“გაუფრთხილდით თავს” – თენგიზ ცერცვაძე წერილს აქვეყნებს

ინფექციური საავდმყოფოს დირექტორი, თენგიზე ცერცვაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მორიგ წერილს აქვეყნებს. ცერცვაძე ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ჯერჯერობით, უცვლელია:

„ცოტა მეუხერხულება, ჩემ შესახებ ამდენი ვწერო, თუმცა, ვინაიდან ინტერესი დიდია და შეუძლებელია, ყველა სატელეფონო ზარს ვუპასუხო, აქ დავწერ: ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა და მკურნალობას სახლში ვაგრძელებ. ღამით ტემპერატურა 37.5 გრადუსი მქონდა. ისევ მაწუხებს თავისა და ყელის ტკივილი. ძლიერი ხველა და სისუსტე.

მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ვიყო მხნედ და არ ჩამოვრჩე მოვლენებს. მაგალითად: გუშინ დისტანციურად მონაწილეობა მივიღე საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში. ,,ფეისბუქში,, დავწერე მადლობის წერილი, რომელიც თქვენ გეკუთვნით – ვინც ინტერესდებით ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით.

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს – ანა თოფურია თავს უკეთ გრძნობს. ღამით სხეულის ტემპერატურა 37.1 გრადუსი ჰქონდა. უმნიშვნელოდ აწუხებდა ყელის ადა სახსრების ტკივილი.

თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა, მკურნალობას სტაციონარში გავაგრძელებ… სულ ეს არის და ეს… გაუფრთხილდით თავს და გისურვებთ ჯანმრთელობას“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები