ძლიერი სქესის წარმომადგენელთა აზრით, ქალები ურთულესი და ხშირად აბსოლუტურად გაურკვეველი აზროვნების მქონე არსებები არიან. აქედან გამომდინარე, მამაკაცების დიდი ნაწილი ქალისთვის დამახასიათებელი “ხუშტურების” ძირითად ნაწილს ვერ ან არ ხვდება. მათ შორისაა ბუტიაობა და წვრილმანებზე განაწყენება, რაც დამეთანხმებით მანდილოსნების უმეტესობას ხშირად ახასიათებს. თუმცა ძვირფასი მამაკაცების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ თქვენ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი იცით, კონფლიქტისა და გაუგებრობის შემდეგ მის შემოსარიგებლად გზების მონახვა საკმაოდ მარტივი და იოლი საქმე იქნება.
ვერძი
ქალი ვერძი ფეთქებადი, ემოციური და ფიცხია. ამიტომ მისი რისხვა მამაკაცს როგორც წესი ატომური ბომბის აფეთქებასავით ატყდება თავს. მაგრამ ასე იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა, როცა ნამდვილად უყვარს ვინმე. აქედან გამომდინარე, ვერძი ქალის შემთხვევაში გაბრაზების კი არა სიჩუმის უნდა გეშინოდეთ ძვირფასო მამრებო. საიმისოდ რომ ქალი ვერძი შემოირიგოთ, საშუალება მიეცით ბოლომდე ამოთქვას თქვენ მიმართ გულში დაგროვილი წყენა და პრეტენზიები. გარდა ამისა, მასთან დიალოგში მაქსიმალური დოზით გამოიყენეთ იუმორი; მერწმუნეთ, ასე ნებისმიერ ყინულს გაადნობთ ვერძის გულში.
კურო
ქალი კურო საოცრად მომთმენი, თავშეკავებული და დინჯი ინდივიდია. ამიტომ მარტივი ქალური ხუშტურები და ჭირვეულობები როგორც წესი მას იშვიათად ახასიათებს, შესაბამისად, ასეთი ქალის განაწყენება თუ შეძელით ე.ი. რაღაც ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი “მიგიქარავთ”. კურო ვერძი არ არის რომ წყენამ ორ საათში გაუაროს, ამიტომ მისი გულის ხელმეორედ მოსაგებად და ძველებური ნდობის აღსადგენად ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე მოგიხდებათ ლოდინი, მაქსიმალური ყურადღების გამოჩენა და ჩადენილი საქციელის გამო, გულწრფელი სინანულის დანახვება მისთვის.
ტყუპი
ქალი ტყუპი ცვალებადი, ემოციური და ხმაურიანი ქმნილებაა. მისი გაბრაზება ისევე როგორც გახარება, მარტივი და აბსოლუტურად იოლი რამაა. ტყუპს შეუძლია წამის მეასედში უკიდურესი ისტერიკის შემოტევა გაითამაშოს საყვარელი მამაკაცის მისამართით, თანაც ისე, რომ ამ უკანასკნელს თმა ყალყზე დაუდგეს აღშფოთებისგან. თუმცა, ასეთი ქალის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ, წყენა როგორც წესი მას მოკლე ხანში ავიწყდება. მთავარია, როცა ბრაზობს საუბრის და “ქაქანის” საშუალება მისცეთ. ერთიორჯერ ქოქოლას მოგაყრით და მალევე შეგირიგდებათ, მორიგ კონფლიქტამდე.
კირჩხიბი
ქალი კირჩხიბის განაწყენებაზე ადვილი ალბათ არაფერია ბუნებაში. ამასთან ერთად, კირჩხიბის გაბუტვის მიზეზს ხშირად არათუ მამაკაცი, ახლო მეგობარი ქალებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე და პრინციპში თავად კირჩხიბსაც ვერ გაუგია ხშირად რატომ ეცვლება განწყობა პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ, სრულიად აუხსნელად. კირჩხიბი ბუნებით სენსიტიური, სითბოსა და ზრუნვის მოყვარული ინდივიდია. ამიტომ “განაწყენებულის ნიღაბს” ხშირად სპეციალურად, ყოველგვარი არსებითი მიზეზის გარეშეც მარტივად ირგებს, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საყვარელმა მამაკაცმა, ყველანაირი საქმე მიატოვოს და მისკენ გაეშუროს სიყვარულის კიდევ ერთხელ და მეათიათასეჯერ დასამტკიცებლად.
ლომი
ლომი ქალი უზომოდ ამაყი, საკუთარი ღირების შეგრძნებით აღსავსე და თავმომწონე ინდივიდია. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემლობა სულაც არ გახლავთ იოლი საქმე. ფაქტობრივად მამაკაცს “თითის წვერებზე” სიარული მოეთხოვება, საიმისოდ რომ მისი კეთილგანწყობა ხანგრძლივი დროით შეინარჩუნოს. ქალი ლომი ყველაზე მეტად სიძუნწის, უყურადღებობისა და უპატივცემულო დამოკიდებულების გამო ნაწყენდება კაცზე. შესაბამისად, თუ თქვენ ზემოთ ხსენებული რომელიღაც ცოდვათაგანი ჩაიდინეთ, თქვენი სახელფასო ბიუჯეტის 98% გაღება მოგიწევთ მისი გულის ხელახლა მოსაგებად. ამასთან ერთად, სითბოს, ყურადღებისა და გულისხმიერების განსახიერებადაც უნდა იქცეთ საჩუქრებისა და სიურპრიზების პარალელურად.
ქალწული
შეგნებული, გაწონასწორებული და სტაბილური ფსიქიკის მქონე ქალების კატეგორიას განეკუთვნება. მას იშვიათად ახასიათებს ტიპური, ქალური ჭირვეულობები და დრამატიზმისკენ მიდრეკილება. თუმცა, არსებობს მიზეზები, რის გამოც ქალწული ქალი შეიძლება წყობიდან გამოვიდეს და მამაკაცზე გული აიცრუოს. მათ შორისაა ამ უკანასკნელის მხრიდან უპასუხისმგებლობა, მოუწესრიგებლობა და არაპროგნოზირებადი საქციელი. ქალწულს არ უყვარს სიურპრიზები. შესაბამისად, მასთან ურთიერთობის გაგრძელებას თუ გეგმავთ, თქვენს ურთიერთობაში ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვათ და ნებისმიერი დანაპირები ყოველთვის დროულად შეასრულოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვეჭვობ ერთად დიდხანს გაძლოთ.
სასწორი
მისი სავიზიტო ბარათი მომხიბვლელი ღიმილია, რომელიც გაბრაზების მომენტშიც არ ქრება სასწორის სახიდან. თუმცა, მიუხედავად ასეთი ჰაეროვანი და ფუმფულა იმიჯისა, ქალ სასწორს საოცარი პრინციპულობისა და სიჯიუტის გამოვლენა შეუძლია პერიოდულად. შესაბამისად, მამაკაცს, რომელიც მის ამ სირბილეს არ დააფასებს, სამომავლოდ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოუწევს ამ ქალის ღიმილიანი უარის და მისი ემოციური სიცივის ატანა. საიმისოდ რომ სასწორთან ურთიერთობა ისევ აღადგინოთ, მოუწყვეთ მას რომანტიკული სიურპრიზები, გაანებივრეთ ყვავილებითა და ტკბილეულით; და რაც მთავარია, სითბო აშკარად გამოხატეთ. ეს ყველაზე ნაცადი და აპრობირებული მეთოდია სასწორის გულის მოსაგებად.
მორიელი
მორიელი ქალის განაწყენება არათუ არასასურველი, სახიფათო საქმეც კია ნებისმიერი მამაკაცისთვის. იმიტომ რომ ამ შურისმაძიებელი და უზომოდ თავმოყვარე ქალის გონებაში არავინ იცის რა სახის მზაკვრული გეგმა შეიძლება გაჩნდეს დამნაშავე მამრის დასასჯელად. ყველაზე მეტად მორიელ ქალს ორპირობა, ღალატის მცდელობა (თავად ღალატის ფაქტი არც კი განიხილება!!!) და არასტაბილურობა აღიზიანებს. საიმისოდ რომ მისი გული ისევ მოიგოთ, დაშვებული შეცდომების შემდეგ, ყველანაირად უნდა დაანახვოთ მას რომ მის გარეშე ცხოვრებამ თქვენთვის ყოველგვარი აზრი დაკარგა. დროს ნუ გაფლანგავთ მრავალსაათიან ახსნა-განმარტებებში. უბრალოდ და გულწრფელად აღიარეთ თქვენი დანაშაული. ვერ ვიტყვი რომ მალე, თუმცა შესაძლოა, რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ მორიელს შესაძლოა გული მაინც მოუბრუნდეს თქვენკენ.
მშვილდოსანი
ქალი მშვილდოსანი საოცრად ინფანტილური, გულმართალი და ბავშვური ინდივიდია. არ აქვს მნიშვნელობა თვრამეტი წლისაა იგი, თუ ოცდათვრამეტის, მისი წყენინება საკმაოდ მარტივი საქმეა პირველ რიგში უხეშობით, უყურადღებობით და ცინიზმით. მშვილდოსანი ქალი ვერ იტანს მისი მისამართით გამოთქმულ კრიტიკას თუნდაც იგი სავსებით სამართლიანი იყოს. შესაბამისად, მამაკაცი, რომელიც მას ამგვარი “საჩუქრით” ხშირად ანებივრებს, ამ ქალის სამუდამოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე დგება. თუ გსურთ მისი გული ჩხუბის შემდეგ ისევ მოიგოთ, შესთავაზეთ სადმე ერთად მოგზაურობა. ამგვარ სიტუაციაში იგი მარტივად დაივიწყებს წყენას და სამომავლოდ ისევ მხურვალე რომანს გააჩაღებს თქვენთან.
თხის რქა
ქალი თხის რქა თავშეკავებული, წინდახედული და გრძნობების გამოხატვის საკითხში უზომოდ წინდახედული ინდივიდია. მას არ ახასიათებს მარტივად და სპონტანურად გადაწყვეტილების მიღება და ეს მის სასიყვარულო რომანებსაც ეხება. ამიტომ ასეთ შემთხვევაში თუ მამაკაცმა, რომელსაც იგი გულდასმით არჩევდა ხანგრძლივი დროის მანძილზე მას გული მაინც ატკინა, თხის რქა მყისვე დისტანციის დაკავებას შეეცდება და დამნაშავეს, ხანგრძლივი დროის მანძილზე არ მისცემს ურთიერთობის გაგრძელების საშუალებას. სამისოდ რომ მისი ნდობა ისევ მოიპოვის კაცმა, აუცილებალია რაიმე ღირსეული საქციელით დაარწმუნოს იგი საკუთარ სინანულში. საამისოდ მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოხატული პატივისცემა და ყურადღებაც გამოდგება. არანაკლებ ეფექტს მოგცემთ ის ფაქტი, თუ სამსახურეობრივ ასპარეზზე დაუჭერთ მის წინსვლას მხარს.
მერწყული
მერწყული ქალი ბუნებით უკონფლიქტო, საოცრად ჰუმანური და დიპლომატიური არსებაა. იგი როგორც წესი არასოდეს გამოდის წყობიდან და ნაკლებად ახასიათებს მამაკაცისთვის დრამატული სცენების გამართვისკენ მიდრეკილება. ქალი მერწყული ყველაზე მეტად თავისუფლების შეზღუდვით და მისი ინტერესების უპატივცემულობის გამოვლენით ღიზიანდება საყვარელი მამაკაცის მხრიდან. თუმცა, ამ უკანასკნელთან ურთიერთობის გაწყვეტას ტირილითა და ჩხუბით არასოდეს გამოხატავს, უბრალოდ სექსი აღარ ექნება მასთან და შესთავაზებს სამომავლოდ მეგობრებად დარჩნენ. ასეთი განაჩენი შესაძლოა ვინმეს მარტივად მოეჩვენოს, თუმცა დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ. საქმე იმაშია, რომ მერწყული ყოველთვის პასუხს აგებს საკუთარ გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, თუ მან თქვენზე გული აიცრუა, ამ ფაქტს ძნელად თუ რამე შეცვლის. ამიტომ შესაძლოა სამომავლოდ მის “ექსს” მარტოოდენ მეგობრის სტატუსით მოუხდეს დაკმაყოფილება.
თევზები
ქალი თევზი ემოციური, სენტიმენტალური და რომანტიკოსი არსებაა. მისი გულის ტკენა საკმაოდ მარტივი საქმეა. თუმცა, წყენას იგი ხშირად არ ამჟღავნებს რეალურად და ხანგრძლივი დროის მანძილზე ცდილობს საყვარელ მამაკაცს მაქსიმალურად ბევრი აპატიოს. ჰოდა, აი, სწორედ აქ ცდება იგი! იმიტომ რომ, როგორც წესი მისი მიმტევებლობით გათამამებული მამაკაცები ხშირად თავს ზედმეტის უფლებასაც აძლევენ ისევ და ისევ თევზი ქალის ლოიალურობის იმედით. თუმცა, ისეთი სიტუაციაც დგება, როცა თევზი “პირში წყალს ჩაიგუბებს” და საკმაოდ დიდი ხნითაც. ასეთ დროს მამაკაცს საკუთარ საქციელზე დაფიქრება და საყვარელ ქალთან გულწრფელი მობოდიშებით მისვლა მოეთხოვება. მიეცით მას დრო ემოციების გადასახარშავად, ნუ შეუღონებთ გულს ხვეწნა-მუდარითა და გოდებით. რაღაც პერიოდის შემდეგ ქალი თევზი თავად გაპატიებთ, ოღონდ რამდენად ხანგრძლივი ვადით, ეს უკვე თქვენს დელიკატურობაზე იქნება დამოკიდებული.
წყარო: http://astrologi.