სიმღერასთან შეხება დიდად არ ჰქონია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ, როგორც ყველა იმ პერიოდის ბავშვმა, მუსიკალური შვიდწლედი დაამთავრა. სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მომღერალ ნაილა ხუნწარიას ასახიერებს. მის გმირს იმდენი ქმარი ჰყავდა წარსულში, რომ სათვალავი თავადაც ეშლება. მის ბოლო ქმარს სერიალში ზუზუ ბეჟაშვილი ასახიერებდა. მძიმეწარსულგამოვლილი ნაილა დიდი საფრთხის წინაშე დგას. მსახიობი ნინო ლეჟავა ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული, ლუნასთან დაპირისპირების სცენაც ვნახოთ შემდეგ სერიებში.
ჩვენი სტუმარი მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი ნინო ლეჟავაა:
– ნინო, ხშირად მაყურებელი გმირს მსახიობთან აიგივებს და შესაბამისადაც აფასებს. თქვენ თუ გაქვთ ასეთი შემთხვევები სოციალურ ქსელში?
– მგონი, დროა, 21-ე საუკუნეში მაყურებელმა გმირი და მსახიობი ერთმანეთისგან განასხვაოს. ჩვენ ვასრულებთ იმ გმირებს, რომელსაც რეჟისორი და სცენარისტი გვთავაზობენ და რადიკალურად განსხვავებულები ვართ ჩვენი გმირებისგან.
– უცნაურია, რომ კიდევ ამის ხაზგასმა გიწევთ…
– მიწევს, სამწუხაროდ. არაერთი შემთხვევა იყო, როცა ამის გამო მსახიობი ბულინგის მსხვერპლი გახდა. მაგალითად, ჩემს კოლეგასა და მეგობარს ნინო მუმლაძეს, რომელიც ნათიას როლს ასრულებდა ამავე სერიაში, იმ სტომატოლოგიურ კლინიკასთან, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, ტრანსპარანტები გაუკრეს, წარწერით: „მოღალატე, ოჯახს ანგრევ!“ და იმასაც ვერ მიხვდნენ, რომ ნინო იქ კი არ მუშაობდა, ეს გადასაღები მოედანი იყო. მიწაში ჩადეს და ამოიღეს ბევრჯერ. ასევე, ნუგოს როლის შემსრულებელმა, ვახტანგმა მომიყვა ასეთი ფაქტი: ბაზარში ახალი კარტოფილის ფასი უკითხავს და გამყიდველს უთქვამს, შენთვის 7 ლარი ღირსო. რატომო, უკითხავს. შენ ისეთი ბიზნესმენი ცოლი გყავს, ფულის მეტი რა გაქვსო… დავით გოცირიძის როლის შემსრულებელს, ლევან ყოჩიაშვილს ჰკითხეს ერთხელ, შენ სადაური გოცირიძე ხარო… ასეთი ფაქტი ბევრია. ჩემთან ჯერ ახლოს არ მოსულა ასეთი ამბები, შეიძლება იმიტომ, რომ შეგნებულად არ ვკითხულობ კომენტარებს. იმიტომ არა, რომ გავბრაზდები. უბრალოდ, არ მაინტერესებს. მე ვიცი, ვინ ვარ, მყავს არაჩვეულებრივი ოჯახი, რეჟისორი მეუღლე და 4 ბიჭი.
– და არავის ოჯახს არ ანგრევ…
– არანაირად. არც მცალია სამაგისოდ. სხვის ოჯახებს რომ ანგრევენ, ასეთი ქალები არ მომწონს. ასე რომ, რადიკალურად განსხვავებული ტიპაჟი ვარ ნაილა ხუნწარიასგან. თუმცა ყველას თავისი წარსული და პირადი ტრაგედია აქვს. ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ცხოვრებით უცხოვრია ნაილას მანამდე, რა ტრაგედიას ინახავს მისი ცხოვრება.
– შენ როგორი წარმოგიდგენია მისი წარსული?
– ჩვენი წარსული სცენარისტის ხელშია, ისიც კი – სადამდე ვიქნებით სერიალში. მინდა ამ როლმა თამაშის მეტი საშუალება მომცეს. მე რომ სცენარისტი ვიყო, ერთ დღესაც ნაილას აბსოლუტურად სხვა სახეს აღმოვაჩენდი. რომ მაყურებელმა იფიქროს, როგორი დრამატული პიროვნება ყოფილა, დახვეწილი, კონსერვატორიადამთავრებული, მაგარი მუსიკოსი შეიძლება აღმოჩნდეს ნაილა ერთ მშვენიერ დღეს. და იმის გამო, რომ ხალხის გემოვნება, მასშტაბურად, ასეთი ტიპის სიმღერებისკენ იხრება, მოუწია ტაში-ტუშების მღერამ და სმასაც მიჰყო ხელი. ამით თავის ტრაგიზმს მალავს… უპრობლემო დღეს არავინაა, არც მე და თუ შემამჩნიეთ, რომ უცნაურად კარგ ხასიათზე ვარ, ე.ი. რაღაცას ვმალავ. ჩემი ცხოვრებაში თამაში მხოლოდ ამაში გამოიხატება, რომ დავფარო პრობლემა, რომელიც მაქვს.
– რა არის დღეს შენი მთავარი პრობლემა?
– ის, რომ ჩემს შვილებს სათანადო განათლება მივცე. ღმერთმა დამიფაროს და ხვალ რომ აღარ ვიყო, ვერაფერს ვერ ვუტოვებ. ეს ჩემი ტრაგედიაა. ბევრია დღეს ამ დღეში. ყოველდღიურად მადლობას ვეუბნები უფალს, რომ ეს მაინც მაქვს. ჩემზე უარესადაც არის ხალხი. ყველას თავისი სტკივა. ამდენი გაჭირვებული და ხელგაწვდილი ქართველი ბავშვობიდან არ მახსოვს. ეს მტკივა. მიხარია გაღიმებული ადამიანების ცქერა, რაც დიდი დეფიციტია დღეს. ქუჩაში ჩაფიქრებული და შინაგანად დაბერებული ადამიანები მხვდებიან. სახეზე მათ ისტორიას ვკითხულობ, ადამიანები რიცხვებზე ფიქრობენ, რამდენ დღეში რომელი კომუნალური თუ საბანკო გადასახადი მოსდით.
– ვიცი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ვიწროდ ცხოვრობდით ბინაში. თუ მოგვარდა ეს პრობლემა…
– როგორ მოგვარდებოდა. მე ვერ ვივლი ოლიგარქების კარდაკარ და ვერ ვეტყვი, ბევრი შვილი გავუჩინე მამულს და მეკუთვნის-მეთქი. ნუ გააჩენდიო, ძალიან მარტივი იქნება პასუხი. ზოგადად, არავის შეწუხება არ მიყვარს და თან ზუსტად ვიცი, რომ არავინ ისე არაფერს არ გაგიკეთებს, მერე რომ არ შეგახსენოს და არ დაგაყვედროს. ძალიან მინდა ისე ფასდებოდეს მშრომელი ადამიანების შრომა, რომ ამ თავისი ხელფასით შეიძინონ ის, რაც სურთ. თუნდაც ბინა, მანქანა და ა. შ. ზოგჯერ ისეთ თანხას გთავაზობენ ამა თუ იმ ფილმსა თუ სერიალში, შეურაცხყოფილი რჩები.
– შეიძლება „ჩემი ცოლის დაქალების“ ჰონორარი გკითხოთ?
– კი. 150 ლარი ერთი დღე გადაღება. დღეს, მაგალითად, ორი სერიის გადაღება მაქვს.
– ისევ რესტორანში იჯდებით შენ და ნუგო?
– რასაკვირველია. მაგრამ ვეღირსე იმას, რომ ფხიზელი ვარ. სულ მთვრალია ამ სეზონზე ეს ქალი. სინამდვილეში წვეთს არ ვსვამ. მიყვარს ლუდი და მსუბუქი ალკოჰოლური კოქტეილი, ისიც ერთი-ორი ჭიქა. ზოგადად, არ მომწონს მთვრალი მდგომარეობა. ფხიზელს მირჩევნია მთვრალების ყურება, მათგან ბევრ რამეს ვიღებ შემდეგ როლისთვის.
– ნაილას მსგავსი ტიპაჟი შეგხვედრია რეალურ ცხოვრებაში?
– რამდენიც გინდა. კაფე-რესტორნებში სიარულით განებივრებული არ ვარ, მაგრამ კორპორაციულ საღამოებზე, ბანკეტებზე შევსწრებივარ ასეთებს სხვა მაგიდებთან. ერთი ცეკვა მაქვს ნანახი და ერთი სული მაქვს, როდის მოუწევს ნაილას ცეკვა.
– რატომ არ ეშინია ნაილას ლუნასი, საკმაოდ ძლიერი კონკურენტი ჰყავს, ნუგოს მეუღლის სახით…
– მესამე ვერ ანგრევს სიტუაციას, როცა მეორე მყარად დგას. ანუ ნუგოს რომ არ ნდომოდა, ვერაფერს გავხდებოდი. ნუგო, როგორც მამაკაცი, ოჯახის უფროსი და ქამარი დამცირებულია, ხომ ხედავთ, როგორ ექცევა ლუნა. ამ დროს ნუგოს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც მეტი ყურადღება გამოიჩინა, მოუსმინა და სითბო აჩვენა. და ლუნა რას შვრება ამ დროს? ყრდელის ბიზნესის განვითარებისთვის და გამყარებისთვის, ხან პრეზიდენტს ეკურკურება და ხან სხვა ბიზნესმენებს.
– შეიძლება ეს ამბავი ნაილამ სათავისოდ გამოიყენოს?
– არ მგონია, ჩემი აზრით, ლუნა და ნუგო არ უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. ნაილა მიჩვეულია პარტნიორების ცვლას, არ იდარდებს ნუგოს დაკარგვასაც. არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ლუნამ ნაილა გაწეწოს.
– ვიცი, რომ ძირითადად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობ, როგორ გხვდებიან ქუჩაში გამვლელები?
– ფეხითაც ბევრს დავდივარ. პატარა მანქანა შევიძინე მხოლოდ იმისთვის, რომ ბავშვები სოფელში ჩავიყვანო და ჩამოვიყვანო. გუშინ სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა ფული არ გადამახდევინა, მისთვის საყვარელ სიმღერებს ასრულებს თურმე ნაილა.
– მუსიკალური განათლება გაქვს?
– მუსიკალური შვიდწლედი დავამთავრე ფორტეპიანოს განხრით. ამბობდნენ, ჩემგან კარგი პიარისტი დადგებოდა, მაგრამ კატეგორიულად არ მინდოდა. მძულდა ნოტები და სმენით ვაწყობდი ნაწარმოებებს. 17 წელი ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, დანარჩენში თვითნასწავლი ვარ და ესეც გამომადგა.
– შენი ერთ-ერთი როლის შემდეგ გია მარღანიას ქორეოდრამაში EVANGELION იმაზეც ლაპარაკობდნენ, რომ ბალერინაც ყოფილხარ.
– ჰო, ამბობდნენ, არ გვჯერა, ბალეტზე თუ არ დადიოდიო (იღიმება). ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, ამ ყველაფერს თუ დავძლევდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეუძლებელი არაფერია, როცა სურვილი თავზე მეტია, შესაძლებელია თავს ზემოთ ახტომაც კი. ბალეტზე არ დავდიოდი, უბრალოდ, ბუნებრივი მონაცემები მქონდა ყოველთვის, პლასტიკა.
– რადგან სპექტაკლზე ვსაუბრობთ, აქვე გკითხავ, რას გვიმზადებ ახალს თეატრში?
– ამერიკიდან ჩამოვიდა ირაკლი კავსაძე და ოცნებას იხდენს. თავის დედას, ბელა მირიანაშვილს უძღვნის სპექტაკლს „პატარა უფლისწული“. საკმაოდ მუსიკალური, პლასტიკური და სანახაობრივი სპექტაკლი იდგმება. ქორეოგრაფი სუხიშვილების სოლისტი და პედაგოგი, მურო გაგოშიძეა. მეც ვარ დაკავებული ამ სპექტაკლში. გველი გახლავარ, ვინ ვიქნებოდი (იცინის).
წყარო:http://primetime.ge