“გვირტყამდნენ ფეხში, თავში, ან სადაც მოახერხებდნენ” – სულისშემძვრელი ინტერვიუ ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილ აღსაზრდელთან
„იქ მხოლოდ იმას ისწავლი, როგორ უნდა იყო მონა” – ამის შესახებ „კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი საუბრობს.
ის პანსიონში და-ძმასთან ერთად მიიყვანეს.
„იქ ყოველდღიური ძალადობა იყო ბავშვებზე. ფაქტობრივად, ძალადობის ყველა მეთოდი გამოიყენებოდა ჩვენ მიმართ. ნინოწმინდაში თითქმის მუდმივად ზამთარია და ძალიან ცივა. როდესაც ვიღაც რაღაცას დააშავებდა, ყველა, ვინც საერთო ოთახში იყო, ანუ 25 ბავშვი დგებოდა ფეხზე და გაღებულ ფანჯარასთან მთელი ღამის განმავლობაში 2 ხელი ზემოთ უნდა გვქონოდა, ერთი ფეხი აწეული და ასე უნდა ვყოფილიყავით სიცივეში მთელი ღამე ფანჯარასთან.
პანსიონატში მე, ჩემი ძმა და და მოვხვდით ერთად. სკოლაში ხელითაც გვეხებოდნენ, მასწავლებლები მსხვილ ჯოხებს გვირტყამდნენ ფეხში, თავში, ან სადაც მოახერხებდნენ. გვაშიმშილებდნენ, შემდეგ საჭმელს ვიპარავდით, ან ერთმანეთის ლოგინთან დაყრილ ნაფჩხვენებს ვჭამდით. ერთმა ბავშვმა გაბედა და შეეწინააღმდეგა აღმზრდელს და ამის გამო, ერთი კვირის განმავლობაში, არც ერთი ღამე არ დააძინეს და შეშა აჩეხინეს.
ასევე, ინფორმაცია მაქვს მომვლელებზე, რომლებიც ჩვილ ბავშვებს პამპერსებს და საჭმელებს პარავდნენ და 2 თვეში რომ იცვლებოდნენ ეს მომვლელები, სახლში მიჰქონდათ ხოლმე ყველაფერი.
როდესაც პანსიონატში მოდიოდნენ ჟურნალისტები, ფონდის წევრები, მოჰქონდათ საჩუქრები, თანხას წირავდნენ პანსიონატს, იმ დღეს ამ საჩუქრების აღების უფლება გვქონდა, მაგრამ მეორე დღეს ჩამოივლიდნენ, ამ ყველაფერს ჩამოგვართმევდნენ ხოლმე.
ნინოობის დღესასწაულზე სასულიერო პირები, მამაოები მოდიოდნენ მთელი საქართველოდან. თვითონაც იცოდნენ, იქ რა სიტუაციაც იყო, მაგრამ ამით არ ინტერესდებოდნენ. ჩვენ ვერ ვბედავდით მათთვის ამ ძალადობაზე საუბარს.
ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, შიმშილისგან გულიც კი მიმდიოდა ხოლმე, ფიზიკურად ვერ ვუძლებდი, გვაიძულებდნენ მთელი ღამე ეკლესიაში გაგვეთენებინა. დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ ხოლმე მამაოები, აღსაზრდელები და ა.შ. და ძალიან დიდი სუფრა ჰქონდათ ხოლმე, ჩვენ ნარჩენებს გვაჭმევდნენ, სხვის ნაჭამ თეფშებზე.
ზოგს ისე აშინებდნენ, რომ ბავშვები შარდსაც ვერ იკავებდნენ და ამის გამო კიდევ ურტყამდნენ. პატარა უპატრონო ბავშვი ერთხელ ისე დააგდეს დაბლა, ძლივს უშველეს და გადაარჩინეს. ამ ყველაფერს დედაოები უყურებდნენ. საბანაოდ მომვლელებს შევყავდით და იქაც ძალადობდნენ, ფიზიკურადაც გვეხებოდნენ. მიხაროდა თავიდან სასულიერო სკოლაში და თავშესაფარში რომ მივდიოდი, მაგრამ იქ რომ მივედი, სასულიეროსი არაფერი დამხვდა, ერთი ის იყო, რომ მხოლოდ ეკლესია იდგა. მე ამ სკოლამ დიდი იარა დამიტოვა.
ერთხელ, ზაფხული იყო და პანსიონატში დედაჩემმა მომაკითხა, მას მოვუყევი რაც ხდებოდა და ამის შემდეგ წამიყვანა ბათუმში სხვა პანსიონატში, თუმცა იქ ჩვენ მეუფემ არ მიგვიღო, დედაოებმაც გარეთ გამოგვყარეს. შემდეგ მამაჩემმა ისევ წამიყვანა ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც გვითხრეს, რომ ვეღარ მიმიღებდნენ, რადგან ადგილები არ იყო.
ახლა, ვინც პანსიონატში დღეს იმყოფება, ზუსტად ვიცი, საშინლად იტანჯება. ჩემი აზრით, მშობელს, ვინც ბავშვს ამ ადგილას ტოვებს, დედობის და მამობის უფლება უნდა ჩამოერთვას. ერთი მასწავლებლის სახელი და გვარი ვიცი, ვინც ჩვენი დასჯის მეთოდებში ყველაზე დიდ მონაწილეობას იღებდა – ეს არის ნანა ქ., მაშინ პანსიონატში მუშაობდა.
ამ პანსიონატში ვერაფერი ვისწავლეთ, გაუნათლებლები გამოვედით იქედან, იქ მხოლოდ იმას გაიგებ, რომ უნდა იყო მონა და ყოველთვის უნდა დაიჩოქო სხვების წინაშე. ამას იმიტომ ვყვები, რომ მინდა ეგ დაწესებულება დაიხუროს, აღარ უნდა არსებობდეს ეგ. უნდა დაისაჯოს ჯერ მეუფე და შემდეგ ყველა აღმზრდელი თუ მასწავლებელი,” – ყვება “რუსთავი 2-თან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პანსიონატის ყოფილი ბინადარი.