ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში მორიგ გადაცემას აანონსებს, რომლის გმირიც შესაძლოა მისი აქამდე უცნობი ქალიშვილი იყოს.
„ჩემი გადაცემის სტუმარი მგონი თვითონვე ვიქნები. მოკლედ მოგიყვებით: გადაცემის სტუმარი გოგონა კარგად ჩაცმული მოვიდა, ოღონდ სახე აქვს წაშლილი. მაშინვე მივხვდი, რომ საინტერესო ისტორიას მომიყვებოდა, ოღონდ საკმაოდ მძიმეს და შევეცადე, დავხმარებოდი საუბრის დაწყებაში. ჩემს ცხოვრებაში პირველად ვერ მოვახერხე ადამიანის გახსნა და გავგიჟდი. ბოლოს ვუთხარი, თუ ასე ინერვიულებ და არ მეტყვი, რა გჭირს, რით დაგეხმარო, მაშინ ავდგები და წავალ-მეთქი. ბოლოს თავდახრილი მეუბნება შენი შვილი ვარო… გავიხედ-გამოვიხედე სადმე კამერები ხომ არ არის დამონტაჟებული-მეთქი და მომენტალურად თავში მილიარდმა აზრმა გამიელვა… იმდენად გულწრფელად საუბრობდა, გამორიცხულია, ასე ვინმემ ითამაშოს. ახლა ყველაფერს გავაკეთებ, რომ მის სიმართლეში ან სიცრუეში დავრწმუნდე და თუკი მას სურვილი ექნება, გვარსაც მივცემ და საზოგადოებასაც გავაცნობ“, – ამბობს ჯაჯანიძე.