გარდაცვლილი მოხუცი ქალი რუსეთიდან „ამანათით“ გაგზავნეს

ისრაელის ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები რუსეთიდან მიღებული „ამანათით“ გაოგნებულნი დარჩნენ. თვითმფრინავის ჩამოტანილ ტვირთში მათ მოხუცი ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. დიდ ხის ყუთში არ აღმოჩნდა არც გვამის ვინაობის დამადასტურებელი საბუთები, რომლებითაც ადამიანის ვიანობის დადგენა მოხერხდებოდა და არც სხვა სახის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა გარდაცვლილთა საჰაერო ტრანსპორტირებისა თუ დაკრძალვის პროცედურებისთვის.
აეროპორტის თანამშრომლებს რამდენიმე საათი დასჭირდათ იმის გასარკვევად, თუ ვინ წარმოადგენდა უცნობი ცხედრის პატრონს, ან დახვდა თუ არა მას ვინმე ნათესავთაგანი აეროპორტში. როგორც გაირკვა, გარდაცვლილი მოხუცი ქალის ოჯახის წევრებმა არაფერი იცოდნენ ცხედრის საჰაერო ტრანპორტირების წესების შესახებ და ის ისრაელში ჩვეულებრივი ბარგის სახით გაგზავნეს. ფაქტის გარკვევისას აღმოჩნდა, რომ ამ ისტორიაში არაფერი იყო კრიმინალური.
მას შემდეგ, რაც უპატრონო ცხედრის შესახებ ინფორმაცია გახდა ცნობილი, მომხდარით ისრაელის სამართალდამცავი სტრუქტურები დაინტერესდნენ. ისინი მათ რუს კოლეგებს დაუკავშირდნენ და მათგან შესაბამისი დოკუმენტები მიიღეს.
როგორც პორტალი „ისრაელი-24“ იტყობინება, გარდაცვლილი ქალი 79 წლის ესტერ ზიზოვაა, რომელიც 18 ოქტომბერს დაიღუპა. უკვე ცნობილია, რომ მოხუცის ცხედარს ისრაელის ქალაქ აშდოდში დაკრძალავენ.
უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარი ფაქტი პირველი არ არის. გვამის ტრანსპორტირების ასეთ ორიგინალურ ხერხს ხშირად მიმართავენ ის ებრაელები, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ხშირად ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რათა ბიუროკრატიულ ფორმალობებს თავი აარიდონ და ამას გარდა ზედმეტი ხარჯებიც არ გაიღონ.
2010 წელს ორმა გერმანელმა რეისზე მათი გარდაცვლილი ნათესავი დაარეგისტრირეს. მამაკაცი მზის სათვალეებით ინვალიდის ეტლში იჯდა. აეროპორტის თანამშრომლებმა ყურადღება მიაქციეს იმ გარემოებას, რომ მგზავრი არაბუნებრივად გამოიყურებოდა. მათ გადაწყვიტეს გაერკვიათ, სჭირდებოდა თუ არა მგზავრს სამედიცინო დახმარება. ზუსტად ამ დროს აღმოაჩინეს, რომ ისინი გარდაცვლილის ცხედარს ელაპარაკებოდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები