”განომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბუკასა და ბავშვებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ…”
მსახიობისა და ”პალიტრა TV”-ს წამყვანის, კოტე თოლორდავას გარდაცვალებამ არამხოლოდ სამსახიობო წრეებში გამოიწვია შოკი. ნიჭიერი ქართველი მსახიობი მოსკოვში გადაღებებზე იმყოფებოდა და 14 აპრილს თბილისში უნდა დაბრუნებულიყო, სადაც შვილები და ფეხმძიმე მეუღლე ელოდნენ, თუმცა, სამწუხაროდ, 11 აპრილს ის სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს. კოტეს საკმაოდ ბევრი გეგმა ჰქონდა, ფილმზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ”პალიტრა TV”-ზე მისი ახალი გასართობი გადაცემა უნდა გასულიყო.
კოტეს მეუღლეს, განო მელითაურს, ამ ძალიან მძიმე დღეებში მისი სამეგობრო და მათი ოჯახები უდგას გვერდით, მათ შორის, ცნობილი მუსიკოსი ციცი ფალავანდიშვილი, რომლის შვილი, ნინი, განოს ბავშვობის მეგობარია. ციცი თავადაც მეგობრობდა კოტესა და მის ოჯახთან და მისთვის განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ამ თემაზე საუბარი.
– იმით მინდა დავიწყო, რომ განო და ნინი ერთად გაიზარდნენ და მათი ურთიერთობა მეგობრობაზე მეტია, ისინი დედმამიშვილებივით არიან. განო არ იყო ის გოგონა, რომელსაც შეყვარებულების კასკადი ჰყავდა. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა და მითხრა, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი და ამით ძალიან ბედნიერი იყო.
ძალიან ბევრისთვის კოტეს ბაბულიკას იმიჯი ჰქონდა, ცნობილი სერიალის გავლენით, მაგრამ კოტე არანაირი ბაბულიკა არ ყოფილა, ძალიან თბილი, კარგად აღზრდილი გახლდათ. განო ძალიან ამაყობდა იმით, რომ გვერდით ედგა ადამიანი, რომელიც მისი სამეგობროსთვისაც საყრდენი იქნებოდა და ასეც იყო. კოტესთან ძალიან დავმეგობრდი. ჩვენი გოგონების სამეგობროსთვის ის პირველი სიძე იყო. კოტეს ამ მხარეს, რაზეც ახლა გავამახვილებ ყურადღებას, ბევრი არ იცნობდა, მაგრამ ის საოცრად განათლებული გახლდათ, მასთან ნებისმიერ თემაზე შეგეძლო საუბარი, ლიტერატურაზე, კულტურაზე… რამდენი წელია, მას ვიცნობდი, არასდროს არავისთვის უწყენინებია, ალბათ, რამდენჯერ სტკენია გული თავად. ძალიან მადლობელი ვარ მისი, რომ ჩემს ნინიკოს ყოველთვის გვერდში ედგა, რადგან ნინის უფროსი ძმასავით ჰყავდა. გიგისაც, ”მგზავრების” პირველი კლიპი ”მთვარე” სწორედ განოსა და კოტეს სტუდიამ, ”გაკო სტუდიამ” გადაიღო.
განოსა და კოტეს სულ სხვა სიყვარული აკავშირებდათ, ალბათ, იმიტომ, რომ მალე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ეს არას-დროს დამთავრდება და იქნება მაგალი- თი, როგორ შეიძლება, ქალსა და მამაკაცს ერთმანეთი უყვარდეთ. განოსთვის ჯერ იყო კოტე და მერე მთელი სამყარო.
– მათი სიყვარულის ამბავი თქვენ თვალწინ დაიწყო და განვითარდა…
– აბსოლუტურად ყველაფერი… ახლა მახსენდება, როგორ არ უნდოდა ”ორ ვარსკვლავში” მონაწილეობა და ამ ორმა ჩერჩე-ტმა გოგომ, განომ და ნინიმ სთხოვეს, გინდა თუ არა, უნდა მიიღო მონაწილეობაო. კოტე მთხოვდა, გეხვეწები, გადააფიქრებინეო, ბოლოს განოს ხათრით გამოვიდა. ამ ბოლო პერიოდში ფრთაშესხმული იყო, ახალი საქმით აღფრთოვანებული, როდესაც მოსკოვში გადაღებებზე მიიწვიეს. დარწმუნებული ვარ, რომ მან თავისი პოტენციალი ვერ დაგვანახვა, ვერ დაიხარჯა ბოლომდე.
– კოტე, როგორც ახსენეთ, განოს მეგობრებისთვის, ანუ ცოლის დაქალებისთვის, დიდი საყრდენი იყო.
– მართლაც ჩემი ცოლის დაქალები იყო რეალურ ცხოვრებაში. ვაცივით მიუძღოდა ხოლმე გოგონების ჯგროს, ეს უნდა გენახათ. სულ ეკამათებოდა, ეჩხუბებოდა, ეს არ გააკეთოთ და ის არ გააკეთოთო, მათი ძალიან დიდი გულშემატკივარი იყო. ხშირად ვეუბნებოდი, მგონი, შენზე გადაიღეს ეს სერიალი-მეთქი. ძალიან ბედნიერები იყვნენ, ახლა კი ვეღარ ვუყურებ ჩემს ნინიკოს, მის მეგობრებს. ნინიმ ესემესი მომწერა, დედა, დავიღუპეთ, კოტე აღარ არის და განოს როგორ უნდა ვუთხრაო… ერთად იყვნენ იმ დღეს. ღმერთმა გააძლიეროს განო. მე აღარ ვვარგივარ და განოს ემოციებზე რაღა უნდა ვთქვა?.. ერთის თქმა შემიძლია, ღმერთს ძალიან ჰყვარებია კოტე, ასეთ დღეებში რომ წაიყვანა.
– განო ფეხმძიმედაა…
– ბიჭს ელოდება და უნდა, რომ კოტე დაარქვას. კოტე თავისი შვილებისთვის განსაკუთრებული მამა იყო. არავინ თქვას, რომ ასეთ ტკივილს დრო განკურნავს, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ღმერთმა ქნას, რომ პატარა კოტე თოლორდავა ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი გაიზარდოს.
– ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია – განოსა და კოტეს ბინის თემა.
– ეს ცალკე სასაუბრო თემაა. იპოთეკით აქვთ დატვირთული ბინა, დოლარის კურსის აწევის შემდეგ გაუჭირდათ სესხის გადახდა, განოც და კოტეც ტყავიდან ძვრებოდნენ და ყველაფერს პირნათლად იხდიდნენ. კოტეს უხაროდა, რომ ფილმში იღებდნენ, რადგან ამ ჰონორარით სესხის დაფარვას აპირებდა და ამბობდა, მცირე ხანს მშვიდად ვიქნებიო. კოტეს ჰყავს მოხუ-ცებული დედა, რომელიც მათთან ცხოვრობს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დღეშია ოჯახი. განოს მშობლები გვერდში უდგანან, ჩვენც, სამეგობრო, ყველაფერს გავაკეთებთ მათთვის, მაგრამ კარგი იქნება, სხვებიც თუ დაეხმარებიან კოტეს ოჯახს. 60 000 დოლარი აქვთ დარჩენილი გადასახდელი და განო ამას ვერ გასწვდება. ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გამონაკლისი ბანკის მხრიდან, რომ ახალგაზრდა ქალი, პატარა ბავშვებით და მოხუცებული დედით, ქუჩაში არ დარჩნენ?!. ხომ უნდა იყოს სახს-რები, რომელიც ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ოჯახებს მოხმარდება? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ბანკი ჰუმანურობას გამოიჩენს და გვერდში დაუდგება ამ ოჯახს, რომ ქუჩაში არ დარჩნენ.
– ბევრმა ადამიანმა გამოთქვა სამძიმარი კოტეს გარდაცვალების გამო…
– ძალიან ბევრმა, მაგრამ იყო არასასიამოვნო გამოხმაურებებიც. მე ამაზე ვერაფერს ვიტყვი, ალბათ, თვითონ მიხვდებიან, მე რომ რამე თქვა, აღარ დაწერენ მერე? მაგრამ დღეს ვნახე ”ფეისბუქზე” ლინკი, კოტე თოლორდავა მოკლესო. ეს ყველაფერი განომდე, ბუნებრივია, მიდის. ღმერთმა ყველას შეუნდოს, თავისი ცოდვით და მადლით იაროს ყველამ.
– ვიცი, რომ კოტეს პირველი მეუღლე, მარიამ ჯოლოგუა იყო მისული სამძიმარზე განოსთან.
– მათ ჰქონდათ ძალიან კარგი, ცივილიზებული ურთიერთობა. სამძიმარზე მისვლა არ მომხდარა ხალხის დასანახად, ეს იყო მართლა გულით გადადგმული ნაბიჯი… ბუკასა და განოს კი ძალიან უყვართ ერთმანეთი. განომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ ბუკასა და ბავშვებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონოდათ. რასაკვირველია, მარიამის თანხმობა რომ არ ყოფილიყო, ეს არ იქნებოდა შესაძლებელი. კოტე კი, როგორც კაცი, თავის სიმაღლეზე იდგა. სამწუხაროდ, ის დღეს აღარ არის…”
წყარო: რეიტინგი