გია ჯაჯანიძე: მას შემდეგ, არ აღმინიშნავს არც ერთი დღესასწაული

 

არც ერთ დღესასწაულს არ ავღნიშნავ, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე წერს და მიზეზებს განმარტავს.

“შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ჩემს აზრს გაგიზიარებთ.

არც ერთ დღესასწაულს არ ავღნიშნავ, ბევრი მიზეზის გამო.
მხოლოდ ერთ-ერთ მიზეზს გეტყვით. დანარჩენს მემუარებში.

ზუსტი დრო არ მახსოვს, დაახლოებით ორმოცი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ეს აზრი ჩამომიყალიბდა, არც თუ ისე უსაფუძლოდ.

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი სიცოცხლის არსს.
გავიაზრე სამყაროს მიზიდულობა და ენერგია.
ჩემმა გონებამ მძაფრად აღიქვა სიცოცხლის ძალა და გარდაუვალი გარდაცვალება, ამის შემდეგ მთლიანად გავნთავისუფლდი და შეიცვალა ჩემი მსოფლმხედველობა.
მას შემდეგ, არ აღმინიშნავს არც ერთი დღესასწაული.
ჩემთვის ყოველი დღე ახალი წელია, ყოველი დღე შობა, ყოველი დღე აღდგომა და ყოველი დილა, დაბადების დღე.

ჩემმა მეგობრებმა იციან, თუმცა ზოგიერთ ადამიანს არ ჯერა, რომ მიუხედავად სირთულეებისა და ირგვლივ შექმნილი მდგომარეობისა, მაინც ბედნიერებით მაქვს გული სავსე.

რთული გასაგებია, მაგრამ სიცოცხლის სიყვარული ისე მძაფრია ჩემს გონებაში, ნებისმიერ წამს შემიძლია გავიფიქრო, ხვალ შეიძლება აღარ ვიყო და სანამ ვარ სიხარულში უნდა გავატარო დარჩენილი დეები, რადგან ყოველი წამი ღვთისგან ნაჩუქარი ჩემია და ბედნიერი უნდა ვიყო.
ეს ყველაფერი თავისით და მექანიკურად ხდება.

არასოდეს არ მითქვამს: თურმე მაშინ რა ბედნიერი ვიყავი და არ ვიცოდი.
ყველა დროს ბედნიერად ვგრძნობდი თავს, მიუხედავად გაჭირვებისა, ტანჯვისა, არ ქონისა, დაჩაგვრისა და წარუმატებლობისა.

როგორ შეიძლება იტანჯებოდე და ბედნიერი იყო ერთდროულად?
მარტივი პასუხი: გარდაცვლილი არ იტანჯება და არ წუხს.

ახალი დღე დაიწყო, ცოცხალი ვარ და ბედნიერი ვარ.

ბევრი შიძლება არ დამეთანხმოს, გაუგებარიც იყოს, მიუღებელიც, მაგრამ, მე ჩემი განცდა მინდა გაგიზიაროთ.

თუ გიყვარს სიცოცხლე და თუ გახსოვს გარდაცვალება, ნაკლებად გექნება სულიერი ტანჯვა.

თუ შეგიძლია სხვისი სიხარული და ბედნიერება გაიზიარო, უკიდეგანო სასიცოცხლო ენერგიას მიიღებ კოსმოსიდან.

უარყოფითი ფიქრები და აგრესია სასიცოცხლო ენერგიისგან გცლის.
ყველაფერი უნდა მოიმოქმედო და ეცადო, რათა მართო საკუთარი ემოციები, თუ ამას შეძლებ, ბედნიერი იქნები.

2020 წელი მოვიდა. გაიხარეთ”, – წერს გიორგი ჯაჯანიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები