“გახსოვთ თბილისი კომუნისტების დროს” – ნათია ფანჯიკიძე სპეცოპერაციის შესახებ

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე კლუბებში განვითარებულ მოვლენებზე წერს.
“რანაირი ღამე ყოფილა გუშინ?
გახსოვთ თბილისი კომუნისტების დროს, როცა ქალი კაფეში ვერ შევიდოდა, რადგან კაფე არც არსებობდა, იყო მხოლოდ რუსთაველზე ერთი საღვეზელე და ლაღიძის ხაჭაპური, სადაც ბავშვი და ქალი შევიდოდნენ. გახსოვთ 90-იანი წლების თბილისი, როცა აღარც ეს იყო და აღარც არაფერი. გისოსებში ჩასვა ხალხმა საკუთარი თავი, ერთმანეთისგან დასაცავად, სახლის ფანჯარა თუ კანტიკუნტად არსებული მაღაზია, მთელი ქალაქი რკინის ფარდა-ჟალუზით იკეტებოდა, სული გეხუთებოდა ამ საშიშ, ვოლიერებად ქცეულ ქალაქში, სასტუმრო არ იყო, სადაც სტუმარი ღამეს გაათევდა, ადგილი არ იყო, სადაც ყავას დალევდი… ხედავთ დღევანდელ თბილისს, როგორია? ყველა ტიპის ადამიანისთვის გაჩნდა თავშეყრის ადგილი, არის დღის კაფეები, სადაც გახსნისთანავე მოწევა აკრძალული იყო, ამა წლის 1 მაისიდან არ დაუწყიათ, ბავშვსაც შეიყვან, მარტოც შეხვალ, წიგნს წაიღებ და წაიკითხავ, ისეთი სიწყნარე და კომფორტია, სახლში თუ პირობები არ გაქვს, კაფეში იმეცადინებ. გაჩნდა ყველა ბავშვის საყვარელი ადგილები, ვენდისი თუ მაკდონადსი, ნაირნაირი, სხვა ქვეყნების სამზარეულო გაჩნდა რესტორნებში, შანსი გაგვიჩნდა უცხო კულტურის გემოები გავსინჯოთ, გავეცნოთ რას ჭამენ იაპონელები, ჩინელები, როგორ იკვებებიან ფრანგები.. გაჩნდა მაღალი კულტურის მქონე ქართული კერძების რესტორნები.. სულ მინდა მადლობა ვუთხრა ამ თბილისური რესტორნების, უმშვენიერესი ადგილების გამჩენ ნიჭიერ ადამიანებს, ვინც ასეთ კულტურულ ატმოსფეროს ქმნის. გაჩნდა კლუბები, სადაც ადამიანებს ცეკვის, განსხვავებული მუსიკის მოსმენის საშუალება აქვთ და განვითარდა დიჯეის პროფესია, ქართველი დიჯეები საუკეთესოებად ითვლებიან უკვე ევროპაშიც კი. ეს კლუბები უამრავ ახალგაზრდა ტურისტს იზიდავს.. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს გუშინდელი წიოკი უცხოელი სტუმრების მიერ არაორდინარულ თავგადასავლად იქნება აღქმული და არა საფრთხედ და უსიამოვნებად, რომელიც მათ განიზიდავს ჩვენი ქალაქისგან. ნარკოტიკის გამსაღებლებს სახელმწიფო უნდა ებრძოდეს, მაგრამ არა ასეთი ფორმით, არა კლუბების კულტურის მოსპობით. ასე პრობლემა ვერ გაქრება, მაგრამ პრობლემა გაჩნდება, ქალაქს დააკლდება ერთერთი კომპონენტი, რომელიც მას ქალაქის სახეს აძლევს. არასდროს, ბავშვობაშიც არ მიყვარდა ხმაურიანი მუსიკა და ღამისთენება, სულ რამდენჯერმე გამიძლია ასეთი ხმაურისთვის, ისიც ჩემი ხმაურისმოყვარე ახლობლების ხათრით და კამპანიონად, მაგრამ არასდროს მქონია უცნაური ინსტინქტი, რაც მე მიყვარს, მხოლოდ ის არსებობდეს, ან რაც არ მიყვარს არ არსებობდეს. მთავარი, რაც უნდა ვისწავლოთ, არის ნებისმიერი ადამიანის კანონიერი ინტერესების პატივისცემა. ადგილები, სადაც კარგ მუსიკას უკრავენ, ქალაქში უნდა იყოს, ნუ მოახდენთ კლუბების დემონიზებას, ნარკოდანაშაული ბევრად ფართო ასპარეზზე და ბევრად მასშტაბურადაა საბრძოლველი. სიყალბეა, ექსკლუზიურად კლუბებს მიეწეროს ამ პრობლემის ბოლოდროინდელი ასეთი აფეთქება და ილუზია შეიქმნას, რომ ამ კლუბების დარბევის გზით მოგვარდება პრობლემა”. – წერს ფანჯიკიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები