კოლეჯ “სპექტრის დირექტორმა მათე ტაკიძემ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაცემული რეკომენდაცია “დარჩი სახლში” სოციალური ქსელების მომხმარებლებისთვის უფრო ფერადი გახადა და კოლეჯ “სპეტქრის” Facebook გვერდზე ახალი გამოწვევა – #გვიამბეკარგი წამოიწყო.
როგორც თავად მათე ტაკიძე განმარტავს, გამოწვევის მიზანი კარგი, სასიამოვნო და დადებითი ისტორიების, ამბების გახსენებაა, რომელიც სახლში დარჩენილი ადამიანი იმ სტრესულ ფონზე, რაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშია, პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.
“ამ გამოწვევის მიზანი ადამიანებისთვის სტრესული და დაძაბული ყოველდღიურობის შემსუბუქებაა, ჩვენი კოლეჯის ფეისბუქგვერდზე ყოველდღიურად იტვირთება ვიდეოები და საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოჰყა გამოწვევას, რაც ნამდვილად სასიხარულო ამბავია. მონაწილეები კითხულობენ საყვარელ ლექსებს, იხსენებენ წარსულ ამბებს. ვცდილობთ, ადამიანებს ამ ვირუსით გამოწვეული დაძაბული გარემო შედარებით გავუხალისოთ”, – ამბობს მათე ტაკიძე.
მისი განმარტებით, გამოწვევაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მათ უნდა ჩაწერონ ვიდეო ან ტექსტური სახით თანდართულ ფოტომასალასთან ერთად კოლეჯ “სპექტრის” ფეისბუქის გვერდზე გააგზავნოს ის. რის შემდეგაც მის ნაამბობ ამბავს ასობით ადამიანი მოისმენს ან წაიკითხავს.