გიგა კვენეტაძემ კონტრაქტი ვალერიასთან გააფორმა

”ერთად ყოფნა მოგვნატრებია”, – ასე ჰქვია სიმღერას, რომელზეც რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა მომღერლებმა კლიპი გადაიღეს. თემურ თათარაშვილი, აჩი ფურცელაძე, მამუკა ონაშვილი, ზურა დოიჯაშვილი, აჩიკო ცანკაშვილი და გიორგი მელიქიშვილი ქართველ მსმენელს მალე ახალ კლიპს შესთავაზებენ, რომლის გადაღებებიც უკვე დასრულდა. პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დღით ჩამოსულ გიგა კვენეტაძეს ვესაუბრეთ.

სიმღერა ზურა დოიჯაშვილს ეკუთვნის, ტექსტი – ნანა ცინცაძეს. ოპერატორი და რეჟისორი უკრაინელი ალექსანდრე შივკინია, რომელიც ისეთ პროექტში მონაწილეობდა, როგორიცაა ”ტრანსფორმერი”. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრიდან გამომდინარე კლიპი ძალიან კარგი გამოვა.
– კლიპის გადაღების იდეა როგორ გაჩნდა?
– ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ დიდი პაუზის შემდეგ ახალი პროდუქტი შეგვეთავაზებინა ქართველი მსმენელისთვის. სამწუხაროდ, ყველა მომღერალს ქართულ შოუბიზნესში ძალიან დიდი პაუზა აქვს. კონცერტები არ იმართება. გვინდოდა, რომ სამშობლოსთვის ჩვენი სიმღერა გაგვეხსენებინა და გვეთქვა, რომ საქართველო ძალიან გვენატრება.
– მოსკოვში ხშირად იკრიბებით?
– შეძლებისდაგვარად. სხვა ქვეყანაში წასულ ყველა ადამიანს აქვს თავისი ქვეყნის ნოსტალგია. მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფები. ვინც მოსკოვში ვმოღვაწეობთ, არავისზე ნაკლებად არ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა და გვადარდებს მისი ბედი. მოხარული ვიქნები, საქართველოში უფრო ხშირად რომ ტარდებოდეს კონცერტები და ქართველ მსმენელს ხშირად ვხვდებოდეთ.
საქართველოში რთული გახდა სიმღერის დატრიალება, მარტო რადიოში შეიძლება მიიტანო შენი ნამუშევარი. არ არსებობს მუსიკალური არხი, რომლის მაუწყებლობაც მთელ საქართველოზე იქნებოდა. ჩვენი კლიპიც ”ნანუკას შოუში” უნდა მივიტანოთ. იმედი მაქვს, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს ჩამოყალიბდება მუსიკალური არხი, რომელიც მთელ საქართველოზე იმაუწყებლებს. იმის იმედიც მაქვს, რომ წლიდან წლამდე მომღერლები საარჩევნო კონცერტებს არ დაელოდებიან. ყველაფერი ისევ ისე იქნება, როგორც რამდენიმე წლის წინ. ჩვენს თაყვანისმცემელს ალბათ კარგად ახსოვს, რომ თითქმის ყოველ მეორე კვირას კონცერტები იმართებოდა სხვადასხვა ქალაქში და ამ კონცერტებზე 10 და 15 ათასი ადამიანი მოდიოდა. სიტუაცია რომ შეიცვალა, შეიძლება, შემოქმედი ადამიანების ბრალიცაა, მაგრამ პრობლემას რომ ჩავუღრმავდეთ, ბევრ სხვა ფაქტორსაც აღმოვაჩენთ.
ჩვენი მეგობრობის პროდუქტი, იმედია, ამ სიტუაციას ცოტათი მაინც შეცვლის. ჩვენთან ერთად კლიპში მონაწილეობს ებრაელი მომღერალი, ქალბატონი ანგელინა კაპლანი.
– ებრაელი ქალბატონი მოსკოვში გაიცანით?
– კი. სიმღერა მოსკოვში ჩაიწერა. ყველანი იქ შევიკრიბეთ.
– გეგმავთ სიმღერის რუსი მაყურებლისთვის ჩვენებას?
– ქართულენოვანი სიმღერაა. ჩვენ აქცენტი საქართველოზე გვქონდა გაკეთებული, თუმცა რუსულ ენაზეც შესაძლებელია გაკეთება.
– რომელიმე თქვენგანი საქართველოში დარჩენას ხომ არ გეგმავს?
– პირადად მე თქვენთან ინტერვიუს შემდეგ ისევ მოსკოვში მივდივარ. მოგვიანებით კიდევ ჩამოვალ. სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ მოსკოვში უფრო მეტი საქმე მაქვს. რამდენიმე დღეში ხელს ვაწერ კონტრაქტს ვალერიასთან, რომელმაც ჩემი რამდენიმე სიმღერა შეიძინა. კიდევ სხვა ძალიან საინტერესო გეგმები მაქვს. მათ განხორციელებაში ჩემი მეგობრები მეხმარებიან, რომლებიც მოსკოვში ცხოვრობენ. მინდა, საქართველოშიც გავაგრძელო საქმიანობა. ვმუშაობ ქართულენოვან სიმღერაზე, რომელიც, იმედი მაქვს, ქართველ მსმენელს მოეწონება.
– ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ შეყვარებული ხარ და პირად ცხოვრებაში სერიოზული გგმები გქონდა.
– ეს სერიოზული გეგმები კვლავ გეგმებად რჩება. მარი კარამოვასთან ურთიერთობაში არანაირი პრობლემა არ მაქვს, პირიქით, ყველაფერი კარგად მიდის.
– შენთან ერთად თბილისში თუ იყო ჩამოსული?
– ჯანმრთელობის პრობლემების გამო ამ ეტაპზე ვერ მოახერხა ჩამოსვლა. საბედნიეროდ, ახლა ყველაფერი კარგად არის. უახლოეს მომავალში ჩვენი ურთიერთობის გაოფიციალურებას ვგეგმავთ. მინდა, გაზაფხულზე მარი თბილისში ჩამოვიყვანო და ჩემი ოჯახის წევრებსა და მეგობრებს გავაცნო. ჯერჯერობით ცხოვრებას და მოღვაწეობას მოსკოვში ვაპირებთ და შემდეგ ვნახოთ. ღმერთი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება, განვითარდეს მოვლენები.
– როგორც ვიცი, მარი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ქართულად ვერ ლაპარაკობს.
– მარის მამა ნახევრად ქართველია. ვცდილობ, ქართული ვასწავლო. ვერ სხლავს, მაგრამ მაგებინებს, რისი თქმაც უნდა. ბეჯითი მოსწავლეა. რუსულად ხშირად არ ველაპარაკები. გარკვეული მიზეზების გამო მინდა, ქართული კარგად იცოდეს და მიჯერებს.
– მარის სიმღერა ეხერხება?
– სიმღერასთან შეხება საერთოდ არ აქვს, რესტორატორია და მოსკოვში ერთ-ერთი ცნობილი რესტორნის მენეჯერია.
– შენ გვერდით სიმღერის დაწყებას ხომ არ გეგმავს?
– არანაირად არ ცდილობს, რომ შოუბიზნესის სივრცეში შემოიჭრას. სულ სხვა გეგმები აქვს. ეს ყველაფერი, ერთი მხრივ, კარგიცაა. რაც მთავარია, ძალიან აფასებს ჩემს შემოქმედებას და პატივს სცემს იმ ყველაფერს, რასაც ვაკეთებ. ეს ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენი ურთიერთობები გაღრმავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს საყვარელი ადამიანი შენს შემოქმედებაზე.
– როგორც ვხვდები, არ გინდა, რომ შენი რჩეული შოუბიზნესის წარმომადგენელი იყოს.
– ერთ რამეს გეტყვით, ძალიან რთული პროფესიაა. ბევრ ჩემს კოლეგა მეგობართან მაქვს ურთიერთობა, რომლებსაც თვეში რამდენიმე კონცერტი აქვთ, სხვადასხვა ფართიზე სიარული და სახლში გვიან მისვლა უწევთ. ეს ყველაფერი ძალიან რთული ასატანია ოჯახის წევრებისთვის. შემოქმედმა ადამიანმა ისეთი მეორე ნახევარი უნდა მოძებნოს, ვინც გაუგებს, რაც ძალიან რთულია. დარწმუნებული ვარ, ისეთი ადამიანი მოვძებნე, რომელიც ყველაფერში მიგებს და ყველაფერი ესმის.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები