გერმანიის ექს-კანცლერს ცოლი მეხუთედ მოჰყავს

გერმანიის ექს-კანცლერი გერჰარდ შრედერი ოჯახის შექმნას მეხუთედ გეგმავს. ამჯერად 73 წლის პოლიტიკოსის რჩეული 48 წლის კორეელი კიმ სო იონია. შრედერის განცხადებით, საქორწინო ცერემონიალი შემოდგომაზე გაიმართება. მისი თქმით, ქორწილის ადგილი და ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
შრედერის რჩეულმა ქალბატონმა კი სამხრეთ კორეულ მედიას გაანდო, რომ საქორწინო ღონისძიების გეგმა მოგვიანებით იქნება გასაჯაროვებული.
წყვილი რამდენიმე წელია ერთმანეთს ხვდება. კიმ სო იონი, მეწარმეობის განვითარების გერმანულ კორპორაციაში მუშაობს. წყვილს ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება-სამხრეთ კორეასა და გერმანიაში.
ცოტა ხნის წინ, შრედერმა აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა კორეული ენა ესწავლა და „ნორმალურად ეცხოვრა“ თავის რჩეულთან ერთად. ამ დროისთვის ის მეოთხე ცოლთან, დორის შრედერ-კორფთან განქორწინების პროცესს გადის. ამ ქორწინებაში შრედერს ორი ნაშვილები შვილი ჰყავს. მისი მეოთხე მეუღლე დეპუტატია და ქვედა საქსონიის შს მინისტრ ბორის პისტორიუსს ხვდება. ცნობილია, რომ შრედერ-კაუფმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ახსნა, რომ მისი ქმრის და კიმ სო იონის ურთიერთობა გახდა მისი ოჯახის ნგრევის მიზეზი.

კომენტარები

სხვა სიახლეები