გზა დამლაგებლობიდან სუპერმოდელობამდე – 26 წლის სუპერმოდელს მსოფლიოს ულამაზეს ქალებს შორის ასახელებენ
26 წლის სამხრეთ სუდანელი სუპერმოდელი ანოკ იაი ძლიერი ქალის მაგალითია. მისი ისტორია მართლაც შთამაგონებელია. აფრიკელი გოგონა, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობდა, დღეს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი მოდელია.
ანოკ იაი წარმოშობით სამხრეთ სუდანიდანაა. გოგონა კაიროში დაიბადა, თუმცა 3 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა საცხოვრებლად. ანოკ იაი მრავალშვილიან ოჯახში იზრდებოდა. მისი ოჯახი სოციალურ საცხოვრებელში ცხოვრობდა, ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ და თანხებს, ფაქტობრივად, ყველაფერზე ზოგავდნენ.
ანოკ იაი ექიმობაზე ოცნებობდა და სურდა, ოჯახს როგორმე ფინანსურად დახმარებოდა. ნიჭიერი გოგონა იყო და კარგად სწავლობდა. თუმცა, მისი ცხოვრება ერთმა შემთხვევითმა კადრმა მთლიანად შეცვალა…
ერთ დღეს 178 სანტიმეტრი სიმაღლის, ულამაზესი გოგონა ქუჩაში ფოტოგრაფმა გადაიღო და ფოტო ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ანოკ იაი სამოდელო სამყაროში შეემჩნიათ…
ამის შემდეგ აფრიკელ სუპერმოდელს არაერთი სააგენტო დაუკავშირდა და გოგონამ ისეთ ბრენდებთან თანამშრომლობა დაიწყო, როგორებიცაა Ralph Lauren, Louis Vuitton და Versace. გამოჩნდა პრესტიჟული ჟურნალების გარეკანებზე და დღემდე კონტრაქტებს გლობალურ ბრენდებთან აფორმებს.
2023 წელს მოდის ინდუსტრიამ და თაყვანისმცემლებმა ანოკ იაი “წლის მოდელად” დაასახელა. 2024 წელს კი გოგონა აშშ-ის ტოპ მოდელად აღიარეს.
“ერთ დროს Walmart-სა და სხვა მაღაზიებში 40 საათის განმავლობაში დამლაგებლად ვმუშაობდი.” – განუცხადა Numero-ს სუპერმოდელმა და აღნიშნა, რომ “წლის მოდელის” ჯილდო მისთვის მოულოდნელი და განსაკუთრებით სასიხარულო იყო.
გოგონამ ინტერვიუში გაიხსენა ისიც, რომ 16 წლის ასაკში მშობლებმა უთხრეს, რომ კოლეჯში მისი სწავლის თანხას ვერ გადაიხდიდნენ და თავად უნდა ემუშავა. ანოკ იაი სხვადასხვა საქმეზე მუშაობდა, იყო გამყიდველი და თავისი წარსულის ამ დეტალებს არ მალავს. პირიქით, გოგონა ამაყობს, რომ რთული პერიოდის გავლა და წარმატების მიღწევა შეძლო.
ანოკ იაის ნაომი კემპბელის “მემკვიდრეს” უწოდებენ. მას სოციალურ ქსელებშიც უამრავი ადამიანი ადევნებს თვალყურს და არაერთ კომპლიმენტს უწერენ.
გასულ წელს Vogue-ის გარეკანი დაამშვენა, რომელიც კარლ ლაგერფელდს ეძღვნებოდა. ირინა შეიკთან და ჯიჯი ჰადიდთან ერთად კი Versace-ს სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა.
ანოკ იაი საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ საჯაროდ არ საუბრობს, ამიტომაც მედიაში ამაზე ინფორმაცია არ ვრცელდება.
სუპერმოდელს ხატვა განსაკუთრებით უყვარს და როცა თავისუფალი დრო აქვს, ხატავს.
ის წარმატებულ კარიერას აგრძელებს, ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებაზე, შესანიშნავად გამოიყურება და უამრავი ადამიანის ყურადღებას იპყრობს.
წყარო: https://mshoblebi.ge