“გამახსენდა ბავშვობა, როდესაც ლიკა პირველად მოიყვანეს “კოლხურ კოშკში” – კონსტანტიმე გამსახურდია ქავჟარაძეზე

კონსტანტინე გამსახურდია ლიკა ქავჟარაძის გარდაცვალებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“როდესაც ლიკა ქავჟარაძის ამქვეყნიდან წასვლის ამბავი გავიგე, მაშინვე გამახსენდა ბავშვობა, როდესაც ის პირველად მოიყვანეს “კოლხურ კოშკში” – ის ხომ ფალავანდიშვილების მხრიდან ჩვენი ახლო ნათესავი იყო. მაშინ ყველანი ცოცხლები იყვნენ, ანუ ისინი, ვინც ცხოვრება დააფუძნეს იმ სახლში: დაახლოებით ეს პერიოდი იყო, ბაღში ფუტკრები, დახუნძლული ხეხილი და მახსოვს, ბებია მირანდა გვიკითხავდა იტალიურ საბავშვო ნოველებს.
ლიკა ჩემზე ცოტა უფროსი იყო და ასეთად დარჩა ჩემს აღქმაში – არამიწიერი ფერები და იერი. და ეს მიუხედავად იმისა, რომ მერეც ბევრჯერ მინახავს და შევხვედრივართ. ალბათ დაახლოებით ასეთია დედამიწა თავის ქალწულებრივ თაურფენომენში და ასეთია ზეცა, როდესაც დედამიწას თავის თავს სრულად მისცემს, როგორც შემოქმედი.
ყვებიან, როდესაც ნატო ვაჩნაძეს მოასვენებდნენ თბილისის ქუჩებში, ვიღაცამ იკითხა, ვის კრძალავენო. სილამაზესო, უპასუხეს. იგივე ახლაც გვეთქმის. ნეტავ საიდან მოდის სილამაზე და საით მიდისო, იკითხა პოეტმა, მარიტას ხვედრზე ფიქრისას. აქ ალბათ უპრიანია ადამიანის სული გავიხსენოთ: როგორც თვით ადამიანი სული იყო დაბადებამდე, სიკვდილის კარიბჭის გავლით ისევ სულად იქცევა. სილამაზეც ეს სულია, ოღონდ “ასეთნაირად” გამოხატული ნივთიერში.“,  – წერს გამსახურდია.

კომენტარები

სხვა სიახლეები