გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა
გელა პატაშური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელია, რომელიც GePhO-ს (Georgian Physics Olympiad) ერთ-ერთი დამფუძნებელი, მმართველი გახლავთ და ფიზიკის დარგში უკვე საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ოლიმპიადის პრიზიორიცაა.
დღეს სწავლასთან ერთად გელა ძალიან ბევრ პროექტსა თუ საქმიანობაშია ჩართული, რომელთა შესახებაც ის თავად გვიამბობს.
-გელა, საზოგადოებამ ახლოს „ინოვაციური ონლაინ პროექტის“ ფარგლებში გაგიცნო, სადაც ფიზიკის მოწვეული პედაგოგი ხარ, გვიამბე შენი პროფესიული საქმიანობის შესახებ.
-„ინოვაციური ონლაინ პროექტი“ ერთ-ერთი ამერიკელი ბიზნესმენის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტია საქართველოში, რომელიც ორი წლის წინ შეიქმნა და გვთავაზობს სასწავლო ვიდეოლექციებს, რომლებიც გამოირჩევა თავისი ორიგინალური „გამჭვირვალე დაფით“, რითიც საკითხების გაგება მსმენელისთვის უფრო მარტივი და მოსახერხებელი ხდება. სამწუხაროდ, საქართველოში არსებულ სკოლებში ტექნიკური საგნებს არ ექცევა საკმარისი ყურადღება და ამ პროქტის მიზანი სწორედ ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის ხელის შეწყობაა და მეც, ჩემი მხრიდან, ვცდილობ, საკუთარი წვლილი შევიტანო ამ საქმეში.
გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა პარალელურად, ვეკუას სკოლაში საოლიმპიადო ფიზიკის წრის, ხოლო კომაროვის სკოლაში საოლიმპიადო ასტრონომიისა და ასტროფიზიკის წრის მასწავლებელი ვარ, მართალია, რთულია, ამ ყველაფრის ერთმანეთთან შეთავსება, მაგრამ მიხარია, რომ ჩემს გამოცდილებასა და ცოდნას სხვებს ვუზიარებ და ვეხმარები წარმატების მიღწევაში. ამის გარდა, თავადაც დიდ გამოცდილებას ვიღებ, ვსწავლობ ლაპარაკს, ჩემი აზრის გამოხატვას, ვეჩვევი სწორად მეტყველებას და ბავშვების დასმული კითხვების საშუალებით ფიზიკის საკითხებში უფრო ღრმად ვიხედები. უნივერსიტეტის პირველ კურსზე არის საკითხები, რაც უკვე ვიცი და ლექციებზე სიარული აღარ მიწევს, ამიტომ წელს შედარებით მეტი დრო მრჩება ამ ყველაფრისთვის.
-გარდა იმისა, რომ ბევრ საერთაშორისო ოლიმპიადაზე გვასახელე, ასევე – თარგმნე სავჩენკოს წიგნი „ამოცანები ფიზიკაში“, თარგმნის პროცესი კიდევ უფრო სხვა ცოდნასა და მიდგომებს მოითხოვს, რამ გადაგაწყვეტინა ეს ნაბიჯი გადაგედგა?
-კომაროვში ეროვნული და ფიზიკის საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მომზადებას ვიწყებთ სავჩენკოს წიგნით.
ამ წიგნით ვსწავლობთ საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდებს, რაც სიღრმისეულად გვარკვევს ფიზიკის მოვლენების მოქმედების პრინციპში და მის გამომწვევ მიზეზებში, მაგრამ ბავშვების უმეტესობამ რუსული არ იცის, რის გამოც, დამოუკიდებლად რთულია სავჩენკოს ამოცანების გაკეთება. გარდა ამისა, ჩემი აზრით, ბავშვებს რომ არც უჭირდეთ რუსული, აუცილებელია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი ქართულადაც იყოს ნათარგმნი, სწორედ ამიტომ წელს მთელი ზაფხულის განმავლობაში ვთარგმნიდი ამ წიგნს და ვამუშავებდი დიზაინს. წიგნის საწყისი თავები ქუთაისში რაზმაძეს სახელობის სკოლაში უკვე ნათარგმნი ჰქონდათ, დიდი ნაწილი კი მე ვთარგმნე და ბოლოს, როცა ძალიან გადავიღალე ექვსკაციანი ჯგუფი შევქმენი ჩემი კომაროველი მეგობრებისგან და ერთობლივი ძალით მთელი მასალა წარმატებით ითარგმნა. დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი ძალიან დაეხმარება ბავშვებსა თუ მასწავლებლებს და გაუადვილებს მათ სწავლების პროცესს.
გელა პატაშური – პირველკურსელი ფიზიკოსის საერთაშორისო წარმატებები და მასწავლებლობასთან შეთავსებული სტუდენტობა
-ფიზიკა არცთუ ისე ხშირად არის ბავშვების საყვარელი საგანი, მოგვიყევი, როდის დაინტერესდი პირველად ამ სფეროთი და როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ბავშვობაში ვზარმაცობდი და სკოლაში ცუდად ვსწავლობდი, სანამ მეექვსე კლასში ფეხი არ მოვიტეხე და რამდენიმე თვე სახლში მომიწია ყოფნა.
ამ პერიოდში წიგნების კითხვა დავიწყე, რამაც მთლიანად მომწყვიტა ჩემს ძველ ცხოვრებას და ცნობისმოყვარეობა გამიღვივა. ეს ინტერესი იმდენად ძლიერი იყო, რომ მთლიანად მავიწყებდა გარშემომყოფებს, ერთადერთი, რასაც აზრი ეძლეოდა იყო სამყაროს არსზე, ადამიანთა რაობასა და ღმერთის არსებობა-არარსებობაზე ფიქრი. სკოლაში ფიზიკის სწავლა მერვე კლასში დავიწყეთ, კარგად მახსოვს პირველი ფიზიკის გაკვეთილი. მასწავლებელი ხსნიდა რა საკითხებს შეისწავლიდა ფიზიკა, მე კი გაკვირვებისგან თავს ვეღარ ვიკავებდი, ვიგრძენი რიმ მზად ვიყავი ამ საკითხებზე ფიქრისთვის ცხოვრება მიმეძღვნა. გაკვეთილი რომ დამთავრდა – უკვე მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი ფიზიკოსობა. იმის მერე დღე არ გასულა, რომ ფიზიკა არ მემეცადინა. მეცხრე კლასში კომაროვში ჩავაბრე. ამ სკოლამ ფიზიკის მაღალ დონეზე სწავლასთან ერთად, საშუალება მომცა საერთაშორისო ოლიმპიადებზეც მიმეღო მონაწილეობა, სადაც უამრავი ჩემნაირად დაინტერესებული ბავშვი აღმოვაჩინე და დიდი გამოცდილება მივიღე – როგორც პროფესიულად, ისე ცხოვრებისეულად.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინდა შემოქმედი მეცნიერი დავდგე, რომელიც არ დასჯერდება უბრალოდ ცოდნას, არამედ იფიქრებს თანამედროვე გადაუჭრელ საკითხებზე, რომელიც იფიქრებს აღმოჩენებზე და დატოვებს თავის კვალს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ეს არის ჩემი სამომავლო პროფესია და ეს არის ჩემი სამომავლო მიზანი.
წყარო:https://www.doctrina.ge