის უმდიდრესი ქალის ცხოვრება.
წყარო: http://www.bpn.ge