საქართველოს ეტლით მოფარიკავე გოგონათა ნაკრების წევრი, პარამოფარიკავე გვანცა ზადიშვილი ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პანდემიის დასასრულებლად კოვიდსაწინააღმდეგო აცრა ერთადერთი გამოსავალია.
პარამოფარიკავე ამბობს, რომ რეგულაციებმა და პირბადის ტარებამ ის შედეგი არ გამოიღო, რასაც ველოდით, ვაქცინაციის დაწყების შემდეგ კი ვირუსის გავრცელებაც და სიკვდილიანობაც შემცირდა.
„კაცობრიობას ამ ვირუსისგან დაცვა სჭირდება და ეს დაცვა ვაქცინაციაა. როგორც უკვე ვნახეთ, შეზღუდვებმა, პირბადემ, „ლოკდაუნმა“ საჭირო შედეგი ვერ გამოიღო. ერთადერთი იყო ვაქცინა, რომელმაც მართლაც შეაჩერა ვირუსის გავრცელება, საგრძნობლად შეამცირა სიკვდილიანობაც.
მე ვისურვებდი, რომ უფრო მეტი სერიოზულობით მოვეკიდოთ ამ საკითხს, მედიცინა დღეს ნამდვილად დგას იმ საფეხურზე, რომ ჩვენი ნდობა ჰქონდეს.
ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინას არ იკეთებენ ან საერთოდაც ეწინააღმდეგებიან მას, უნდა დაფიქრდნენ, რომ რეალურად ერთადერთი გამოსავალი არის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა. ანტივაქსერულმა მოსაზრებებმა იმ ადამიანებში ჩანერგა შიში, ვისაც საკმარისი ცოდნა არ აქვს. რეალურად, მეც არ მაქვს ამ სფეროში სათანადო ცოდნა, მაგრამ სწორი ინფორმირებით უნდა შევთანხმდეთ, რომ ვაქცინაცია მართლაც ერთადერთი გამოსავალია პანდემიის დასასრულებლად”, – განაცხადა გვანცა ზადიშვილმა.