გაიცანით “ნათელა” ნოდარ დუმბაძის მოთხრობის რეალური პერსონაჟი – ქეთევან დუმბაძის ემოციური ისტორია (ფოტო)
“ნუ გააღვიძებ“ – ნოდარ დუმბაძის ეს მოთხრობა ალბათ ბევრი ჩვენგანისთვის არის ცნობილი. ნაწარმოების მოქმედი გმირი ნათელა კი ისევე, როგორც დუმბაძის ნებისმიერი სხვა პერსონაჟი, რეალური ადამიანია. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მწერლის ქალიშვილი, ქეთევან დუმბაძე წერს და ნათელას ფოტოს ავრცელებს.
როგორც დუმბაძე აღნიშნავს, ნათელა მას ესტუმრა და ისევე, როგორც მოთხრობაში, მასაც თაფლი მიუტანა საჩუქრად.
“დღეს ზაზას, ჩემი ძმის დაბადების დღეა, ვაკის სასაფლაოდან მე და დედა მთაწმინდაზე მივდიოდით მამასთან. ტელეფონზე უცნობმა ქალბატონმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა. დავპირდი, ერთ საათში სახლში ვიქნები მეთქი. მამასგან სახლში რომ ვბრუნდებოდი, გზად ერთი კი გავიგიქრე ნეტავ ვინ არის ის ქალბატონი და რა უნდა თქო, მაგრამ ის რაც მოხდა, ვერაფრით წარმოვიდგენდი. დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა – ნათელა მოთხრობიდან “ ნუ გააღვიძებ” და მეც, როგორც მოთხრობაში, თაფლი მომიტანა”
“ნუ გააღვიძებ”
შარშანდელი სექტემბერი სოფელში გავატარე ერთ დილას სიყრმის მეგობარმა მიტუშა მარშანიამ გამოიარა და მდინარეზე გამიტყუა. ახალგაზრდობა გავიხსენეთ და ნაფიცარაში ვიხელავეთ. ერთი ბათმანი თევზი ამოვყარეთ ჭერეხზე, სულ წვერა იყო. შინ კოლმეურნეობის კანტორაზე გავლით დავბრუნდით. ნაცრის კვერივით პატარა, მრგვალ და სუფთა მოედანზე შევისვენეთ. თევზიანი კალათი ფეხებშუა დავიდგი და გარშემო შემოხვეულ მეზობლებს თუთუნი ვთხოვე. თუთუნს ვიღა ეწევა ახლა სოფელში, ყველას სიგარეტი ჰქონდა და ისიც „პრიმა“.
– მე მოგიტან, ბიძია, ბაბუას გამოვართმევ! – მითხრა ერთმა ნახევრად ტიტლიკანა ბიჭმა და ხვლიკივით გაძვრა სადღაც. ვიდრე თუთუნს მიიტანდა, სოფლის მოედანზე ომიდან შინმოუსვლელთა სტენდთან მივედი. უნებურად სტენდზე გამოფენილ სურათებს თვლა დავუწყე.
ას ორმოცდათერთმეტი: გულუბრყვილო, გაკვირვებული, წარბშეკრული, გაცინებული, დაფიქრებული, შეშინებული, ლაღი, ამაყი და უდარდელი კაცის სახე მიყურებდა სტენდიდან. ზოგს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვა, ზოგს – ძველი, სამხედრო ფარაჯა, ზოგს – სამხრეებიანი, ზოგის სურათს ეტყობოდა, საოჯახო ალბომიდან იყო ამოჭრილი და შემდეგ გადიდებული. ზოგს საერთოდ არ ვიცნობდი, ზოგი ბუნდოვნად მახსოვდა, ზოგიც მიტუშამ გამახსენა. უმრავლესობა დოლ-გარმონით, დაფა-ზურნით, ცეკვა-ცეკვით, ტაშ-ფანდურითა და კრიმანჭულით მე თვითონ გავაცილე ომში. აგერ ა… გუშინდელივით მახსოვს.
დანიელა ბასილაია: იაპონურ წვრილკაკალა ხურმაზე იყო გასული და იზაბელას კრეფდა, ომმა რომ მოაკითხა, გიდელი თვითონ ბაკურა ფოსტალიონმა გამოუცვალა, – მშვიდობით ჩამოდიო! – ასძახა ბოჯიყაში ჩამჯდარ დანიელას და ცარიელ გიდელში კომისარიატის უწყება ჩაუდო.
ხიდან კი ჩამოვიდა დანიელა მშვიდობით და ომშიც კი წავიდა მშვიდობით, მაგრამ იქიდან აღარ დაბრუნებულა.
ვაჟიკო ცენტერაძე: ძლივს გამოათრია კოლმეურნეობის პარტუჯრედის მდივანმა ლუდვიგა კვიტაიშვილმა ქორწილის მესამე დღეს პატარძლის ოთახიდან. ცეცხლივით ბიჭი იყო ვაჟიკო, ხუმარა და ენაკვიმატი.
– ლოგინი არ აალაგო, ტუხია, ორ დღეში დედას ვუტირებ ჰიტლერს და დავბრუნდები! – ელაზღანდარებოდა გულამომჯდარ ცოლს.
არც ის დაბრუნებულა.
თამაზ ჯაბუა: მეცხრე კლასში იყო. სამჯერ დააბრუნეს კომისარიატიდან: ისე არ გვიჭირს შენნაირი შეუბუმბლავი ბღარტები წავიყვანოთო. გაიპარა. მერე დაღუპულს მისცეს სიმწიფის ატესტატი. ახლა, სადაც სწავლობდა იმ კლასის კედელზე ჰკიდია ის ატესტატიც და მისი სურათიც, დედამისს კი მას შემდეგ შემოუტეხავი შავი კაბა არ გაუხდია.
ცენზორიე ჭელიძე, ბარნაბა მაღულარია, მაშაიე გოგიბერიძე, ლადიკო ანთიძე, ბუჭუტა კალანდაძე, ლეოიე ფოცხიშვილი და…
– ეს ვინაა, მიტუშა? – ვკითხე, თვალმა და მახსოვრობამ რომ მიღალატა.
– მაგი ვერ იცანი, ბიჭო? – გაუკვირდა მიტუშას.
– მომკალი და ვერ ვიცანი!
– შენ რა გითხრა, შენ, კუკურაა მაგი, წყლის მზიდველი, წიფნაგვარელი კუკურა. – მითხრა ნაწყენმა მიტუშამ და სტენდის შუშა, იქ, სადაც კუკურას ფოტო იყო, სახელოთი გაწმინდა.
… კუკურა, წიფნაგვარელი კუკურა, ნათელას ძმაი, როგორ არ მახსოვს?!
– მერე, ცხენი რა იქნა მისი, ცხენის სურათი რატომ არ გამოაკარით? – ვთქვი მე. ვისაც კუკურა ახსოვდა, ყველას გაეცინა. მეც გამეცინა ჩემს როყიო შეკითხვაზე, მერე მოგონებიდან თავად კუკურა ამოცურდა, ამოტივტივდა და გამოუთქმელმა სევდამ შემიპყრო.
*
ულამაზესი ბიჭი იყო წიფნაგვარელი კუკურა. დროგზე მუშაობდა კოლმეურნეობაში. წყალს დაატარებდა ჩაის პლანტაციებში უზარმაზარი კასრით და ზაფხულის მზით დასიცხულ და დაგვალულ ქალებს აბრიალებულ გულღვიძლს უგრილებდა.
აღდგომა იყო გოგოებისათვის პლანტაციაში კუკურას გამოჩენა. შემოეხვეოდნენ გარშემო, სცხელოდათ თუ არ სცხელოდათ, სწყუროდათ თუ არ სწყუროდათ, ისხამდნენ ამ წყალს თავზე, წიოდნენ, კიოდნენ და კუკურასაც შეუბრალებლად წუწავდნენ, კუკურა კი იდგა გაუნძრევლად და იღიმებოდა. ვინ, ვინ და კუკურამ იცოდა თავისი ფასი.
– წადი აწი, ბიჭო, ხომ ხედავ, მოსწყდათ მკლავები ამ შეჩვენებულებს და აღარ უნდა მუშაობა!
– მაყურებიე, ნინა; ერთხანს ამ თხებიზა! – ეხვეწებოდა თავის მხრივ კუკურა ბრიგადირ ნინას.
– მერე, შენ შემისრულებ ჩაის კრეფის გეგმას?! – კაპასობდა ნინა და ჯიკავ-ჯიკავით აგდებდა კუკურას.
– არ გაუშვა, ნინა, თვარა სულ არ მოვკრეფ ამ ძირგასახმობს! – აფრთხილებდა ერთი ნინას.
– კუკურა, დაგეფსო თვალები მაგ შენი ცხენივით, ვერ ხედავ, გული რომ მიბრიალებს და ჩამომახმო შენმა სიყვარულმა კორკიმელივით? – უცინოდა მეორე.
– წაწყდა, კუკურა, დედაშენი, გაეჩინა ერთი ათი შენნაირი და მოისვენებდა ნინას ბრიგადა.
– კუკურა, რავა აცდენ, ბიჭო, ყოველღამე ქვეშაგებელს, წაგეკიდათ ცეცხლი ორივეს! – წყევლიდა ყველაზე თამამი.
– სუ, ქალებო, მოგვეჭრა თავი, სად გაგონილა ქალისაგან კაცზე ასე გადარევა! – ლოყას იხოკავდა ნინა ბრიგადირი. გაწუწული, გაბრუებული და სახეგაბადრული კუკურა კი ჯდებოდა თავის დროგზე და ახლა სხვა პლანტაციისაკენ მიერეკებოდა თვალზე ლიბრგადაკრულ თავის ლურჯას.
*
ქვეყანას ძალიან რომ გაუჭირდა, კუკურას და მის ცხენს ერთად დაუძახეს ომში.
ფილიპე ჩამოვიდა მახარაძე, მახსოვს, მაშინ ჩვენს სოფელში და ასე მიმართა კლუბში თავმოყრილ დაზაფრულ ხალხს: – ხალხო, პირსისხლიანი ჰიტლერი მოდის, მოგვეხმარეთ, გათხარეთ აკოპები, გალესეთ ნაჯახები და წალდები, ჩახერგეთ გზები და არ შემოუშვათ გურიაში მტერიო!.. – მერე ჩვენ გადმოგვხედა წინა რიგებში პირდაპირ იატაკზე დაყრილ მოსწავლეებს და ახლა ჩვენ მოგვმართა: – ბაღნებო, ამოუდექით მშობლებს მხარში, თქვენია ეს ქვეყანა და ნუ მისცემთ საჯიჯგნად კანიბალ ჰიტლერსო! – მერე ალბათ იფიქრა, ესენი სიტყვა „კანიბალს“ ვერ გაიგებენო და იქვე გვითარგმნა.
– ნუ დაუთმობთ ამ სამოთხეს ბაღნისჭამია ჰიტლერსო!
თქვენმა მტერმა იძინა ისე, მე რომ იმ ღამით მეძინა. სანგარიც გავთხარე, წალდიც გავლესე და ხიდის აფეთქების გეგმაც კი შევიმუშავე, მაგრამ მიტუშამ თავისი სტრატეგიული გეგმა გაიტანა: – ბონდის ხიდს აფეთქება რად უნდა, ბიჭო, ბაგირი გადავჭრათ და გვიყაროს მერე კაკალი ჰიტლერმა, როგორ გადმოვა გუბაზოულის ამკედაროს, იმასაც ვნახავო.
ფილიპე მახარაძის გამოსვლის მეორე დილას ნახევარი გურია გაიკრიფა ფრონტზე. კუკურაც და მისი ცხენიც სწორედ იმ დღეს წავიდნენ.
… და თქვენ გგონიათ კუკურა შეჯდა თავის ცხენზე და ისე წავიდა კომისარიატში?.. დილით ადრე გამოიყვანა კოლექტივის ახორიდან, ერთი საათი ბანა და ვარცხნა სამონელით გუბაზოულში, მერე ფაფარი და ძუა დაუწნა ცირკის ცხენივით, ზურგზე ყაჭის პრემიაზე მიღებული წითელი ატლასი გადააფარა, ჯარისკაცივით ამოუდგა გვერდში და ასე ლაგამდაჭერილი ატარა შეკრების პუნქტამდე.
სახელდახელო მიტინგი გაიმართა კომისარიატის წინ. ყველა რაღაცას ამბობდა, იყო პატრიოტული სიტყვების გრიალი, ლოზუნგების ფრიალი და ლექსების კითხვა. ერთმა ადგილობრივმა პოეტმა ასეთი ლექსი წაიკითხა: ცა – ფირუზ, ხმელეთ – ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენზედვე მგლოვიარეო.
დედაშვილობას, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო
და რომ მოვკვდები, გახსოვდეს, ანდერძი დავიბარეო.
ცა – ფირუზ, ხმელეთ – ზურმუხტო, ჩემო სამშობლო მხარეო, ასე ამბობდა აკაკი, მის კალამს ვენაცვალეო…
ისიც წაიყვანეს კუკურასთან და ცხენთან ერთად, არც ერთი აღარ დაბრუნებულა.
*
ამ ამბავმა კიდევ ერთი ამბავი გამახსენა.
ეს უკვე, კუკურას ომში წასვლამდე, ერთი თვით ადრე მოხდა. კვირა დღე იყო. მარჩენალი ძროხა გამოეყვანა კუკურას ბაზარზე და ყიდდა. გვერდით გაცრეცილ, ლურჯ კაბაში გამოწყობილი თავისი ფეხშიშველი დაი ნათელა ედგა. კი არ ედგა, ორივე ჭადრის ძირში დაგორებულ ქვებზე ისხდნენ. დიდზე – კუკურა, მომცროზე – ნათელა.
კუკურა თუთუნს აბოლებდა თავჩაღუნული და ჯოხით რაღაცას ხაზავდა მიწაზე. ნათელას გვერდით ბალახით გაძეძგილი კალათა ედგა და ჭადარზე მიბმულ აზმუვლებულ ძროხას დროდადრო თითო მჯიღ ბალახს აჩრიდა პირში.
არავინ არ ევაჭრებოდა კუკურას, ისე კი ცა და ქვეყანა ეკითხებოდა: – რავა ყიდი მაგ ძროხას, კუკურა?
– რამდენს იწველის, კუკურა, შენი ძროხა?
– ყველი თუ იცის ერბოიანი?
– რქენიე ხომ არაა, ბიჭო?
– სახელს რას უძახით?
– დერგში ხომ არ იცის ფეხის ჩადგმა?
ზოგს პასუხობდა კუკურა, ზოგს – არა.
ანანია მივიდა ბოლოს, ნიბლაძე.
– როგორ ყიდი, ბიჭო, მაგ ძროხას?
ფეხზე წამოუდგა ანანიას კუკურა. კუკურას ძროხას კი არა, მთელ ბაზარს რომ იყიდდა, ის კაცი იყო ანანია ნიბლაძე.
– სამი ათას მანეთად ვყიდი, ანანია ბატონო!
– ძვირია, ბიჭო!
– ვიცი.
– მერე, დოუკელი, თუ იცი!
– შენთვის ქაღალდია მაგი ფული, ანანია ბატონო, ჩემთვის კი საცხოვრებელია აგი ძროხა.
– რატომ ყიდი მერე? – მოუჭრა ანანიამ და თავმოყრილ ხალხს შეხედა კმაყოფილმა. კუკურამ არაფერი არ უპასუხა. ქვაზე დაჯდა ისევ.
– არ გეყურება? – გაუმეორა კითხვა ანანიამ.
– ამ შიშველ ციცას ხედავ შენ, ანანია? – ამოხედა ქვევიდან კუკურამ და ყვრიმალზე კუნთი აუთამაშდა.
– ორი ათას ხუთასი! – თქვა ანანიამ და ჯიბეში ხელი ჩაიყო.
– ერთი თვეა კლასში არ უვლია ამ ბაღანას, წუღა და კაბა ჭირდება. – თქვა კუკურამ და ნათელას შეხედა.
– მიცი, ბიჭო, კაი ფასს გაძლევს! – ურჩია ვიღაცამ.
– მე რომ წავალ ჯარში, ამას და ნენას ჭამა არ უნდათ? – ჰკითხა შუამავალს კუკურამ.
– ორი ათას რვაასი! – თქვა ანანიამ და ფული ამოიღო ჯიბიდან… კუკურამ თვალი შეავლო ვეებერთელა ასმანეთიანებს. ანანიამ ცერსა და საჩვენებელ თითზე დაიფურთხა და ფული გადაკეცა.
– წაიყვანე! – თქვა კუკურამ და ფულს თვალი აარიდა. ანანიამ საოცარი სისწრაფით დათვალა ფული და კუკურას გადასცა. კუკურამ თავის მხრივ დიდხანს თვალა ფული, მერე ფაქიზად გაახვია გაზეთში და ჯიბეში ჩაიცურა. ანანიამ ძროხა ახსნა და იქვე მდგარ გლეხს გამოელაპარაკა.
– რამდენ კაცს ჩამოიარს, თუ იცი, აკაკია?
– კაცს გააჩნია, ანანია ბატონო.
– დღეს 10 კაცი ნადი მყავს და ხვალ 60 – სახლის გადახურვაზე.
– გაუჭირდება, ბატონო ანანია.
– გოჭს და ინდაურს მივახმარ.
– მაშინ, იცოცხლე, გეყოფა.
– რაც არ უნდა იყოს, ძროხაა მაინც! – და თქვა ანანიამ და ძროხას გავაზე დაჰკრა ხელი. მთელი ამ საუბრის განმავლობაში გაკვირვებული კუკურა ხან გლეხს უყურებდა, ხან ანანიას, ხან გლეხს, ხან ანანიას. მერე უცებ ნესტოები დაებერა და ტუჩები გაუფითრდა.
– რისთვის გინდა, ბატონო ანანია, მაგი ძროხა შენ? – ჰკითხა.
ანანიას გაეცინა.
– რისთვის და დასაკლავად! – უპასუხა ანანიას მაგივრად გლეხმა.
– დასაკლავად?
– აბა, შენ რავა გეგონა?! – გაუკვირდა ანანიას.
კუკურამ სწრაფად ჩაიყო ჯიბეში ხელი და გაზეთის შეკვრა ამოიღო, მერე ძროხასთან მივიდა და ყელზე ხელი მოხვია.
– რას ბრძანებ, ანანია ბატონო, ამის დაკვლა ვინ გაიგონა?! ა, ბატონო, თქვენი ფული, მიჭირს თვარა, ამისთვის მემეტება?
– გაგიჟდი, ბიჭო, რაღა დროს პირის შეშლაა! – მოქაჩა ბაწარი ანანიამ.
– როგორ გეკადრება, ანანია ბატონო, მე გამომისვი აგერ დანა ყელში და მაგას არ დაგაკვლევინებ, ამის დამკვლელს ხელი არ უნდა შეახმეს? – კუკურამ ფრთხილად გამოართვა ბაწარი ხელიდან ანანიას, ჯიბეში ფული ჩაუკუჭა და ნათელას მიუბრუნდა: – წაიყვანე, გოგო, სახლში აგი ძროხა!
– სამი ათასი მანეთი! – თქვა ანანიამ.
– წაიყვანე, გოგო!
– სამი ათას ორასი!..
– რას ბრძანებ, ანანია ბატონო? – გაიღიმა კუკურამ.
– სამი ათას ხუთასი, ბიჭო! – თქვა ანანიამ. ნათელა გაჩერდა და ძმას შეხედა თვალებში. კუკურა გაშრა. ჯერ ნათელას შეხედა შიშველ ფეხებზე, მერე – ფულს, მერე – ანანიას და მერე ძროხას. ერთხანს ასე იდგა. ხალხი გატრუნული უცქეროდა საოცარ სანახაობას.
– რა გითხარი, გოგო, მე შენ? – გაუჯავრდა კუკურა ბოლოს გაშტერებულ ნათელას დაკარგული ხმით და ძროხას ხელი ჰკრა ფერდში.
– წადი, ძროხა, შინ! – ახლა ძროხას გაუჯავრდა კუკურა და ძროხა წავიდა შინ, კუკურა უკან მიჰყვა.
– ვაი, შენს პატრონს! – თქვა ანანიამ.
– აგი სულელი ყოფილა! – თქვა ვიღაცამ.
1942 წლის გაზაფხულზე მოხდა ეს ამბავი.
*
ეს ამბავი კი, რომელსაც ახლა მოვყვები, 1943 წლის თებერვალში მოხდა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე.
ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბონდისხიდის საშუალო სკოლის მერვე კლასის გათოშილი მოსწავლეები ნედლი შეშით მბჟუტავ ბუხარზე ვიყავით მისეული და ქართულის მასწავლებლის ჯოკონდა მელიმონაძის შემოსვლას ველოდით.
სოფელი ბონდისხევი ცნობილი მდინარის (როგორც მას ხალხში ეძახიან – გურიის მეორე არტერიის, პირველი სუფსაა) გუბაზოულის ხეობის ორივე ნაპირზეა გაშენებული და წელზე ლეკერთხა ქამარივით ბონდის ხიდი აქვს გადაჭერილი. ბონდისხიდიც სწორედ ამიტომ ჰქვია. ადრე, ესე იგი ვიდრე მდინარეზე ბონდის ხიდს გადაჭიმავდნენ, სოფელს ჯვარცმა რქმევია, და არა იმიტომ, რომ აქ ქრისტე აცვეს ჯვარს, არამედ იმიტომ, რომ ბახმაროს მხრიდან გადმოვარდნილმა თათრებმა სწორედ აქ აცვეს ჯვარს ქრისტეს რჯულისათვის ცნობილი ცენტერაძის მონაზონი. თუ შუშანიკსა და ქეთევან წამებულს არ ჩავთვლით სათვალავში, ცენტერაძის მონაზონი პირველი ქალია მსოფლიოში, რომელიც მოწამებრივი სიკვდილით ეწამა ქრისტეს რჯულისათვის. ეს ყველაფერი ჩვენი სოფლის კლუბის ათეიზმის წრის ხელმძღვანელის, აგნესა ბაღათურიას ლექციებიდან იცის თითოეულმა ბონდისხიდელმა და სამართლიანადაც ამაყობს ამით.
ბონდისხიდს, ისე როგორც ოქროს ბეჭედს მარგალიტის თვლები, გარშემო გორაკებზე შეფენილი, წვრილ-წვრილი თემები აკრავს. კერძოდ: მეწიეთი, ჭაჭიეთი, ბუქსიეთი, წკვარამეთი, უკუნეთი, კვირიკეთი, კაკაბეთი, ქოქოლეთი და წიფნაგვარა.
მეწიეთელი, ჭაჭიეთელი, ბუქსიეთელი, წკვარამეთელი, უკუნეთელი, კვირიკეთელი, კაკაბეთელი და წიფნაგვარელი ბავშვები ბონდისხიდელი ბავშვებისაგან თითქმის არაფრით არ განსხვავდებიან, გარდა იმისა, რომ დაწყებით განათლებას თავთავიანთ თემებში იღებენ და შემდეგ სწავლის გასაგრძელებლად ბონდისხიდის საშუალო სკოლაში გადმოდიან. ერთი კია, ბონდისხიდელ ბავშვებს, ბონდის ხიდზე გაღმა-გამოღმა ხშირი სიარულისაგან ტვინი ოდნავ უფრო გამოლაყებული აქვთ. სამაგიეროდ წიფნაგვარელ ბავშვებს ბონდისხიდელ ბავშვებზე უფრო სევდიანი და უძილო გამოხედვა აქვთ. რადგან მათი თემი ბონდისხიდის საშუალო სკოლისაგან ზუსტად შვიდი ვერსითაა დაშორებული და სკოლაში რომ არ დააგვიანდეთ, ამიტომ სხვა თემის ბავშვებისაგან განსხვავებით დილით ერთი საათით ადრე უწევთ ადგომა. სხვა მხრივ ბონდისხიდი თავის თემებიანად ჩვეულებრივი გურული სოფელია და არც მისი ათწლედია მაინცდამაინც იყალთოს აკადემია.
კუკურა და მისი დაია ნათელა წიფნაგვარელები გახლდნენ, მე კი ქალაქიდან ომისა და შიმშილის ტალღით ბონდისხიდელ ნათესავებთან გადმოსროლილი ლტოლვილი და ამ ამბის დროს, რომელსაც ახლა გიყვებით, სხვებთან ერთად ვიდექი ბუხართან ხელფეხგასიპული და ველოდი ქართულის მასწავლებლის ჯოკონდა მელიმონაძის მობრძანებას.
*
არც გამარჯობა უთქვამს ჯოკონდა მასწავლებელს, არც დაჯექითო, არც სია ამოუკითხავს. მივიდა მაგიდასთან, ზედ ჟურნალი დააგდო, სკამი აიღო, ბუხართან მივიდა, მიგვწი-მოგვწია, დაჯდა და გათოშილი ხელები ცეცხლს მიუშვირა.
– რას შვებით, ბავშვებო, გცივათ? – გვკითხა, ცოტა რომ მოთბა, მერე.
– გვცივა, მასწ!
– რამდენი ხართ? – თექვსმეტიდან რვანი ვიყავით.
– ნახევარი, მასწ!
– ცოტაა! – გააქნია თავი.
– კია ცოტა, მაგრამ დავიწყოთ და შემოგვესწრებიან. – ურჩია ტიტიკო ჭანტურიამ.
– მაინც სად არიან? – იკითხა ისევ ჯოკონდა მასწავლებელმა.
– გზაში არიან, ალბათ…
– მაგალითად, რომელი?
– მაგალითად, ნათელა ნიჟარაძე, მასწ!
– მოვა ალბათ, არ დაგვაღალატებს. – თქვა ჯოკონდა მასწავლებელმა და კარს გახედა.
– არა მგონია, რომ დაგვღუპოს! – შეეხმიანა გური გოგიბერიძე.
– გაკვეთილი იცი? – ჰკითხა ჯოკონდა მასწავლებელმა.
– აბა, არ ვიცი? – გაუკვირდა გურის.
– რა გვქონდა, აბა, თუ იცი? – და უცებ კარის ჭრიალმა გადაარჩინა გოგიბერიძე, კლასში ნათელა შემოვიდა.
თავის ძმა კუკურასავით ლამაზი იყო ნათელა და ახლა ფრთამოყინული ანგელოსივით იდგა კლასის კარებში.
– ოხ! – ყალბი აღტაცებით წამოიძახა ჯოკონდა მასწავლებელმა. – რა გაჩქარებდა?!
– დედაჩემი შეიქნა შეუძლოთ, მასწ! – თქვა ტყუილი ნათელამ, მერე თვითონვე შერცხვა, თავი დახარა, თოვლში სიარულისაგან გათოშილ ფეხებზე დაიწყო ყურება.
– ნუ მოუსავებ ახლა ჯანმრთელ ადამიანს! – მიუხვდა მასწავლებელი.
– რა ვქნა, მასწ, შვიდი ვერსია ჩემი სახლიდან კლასამდე…
– ადრე უნდა ადგე!
– როდის, ღამე?
– ნუ გაგისლექია, გოგო, ენა, გაკვეთილი თუ იცი? – ნათელამ უფრო დაბლა დახარა თავი. – შენ გეკითხები, ნიჟარაძე, გაკვეთილი თუ იცი? – გაუმეორა კითხვა ჯოკონდა მასწავლებელმა.
– არა, მასწ! – თქვა ნათელამ და თავი გააქნია. კლასში უსიამოვნო დუმილი ჩამოვარდა. მასწავლებელი თვალს არ აცილებდა ნათელას, დუმილი დიდხანს გაგრძელდა.
– გოგო, ამ თოვლ-ჭყაპში, თავსხმაში, ყინვაში და ჯანდაბაში იმიტოს დგები უთენია, იმიტომ გრიხავ საძროხე ბაწარივით ამსიგრძე გზას და იმიტომ მოხრაგუნობ შკერნალში, რომ მოხვიდე და გაკვეთილი არ ვიციო, მითხრა? – ჰკითხა განცვიფრებულმა მასწავლებელმა. – მაგას სხვისი პირით ვერ შემომითვლი? რატომ იგდებ თავს განსაცდელში? არ გეშინია, გზაში ფეხი რომ დაგიცდეს სადმე და კლდეზე გადავარდე, ან ტყიდან გამოვარდნილი მგელი დაგეტაკოს, ან შენ თავს რატომ უშვები ამას, ან ჩვენ რას გვერჩი? დეპეშით გვაცნობე მაინც: ასე და ასე, გაკვეთილი არ ვიცი და ვწუხვარ, ვერ გესწრებითო! – კლასში ისეთი სიცილი ატყდა, ნათელას კი არა, თვითონ ჯოკონდა მასწავლებელს გაეცინა.
– მოდი ახლა ბუხართან. – უთხრა, თავისი ადგილი დაუთმო, თვითონ მაგიდასთან მივიდა, წიგნი აიღო და გადაშალა.
– ეგნატე ნინოშვილი, „განკარგულება“. – თქვა მან. და ამოიოხრა.
*
დიდხანს ყვებოდა ჯოკონდა მასწავლებელი გურული გლეხობის და მათსავით მშიერ-მწყურვალი, გაუბედურებული და ჭლექისაგან ფილტვებდახრული მათი ქომაგის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრებას. ის ყვებოდა დალოცვილი, თვითონაც ტიროდა და ჩვენ ხომ გვატირებდა და გვატირებდა. მაგრამ განცდებმა უსაშველო აპოთეოზს მაინც მაშინ მიაღწიეს, როდესაც განკარგულების შესასრულებლად რკინიგზაზე სადარაჯოდ გამოსულმა ქანცგამწყდარმა და კუჭგამომხმარმა კაცია მუნჯაძემ თავი რელსზე დადო. აქ, ამ ადგილას, მასწავლებელი ჩურჩულზე გადავიდა, მოჭუტული თვალები სიცარიელეს მიაპყრო და ზეპირად თქვა: „ედვა თავი რელსებზე და ეძინა კაციას. სავსე მთვარე კი, თითქოს ეტრფის მის გაბურძგნილ წვერ-ულვაშსო, ნარნარად დაჰყურებდა ზევიდან, ბულბული კი სმენის დამატკბობელად გაიძახოდა: „ტიავ, ტიავ, ტიავ“. მასწავლებელი უცებ ჩვენსკენ შემობრუნდა, წიგნი გაშალა და აღელვებული ხმით განაგრძო: „… აი, მიუახლოვდა კაციას მატარებელი… კაცია ხედავს სიზმარში, ვითომ იმან შორს შეუტყო მატარებელს მოდისო, წამოვარდა ზეზე, მოიმარჯვა თოფი და დგას მარდად. მოდის მატარებელი სულ ერთიანად ოქროსი; შიგ სხედან ოქროს ტანსაცმლით კაცები… მწყრომარედ უყურებენ კაციას, ვითომც გაუგიათ კიდეც, კაციას ეძინაო… „ვაი, დავღუპე ცოლ-შვილი!“ ამბობს ვითომ კაცია თავისთვის, „ციმბირში გამგზავნიანო“. …მატარებლის თვლებმა გაისრიალა რელსზე, რომელზეც კაცია იწვა და განაგრძო გზა“.
მასწავლებელმა კითხვა შეწყვიტა, ამას იქით რამის წაკითხვა აღარ შეიძლებოდა. მას ხმა გაუქრა. ჩვენ ხმამაღლა ვტიროდით.
– მერე, ჯოკონდა მასწავლებელო?! – ჩურჩულით ჰკითხა გულამომჯდარმა სისიკო გიგინეიშვილმა.
მასწავლებელმა ძლივს დაიოკა აკანკალებული ნიკაპი, ნერწყვი ცრემლთან ერთად გადაყლაპა და ძლივს გასაგონად თქვა: – განთიადისას რკინიგზის დარაჯმა იპოვა ლიანდაგზე მკვდარი კაცი, რომელსაც თავი ჰქონდა წაგლეჯილი, ეს იყო კაცია მუნჯაძე.
კლასი მოკვდა. ხუთ წუთს გრძელდებოდა შემაძრწუნებელი დუმილი. მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო, ჯოკონდა მასწავლებელი უცებ ბუხართან მივიდა, ნათელა წამოაყენა, თავის სკამზე დაჯდა და ღიმილით იკითხა: – ბავშვებო, მოთხრობის გარშემო რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?
ხმას არავის არ ამოუღია. ან რად უნდა ამოეღოთ, როდესაც ყველაფერი მზესავით ნათელი იყო – მოკვდა კაცია.
… და უცებ: – მე მაქვს შეკითხვა, მასწავლებელო! – თქვა ნათელამ. გაკვირვებული კლასი მისკენ შეტრიალდა.
– თქვი! – უთხრა მშვიდად ჯოკონდა მასწავლებელმა. ნათელა რატომღაც ბუხარს მოსცილდა, თავის მერხთან მივიდა და იქიდან იკითხა ოდნავ შემკრთალი ხმით: – მასწავლებელო, თუ მატარებელმა თავი მოჭრა კაციას, იგი სიზმარი ვინ მოყვა?! – მეხი რომ გავარდნილიყო და ჩვენი კლასი ქვესკნელში ჩაეტანა, ისე არ გაუკვირდებოდა ჯოკონდა მასწავლებელს, როგორც ეს შეკითხვა გაუკვირდა. კლასმა ისე გადაიხარხარა, ფანჯრებმა ზრიალი გაიღეს. ბავშვები ერთმანეთს შეასკდნენ.
ჯოკონდა მასწავლებელი მაგიდასთან მივიდა, ზედ იდაყვებით დაემხო და გაოგნებული თავი ხელებში ჩარგო. ნათელა დაჯდა, თან შეშინებულ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, ასეთი რა ვთქვიო. ბოლოს, კლასში ისტერიკამ რომ გაიარა, მასწავლებელმა თავი ასწია, სახე ჭარხალზე წითელი ჰქონდა.
– შტერო ნიჟარაძე, ადექი! – თქვა მან. ნიჟარაძე ადგა.
– მოხიკე შენი წიგნები! – ნიჟარაძემ მოხიკა თავისი წიგნები.
– გადი გარეთ! – ნიჟარაძე უხმოდ დაიძრა კარისაკენ.
– ნიჟარაძე, არ დაგინახო ჩემს გაკვეთილზე აწი! – დააწია ხმა მასწავლებელმა.
ნიჟარაძემ კარი გაიხურა.
კლასი გატრუნული იჯდა. არავინ ელოდა ასეთ დასასრულს.
– მასწავლებელო! – ვთქვი მე.
– რა გინდა, ნანაძე? – ამომხედა მასწავლებელმა. მე არ ვიცოდი რა მინდოდა, უბრალოდ, ვგრძნობდი, ახლა, ამ წუთში, საკინძე რომ არ შემეხსნა და რამე არ მეთქვა – ან დავიხრჩობოდი, ან გული გამისკდებოდა, საკინძე შევიხსენი და დავიწყე, დავიწყე სულმოუთქმელად, უაზროდ, მაგრამ მტკიცედ: – რაა, ჯოკონდა მასწავლებელო, რომ დაგვზაფრეთ ამ დილით, გვიკითხავთ და გვიკითხავთ ამდენ უბედურებას! ეს მშიერიო, ეს გაღლეტილიო, ეს გაყინულიო, ეს დამხრჩვალიო, დუხჭირიო, მატარებელიო, რელსიო, სიკვდილიო, გაგორებული თავიო, ვაიო, ვუიო. ჩვენ ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფა?.. მაგი ეგნატე ნინოშვილი, წადით და გამძღარ, გამთბარ და გაფუშფუშებულ ბავშვებს წაუკითხეთ, სხვაიც რომ შეეცოდოთ და პატარა მჭადი რომ მოუტეხონ. არ გვინდა ჩვენ ამ ზამთარში, შიმშილში, ომში და გაჭირვებაში მაგის სწავლა… და კიდევ, რომ იცოდეთ, ტყვილა გააგდეთ ნათელა ნიჟარაძე კლასიდან. ასეა მაგი! – მე ძლივს მოვაბრუნე პირში გამშრალი ენა და დავჯექი. მე რომ დავჯექი, უცებ მასწავლებელი ადგა, ისეთი შთაბეჭდილება შეიქნა, თითქოს ერთი ფიცრის სხვადასხვა ბოლოში ვიჯექით და აიწონა-დაიწონას ვთამაშობდით.
– მორჩი, ნანაძე? – მკითხა მან.
– მოვრჩი, მასწ!
– ყველაფერი თქვი?
– კი, მასწ, ყველაფერი ვთქვი!
– ეგნატე არ მოგწონს ნინოშვილი, ნანაძე?
– არ მომწონს, მასწ.
– შენ არ იყავი ერთი წუთის წინ რომ ბღაოდი, ნანაძე, თუ მომეჩვენა მე?
– მე ვიყავი მასწ.
– მერე, ნანაძე?
– რომ ვბღაოდი იმიტომ არ მომეწონა… ახლა არ მომწონს და არ მინდა მაგის გაგონება, მასწ.
– ადექი, ნანაძე, და მოხიკე შენი წიგნები! – მე ველოდი ასეთ დასასრულს და წიგნები უკვე მოხეკილი მქონდა.
– აბა, გაიხურე, კარი, ნანაძე, და გამოეკიდე ნიჟარაძეს, არ იქნება ჯერ შორს წასული. – დერეფანში გავედი და ზურგს უკან კარი გავიხურე. უცებ ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს მთელი საათი გავარვარებულ თონეში ვიჯექი. მერე ვიღაცამ მტაცა ხელი და პირდაპირ თოვლის ზვავში მიკრა თავი.
*
კუდუნეთის გორის ძირში დავეწიე. ნელი ნაბიჯით მიდიოდა თავჩაღუნული. დავუძახე. მომხედა და დამელოდა.
– მეც გამომაგდო! – ვუთხარი, რომ მივედი და გავუღიმე.
– რა ვთქვი, ბიჭო ნოდარა, ისეთი, რომ გადაირიეთ მთელი კლასი? – მკითხა სევდანარევი გაკვირვებით.
– მასეთი შეკითხვის დასმა მწერლობაში არ შეიძლება! – ავუხსენი მე.
– რატომ? – ეგ უკვე აღარ ვიცოდი.
– არ ვიცი, მაგრამ არ შეიძლება.
– ტყუილი რომ გამოდის?
– სიზმრის მოყოლა კი გამოდის ტყუილი, მაგრამ ამბავია მართალი… – ნათელამ მხრები აიწურა.
– შენ რაზე გამოგაგდო?
– ვეჩხუბე შენი გულისთვის.
– რატომ? – გაუკვირდა ნათელას.
– ეგნატე ნინოშვილს რაზე გვასწავლი, ჩვენ ჩვენი გაჭირვება გვეყოფა-მეთქი! – ძალიან ამაყად შევხედე. – ხომ ვიყავი მართალი? – ნათელამ ისევ აიწურა მხრები.
– ტყუილა გიჩხუბია, მე, ანაგებად რომაა, არ დაუზაფრივარ, პირიქით, ცოტა იმედი მომეცა, თურმე ჩვენზე გაჭირვებული ხალხიც ყოფილა ქვეყანაზე. – პასუხი იმდენად მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ გავჩუმდი და გაკვირვებისაგან პირი დავაღე.
*
შვიდი ვერსი გავიარეთ თოვლში უხმოდ. არც მას უკითხავს, სად მიდიხარო, არც მე მითქვამს, გაცილებ-მეთქი. უჩვეულო არაფერი ყოფილა არც ჩვენთვის, არც იმათთვის, ვინც გზაში გვხვდებოდა. ჩვენი ამბავი მთელმა დუნიამ იცოდა და არც არავინ გვიშლიდა ასე ერთმანეთის კუდში ბორიალს. ყველა ხვდებოდა, რომ ეს იყო რაღაც საოცრად წმინდა, სუფთა და გამჭვირვალე დასაწყისი დიდი სიცოცხლისა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო და მეტი არაფერი. მართალია, ერთხელ დადგა ჟამი, ცუდი ჩრდილი დასცემოდა ამ თაკარა მზით დათუთქულ ორ აბრიალებულ გულს, მაგრამ თვით ღმერთი ჩადგა მაშინ ჩვენ შორის.
*
შემოდგომა იყო, თბილი და მზით სავსე.
გუბაზოულის მოთიბულ ჭალაში ვიწექით გულაღმა მე და ნათელა ზვინის ქვეშ. მე მას ლექსებს ვუკითხავდი და უცებ ორივეს გვეახლა ისეთი მღელვარება, ისეთი სიმთვრალე, ისეთი თავბრუსხვევა, და თავზე ისეთი მზის გვირგვინი და მზის თვალი დაგვადგა, რომ ვეღარაფერს ვხედავდით. გვესმოდა მხოლოდ სუნთქვა ერთმანეთის და ხმა ძალიან, ძალიან შორიდან მოსული. მერე ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთი და ყველაფერი ფერად სიზმარს დაემსგავსა. საოცრად დამძიმდნენ ქუთუთოები და მოვიდა ძალიან ღრმა ძილი…
თვალი რომ გავახილე, თავზე მეველე გვადგა, მიხაკო არობელიძე, და წარბშეკრული გვიმზერდა. წამოვჯექი და აუხსნელი მოულოდნელად მოსული სასწაულით განცვიფრებული, მიხაკოს მივაჩერდი.
– რა ქენი, ბიჭო, დაღუპე ობოლი გოგო? – მკითხა ჩაწყვეტილი ხმით.
– რას ბრძანებთ, მიხაკო ბიძია?!
– რა ხდება აქ?
– გვძინავს, მიხაკო ბიძია!
– მეტი არაფერი?
– მეტი რა უნდა იყოს?!
– კი, შენ თუ დაგიჯერე!
– ჩემს დედას გეფიცები, გვძინავს, მიხაკო ბიძია!
– თქვი ნამუსი შემირცხვეს-თქვა!
– შემირცხვეს!
– არ გავაღვიძო, აბა?
– ნუ გააღვიძებ! – ვთხოვე მე და ტირილი მომინდა.
მიხაკომ ერთხანს უყურა თივაში გულაღმა გაწოლილ ნათელას: – რავა ანგელოზს გავს ეს მამაძაღლი! – თქვა.
– კი გავს, – დავემოწმე.
მიხაკომ თავზე ხელი დამადო, გაიღიმა და წავიდა.
ეს იყო და ეს.
*
ფოცხიშვილების გაუქმებულ წისქვილთან ნათელა შედგა და სოფელს მიაყურა, მერე გაიქცა სულმოუთქმელად. უკან მივყევი. თამარ დედოფლის ნასაყდრალთან კვლავ შედგა და გაქვავდა.
– კუკურა! – თქვა მერე და პირდაპირ ტალახში ჩაჯდა.
სოფლიდან გაბმული, შემზარავი და განწირული კივილი ისმოდა.
არც უტირია, არც ხმა ამოუღია, ასე იჯდა ტალახში. წავედი და ხალხი მოვიყვანე სოფლიდან. ვერ ააყენეს. მაშინ ხელში ატატებული მიუყვანეს სახეზე ტყავგაცლილ დედამისს.
– კვდება, ქალო, და ამას მაინც მიხედე… – უთხრეს.
– მოკვდეს! – თქვა დედამისმა, – მზე ჩამქრალა, ცაი დამხობილა და სორომ-გორომად მოქცეულა აწი ქვეყანა!
ერი თვე იწვა ელდანაცემი. მერე ცოტათი მობრუნდა ამქვეყნისკენ. მაგრამ სკოლაში აღარ მობრუნებულა.
და მე იმ დღიდან სულ მარტო ვიჯექი უკანა მერხზე.
*
– წავიდეთ აწი, ნოდარა, თორემ აქოთდა აგი თევზი! – მითხრა მიტუშამ და მკლავზე მომკიდა ხელი. შინმოუსვლელთა სტენდს მოვცილდით და სახლისკენ დავეშვით. არ მეგონა, თუ ამდენ სევდას მომგვრიდა ეს მოგონება, მე იგი უფრო მხიარულ, ღიმილიან და ფრთიან მოგონებად მესახებოდა, ვიდრე ასე დეტალურად გავიხსენებდი, მაგრამ როგორც ჩანს, ბავშვობის მოგონებას, რაც არ უნდა მხიარული და სასიამოვნო იყოს იგი, მაინც ახლავს რაღაც ყრუ ტკივილი და სხვისთვის შეუმჩნეველი, თითქმის აუხსნელი სევდა.
*
დილით მამიდაშვილი შემოვიდა ჩემს ოთახში და მითხრა: – ვიღაც ქალია, შენ გკითხულობსო.
– უთხარი შემოვიდეს. – ვთხოვე მე და სამუშაოს თავი დავანებე.
– ეზოში დგას, ალაგესთან, არ მოდის, თუ არ შეწუხდება, აქ მოვიდეს ერთი წუთითო.
რა გზა მქონდა, ეზოში ჩავედი. ალაგესთან 45-50წლის ჭაღარ სოფლელი ქალი იდგა. ხელში რაღაცით სავსე სამლიტრიანი ქილა ეჭირა და უხერხულად იღიმებოდა. სათნო და ლამაზი სახე ჰქონდა.
– გამარჯობათ, ნოდარ ბატონო! – მომესალმა.
– გამარჯობათ, მობრძანდით სახლში! – მოვიპატიჟე ცალყბად, თან გულში გავიფიქრე, ძღვენით არის მოსული, დაიწყება ახლა: „შვილი მყავს მოსაწყობი“, ან „ამას მიმიწერე“, „იმას დაურეკე…“
– არა, ბატონო, მხოლოდ ერთი წუთით გეახელით.
– რაზე შეწუხებულხართ, ქალბატონო?
– ალბათ ვერ მიცანით, ნოდარ ბატონო. – მითხრა მან და ძალზე სევდიანად გაიღიმა.
– გამოგიტყდებით და, ვერა, ქალბატონო. – შემრცხვა, მაგრამ ტყუილი ვერ ვთქვი.
– არ მეგონა, თუ ვერ მიცნობდით. – მითხრა მან და თავი დახარა.
– რატომ გეგონათ, რომ გიცნობდით, ქალბატონო?! – გამეღიმა მე.
– ნათელა ვარ მე, ნიჟარაძე, კუკურას დაი. – თქვა მან.
– ნათელა! – საოცარი სისუსტე ვიგრძენი ხმაშიც, მკლავებშიც, მუხლებშიც…
– ნათელა! – გავიღიმე უნაიროდ და იქვე წაქცეულ ხის გრძელ მორზე ჩამოვჯექი. იგი მოვიდა, ის ქილა ფეხებშუა ჩამიდგა და ჩემს გვერდით ჩამოჯდა. უხერხულობის დასაფარავად თუთუნის გახვევა დავიწყე.
– მაისის თაფლია, ნოდარ ბატონო, ჩემი ბუკისაა, სუფთა ქარვასავით.
– გმადლობთ, რაზე ირჯებოდი.
– სოფელში თქვეს – ჩამოვიდაო, გულს უჩივაო, აგი თაფლი გულის წამალია… შენი ძმაი იკითხა, კუკურა და მისი ცხენიო… – თავი დავუქნიე უაზროდ. – რამდენი ხნით ჩამობრძანდით, ნოდარ ბატონო, მარტო ბრძანდებით თუ შემადგენლობით… – იგი ლაპარაკობდა წყვეტილად, თავაუღებლად. ხმა უთრთოდა.
– როგორ ხარ, ნათელა? – შევაწყვეტინე ლაპარაკი… მან სული მოითქვა და თვალებში შემომხედა.
– ჩემი არ იყოს, ხანი შეგპარვია, ნოდარ ბატონო! ახლა ხომ არ უჩივით რამეს?
– ჩემი საქმე გამორკვეულია. შენ როგორ ხარ, ნათელა?
– ვარ ისე, როგორც შეეფერება სოფლის დედაკაცს.
– მაინც?
– ჩაის ვკრეფ, ყანას ვთოხნი, საქონელს ვწველი, ქმარ-შვილს ვუვლი.
– გათხოვდი?
– გვინ გავთხოვდი, ნოდარ ბატონო… ოთხი შვილი მყავს, ოთხივე სწავლობს…
*
. . . . . . . . . . . . . . . .
– ქმარი კარგი მყავს, წესიერი კაცია, მშრომელი…
– სახლში შემოდი, ნათელა! – ვთხოვე მე და წამოვდექი.
– არა, ჩემო ბატონო, აღარ შეგაწუხებთ. – თქვა და უხერხულად შეიშმუშნა. მივხვდი, რაღაც აწუხებდა, მაგრამ თქმა ეუხერხულებოდა.
– რაღაც გაწუხებს, ნათელა, და მითხარი, ნუ მომერიდები, – ვუთხარი მე.
– აგერ, ეს მოგიტანეთ, არ იფიქროთ, რომ… სხვანაირად ნუ ჩამომართმევთ და… თქვენ ახლა სახელიანი კაცი ბრძანდებით, თქვენ უფრო გამოგადგებათ, რამეში გამოიყენეთ, მე კი… – მან რაღაც ძველი, გაცრეცილი ქაღალდი გადმომცა ათრთოლებული ხელით.
– რა არის ეს, ნათელა?
– ლექსია. თქვენი დაწერილი… – გული გამიწვრილდა ცნობისმოყვარეობისაგან, ქაღალდი გავხსენი და ელდა მეცა.
წიფნაგვარელი ნათელა
ულამაზესი ქალია, ო, ჩემო ციცინათელავ, ჩემო ციხევ და გალია…
და შემდეგ: შენი თვალები მაღლები
სამხრეთის ზღვების ფერია, კბილები – თეთრი ძაღლები
მიღრენენ, არაფერია.
მოგონებებში წასული
შენს ბაგეს დავეხარბები, ოცნების ორი ასული
გადაწოლილან წარბები,.
გადაუთიბავთ თივები…
. . . . . . . . . . . . .
…და მე გუშინდელ დღესავით გამახსენდა, როგორ შევიზიარე გალაკტიონი ჩემი ბავშვობის სიზმრებში დაბადებულ პირველ სიყვარულში, როგორ მიმქონდა მისგან სესხი, რომელსაც არასდროს არ აბრუნებენ, და როგორ ვკვებავდი ამ საზრდოთი ჩემი და ნათელას სიყვარულის მშიერ სულს.
– კიდევ ბევრი ლექსი მაქვს თქვენი, მაგრამ ეს ყველაზე კარგია, ცოდვაა ამის ასე დაკარგვა… – მითხრა მან.
– და შენ ეს ლექსი არავისთვის არ გიჩვენებია?
– რას ბრძანებთ, ჩემზე დაწერილ ლექსს სხვას როგორ წავაკითხებდი? – მითხრა მან და გაკვირვებულმა შემომხედა.
– არც შვილებს?
– არც შვილებს და არც არაფერ სულიერს, – მიპასუხა. ერთი ტირილი ქვეყანას მერჩია.
– კარგი ქალი ხარ, ნათელა, შენ. მაპატიე, რომ ვერ გიცანი, ახლა კი გიცანი და გამახსენდი, მაგრამ ვაი რომ გვიანია. მაპატიე, ნათელა!
– რა გჭირთ, ბატონო, ჩემი საპატიებელი?!
ნათელას გაეღიმა. მერე ისევ დუმილი ჩამოვარდა.
– ნათელა!
– ბატონო?!
– სუყველაფერი გამახსენდა, კუკურა, კუკურას ცხენიც, ჯარში რომ ერთად დაუძახეს. ის დღეც კი მახსოვს, ძროხას რომ ყიდდით შენ და კუკურა და მერე ფული რომ უკან დაუბრუნეთ… ის თუ გახსოვს, კაცია მუნჯაძის სიზმრის და მატარებლის ამბავი! – ნათელა ხმას არ იღებდა. – თუმცა, როგორ არ გემახსოვრება, იმ დღეს არ შეიცხადეს კუკურა?.. ლექსებს რომ გიკითხავდი ზვინის ძირში და რომ დაგვეძინა უცებ ორივეს… ისიც გახსოვს ალბათ.
ნათელა წამოდგა, თვალებიდან ღვარად ჩამოსდიოდა ცრემლი და ნიკაპთან ეკვროდა.
– ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე – მთხოვა მან. მე ავიღე, ქალისათვის შეუფერებელი შრომისაგან დაკოჟრილი და დამსკდარი მისი ხელი, მოწიწებით ვაკოცე და გული ამომიჯდა. მან ძალიან ფრთხილად გამომართვა ხელი, გულის მხარეს მკერდზე მაკოცა, მერე შეტრიალდა და წავიდა.
– მაპატიე, ნათელა! – ვთქვი მე. ნათელამ არაფერი არ მიპასუხა, ისე გადავიდა ალაგეზე. მე დიდხანს ვიდექი იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც მოიხედავს-მეთქი, მაგრამ ნათელას არ მოუხედია. იგი წავიდა და ასე უკანმოუხედავად წაიღო თან ჩემი საბრალო ბავშვობა.