“გილოცავთ, თქვენ iPhone 7 მოიგეთ”- ექსპერტი მაქსიმ იავიჩი ინტერნეტვიქტორინასთან დაკავშირებით მომხმარებლებს აფრთხილებს

თუ ინტერნეტში, სასურველი ვებგვერდის ნაცვლად, მოულოდნელად უცნობ გერმანულ ბმულზე გადამისამართდით, სადაც ქალის ხმით მოგაწოდეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიგოთ iPhone 7 ან რომელიმე სხვა პრიზი, არ დაიბნეთ, რადგან ეს ჰაკერების მიერ შექმნილი ვირუსია, რომელიც თქვენი პერსონალური მონაცემების მითვისებას ისახავს მიზნად.

ვებგვერდის: http://beautifullevel.xyz/winip7de_win.php?s=2209261#b აგებულება განსხვავდება ჩვეულებრივი ვებგვერდებისგან და მომხმარებელს, კიბერკრიმინალების ხაფანგში გაბმის გარდა, სხვა აქტივობის განხორციელების საშუალებას არ აძლევს. ბმულზე გადასვლისთანავე ეკრანზე გამოდის ფანჯარა, რომელსაც ყველა „საჭირო“ ინსტრუქცია ახლავს.

1

იმ შემთხვევაში, თუ ეკრანზე გამოჩენილ ფანჯარას OK-ს დააჭერთ და თანხმობას მისცემთ, რიგრიგობით გამოჩნდება 3 კითხვა, რომლებიც, სწორი პასუხების შემთხვევაში, სმარტფონის “მოგების” შანსს გაძლევთ. შეკითხვები მარტივია, ისევე, როგორც სავარაუდო პასუხები. მაგალითად:  შეკითხვაზე “ვინ დააარსა microsoft?” სავარაუდო პასუხებია: ბილ გეითსი, მარკ ზუკენბერგი და უორენ ბაფეტი.

2

მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ერთ კითხვას გასცემს პასუხს, პროგრამა მაშინვე მეორე კითხვაზე პასუხის გაცემასაც სთავაზობს.  შეკითხვაზე: “სად არის microsoft-ის სათავო ოფისი?” პასუხები კიდევ უფრო მარტივია: აშშ, ინგლისი და რუსლანდი (და არა რუსეთი)

3

მესამე და უკანასკნელი კითხვა ასეთია : “როდის დაარსდა microsoft?” სავარაუდო პასუხებია: 2004, 1975, 2014.

4

მიუხედავად იმისა, სწორად გასცემთ თუ არა  არა პასუხს, ვებგვერდი მაინც აფიქსირებს, რომ თქვენ სამივე კითხვას სწორი პასუხი გაეცით. შედეგად, 3 ოქროს ზარდახშას გიჩვენებთ და გთავაზობთ, რომ აირჩიოთ რომელიმე და კუთვნილი პრიზიც მიიღოთ. ეჭვი იმის შესახებ, რომ პროგრამა მომხმარებლის გაცურებას ცდილობს, კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, რომელი აიპი მისამართიდან გადავა მომხმარებელი აღნიშნულ ბმულზე, რადგან არც შეკითხვები იცვლება და არც სავარაუდო პასუხები.

5

დავუშვათ, მომხმარებელმა პირველი ზარდახშა აირჩია. შედეგი ასეთია – თქვენ მოიგეთ iPhone 7;

6თუ ფოტოს დაუჯერებთ, ყუთში 3 პრიზია: iPhone 7, Playstation 4  და Samsung S6, თუმცა, iPhone 7-ს მომხმარებელი ნებისმიერი ყუთის გახსნისას “იგებს”.

capture2capture1

iPhone 7-ის “მოგების” შემდეგ იხსნება ახალი ფანჯარა, რომელიც გაუწყებთ, რომ “მოგებული” სმარტფონი შენახულია, თუმცა, პრიზის მისაღებად იდენტიფიკაციის გავლა და პერსონალური მონაცემების მითითებაა საჭირო.

capture3

თუკი OK-ს დააჭერთ, ვებგვერდი ახალ ბმულზე გადაგამისამართებთ: http://seen-on-screen.thewhizmarketing.com/chid=299&oid=618&subid=16121311_19_6131_584fca35dd8997f&pubid=a6131s1196_432e754164dc, სადაც მომხმარებელმა, წესით, მისი მონაცემები უნდა შეიყვანოს, თუმცა, ახალი ბმული გაურკვეველ ფაილს აჩვენებს და მომხმარებელს მის კომპიუტერულ მოწყობილობაში დაინსტალირებას სთხოვს.

8

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ საკუთარი iPhone 7-ის მოგების მოლოდინს, თავდაპირველად, გვერდზე არსებული კომენტარები ამძაფრებს, რომლებიც, სავარაუდოდ, სოციალური ქსელის ყალბი ანგარიშებიდანაა დაწერილი. მომხმარებლები, თითქოს, მადლობას იხდიან საჩუქრებისთვის და მიღებული პრიზების ფოტოებს ტვირთავენ.

7

იმის გასარკვევად, თუ რა ტიპის ვირუსთან გვქონდა საქმე და როგორ უნდა დაეცვა მომხმარებელს მისგან თავი, ჩვენ ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტს, პროფესორ მაქსიმ იავიჩს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა, რომ ვებგვერდი მომხმარებლების გაცურებას ე.წ. ფიშინგის მეშვეობით ცდილობდა.

“ამ შემთხვევაში საქმე ბრაუზერის ვირუსთან გვაქვს, რომლის საშუალებითაც ბოროტმოქმედს მომხმარებლის პირადი მონაცემების მიღება სურს. მეთოდი ცნობილია, როგორც ფიშინგი. როგორც წესი, მსგავსი ტიპის ვირუსები მომხმარებლების ბრაუზერში საეჭვო პროგრამების მოხვედრასთან ერთად ხვდებიან”, – განაცხადა იავიჩმა.

მისივე თქმით, ვირუსისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ის იქნებოდა, თუ მომხმარებლები თავს შეიკავებდნენ უცნობი პროგრამების კომპიუტერზე გადმოწერისგან.

“თუკი სასურველი ვებგვერდის ნაცვლად,  ბრაუზერს სხვა ვებგვერდზე გადაჰყავხართ, არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ პირადი მონაცემები. სამწუხაროდ, დღესდღეობით მრავალი სახეობის ვირუსი არსებობს. მათგან თავის დასაცავად სხვადასხვა ხერხია საჭირო. მე გირჩევთ, რომ პირველ რიგში, შეამოწმოთ თქვენი კომპიუტერი ვირუსებზე, წაშალოთ ზედმეტი extension-ები ბრაუზერიდან, წაშალოთ კომპიუტერიდან ბოლო დროს დაინსტალირებული საეჭვო ან თქვენთვის უცნობი პროგრამები და ამოშალოთ ვებგვერდი, რომელზეც რეესტრიდან  უნებლიე გადასვლა ხდება (start -> search -> regedit) აგრეთვე, ამასთან, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბრაუზერის გასასუფთავებელი პროგრამები, მაგალითად, Chrome Cleanup Tool. თუ არც ერთმა ზემოხსენებულმა მოქმედებამ შედეგი არ გამოიღო, მაშინ google-ში აკრიფეთ იმ ვებგვერდის სახელი, რომელზეც ხდება გადამისამართება. გარდა იმისა, რომ შესაძლოა, რომელიმე ფორუმზე იხილოთ ამ ვებგვერდთან დაკავშირებით მომხმარებლის მიერ დატოვებული კომენტარი და კონკრეტული პრობლემის მოგვარების გზაც”, – განაცხადა იავიჩმა.

წყარო:http://cyber.kvira.ge/16226/

კომენტარები

სხვა სიახლეები