გაიცანით აბიტურიენტები, რომლებმაც 100%-იანი დაფინანსება მიიღეს – “სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად”

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა დღეს ჩარიცხვებისა და გრანტის განაწილების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. 2020 წელს უმაღლეს დაწესებულებებში სწავლას 29 614 აბიტურიენტი გააგრძელებს.
სახელმწიფო გრანტი 6550-მდე გამოსაცდელმა მოიპოვა, ამათგან 100%-იანი დაფინანსება მიიღო 1000-ზე მეტმა, 70%-იანი დაფინანსება – 1500-მდე, 50%-იანი გრანტი კი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა დაიმსახურა.
ჩვენ 100%-იანი გრანტით ჩარიცხულ რამდენიმე აბიტურიენტს გავესაუბრეთ:
ნანუკა მუშკუდიანი:
– ქუთაისის 24-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და ჩავირიცხე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისურ ფილოლოგიაზე. ქართულში 70/64, ინგლისური 80/75, ისტორიაში 60/55 ქულა ავიღე.
სიმართლე გითხრათ, 100%-იან გრანტს თუ ვერა, 70-იანს მაინც ვფიქრობდი. ბოლომდე დარწმუნებული არ
ვიყავი, რომ 100%-იანს ავიღებდი. სამივე საგანში ვემზადებოდი რეპეტიტორთან.

– როგორი მოლოდინები გაქვს? რას გვეტყვი სკოლაში მიღებულ ცოდნაზე?
– მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს წარმატება გავამართლო და წარმატებული მოსწავლე წარმატებულ სტუდენტად ვიქცე, ამიტომ მოლოდინებიც  კარგი მაქვს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთი წლით რეპეტიტორებთან სიარულით ამ შედეგის მიღწევა გამიჭირდებოდა. სკოლაში მიღებულმა ცოდნამ და ჩემმა აქტიურობამ კი განაპირობა ის, რომ ეს წელი არ იყო ჩემთვის დაძაბული და უფრო ადვილად მივაღწიე სასურველ შედეგსაც.
მარი ღვინიაშვილი:
– დავამთავრე თბილისის 129-ე საჯარო სკოლა. ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯვახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ქართულში – 68, ზოგად უნარებში – 68, უცხო ენაში –
80, ისტორიაში კი – 53 ქულა ავიღე. რეპეტიტორებთან ვემზადებოდი და ქულებიდან გამომდინარე მოლოდინიც მქონდა, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი.
– როგორ შეაფასებთ სკოლაში სწავლების დონეს, რომ არა რეპეტიტორები, გაგიჭირდებოდათ ამ შედეგის მიღწევა?
– ვფიქრობ, დიახ. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არ იქნებოდა ეროვნული გამოცდების ასე წარმატებით ჩასაბარებლად.
100-იანი გრანტით ჩაირიცხა “თავისუფალ უნივისრსიტეტში” ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე

ზუკა შაყულაშვილი, რომელიც კერძო სკოლა “ბრიტანიკის” კურსადამთავრებულია. მათემატიკაში 59 ქულიდან 59 აიღო. ქართულ ენასა და ლიტერატურაში – 70-დან 69, ხოლო ინგლისურში 77 ქულის აღება შეძლო. თავისუფალ უნივერსიტეტში ელექტრო და კომპიუტერულ ინჟინერიაზე ჩააბარა. ჩვენთან ინტერვიუში ცოტა ხნის წინ ამბობდა, რომ კმაყოფილი იყო შედეგებით.
“მეცადინეობა და მასწავლებლების ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. მათი დახმარების გარეშე ვერაფერს მივაღწევდი”.
ნინო ქიტესაშვილი:
– თბილისის 166-ე საჯარო სკოლა დავამთავრე. ჩავირიცხე ISET-ში. დაფინანსებას ველოდი, ვიცოდი, რომ ან 70-იანი გრანტი იქნებოდა ან 100-იანი. ბოლო დღეებში მივხვდი, რომ სრული დაფინანსება საკმაოდ რეალური და მოსალოდნელი იყო: ქართულში – 57, მათემატიკაში – 53, ინგლისურში – 79 ქულა ავიღე გამოცდებზე.

თაკო წულაია:
– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩავირიცხე, ლიტერატურათმცოდნეობის ფაკულტეტზე. დავამთავრე მარტვილის N1 საჯარო სკოლა. რეპეტიტორთან დავდიოდი. ქართულში -70/66, ინგლისურში – 80/72, ისტორია – 60/58 ქულა დავაგროვე.

– როგორ შეფასებ სკოლაში მიღებულ ცოდნას?
– სკოლა საკმარისს განათლებას გაძლევს იმისთვის, რომ აბიტურიენტობისას მასალა უკეთ აითვისო და მარტივად გადაიმერო პროგრამა, მაგრამ რეპეტიტორთან რომ არ მევლო, ვფიქრობ, თავდაჯერებული არ ვიქნებოდი გამოცდებზე გასვლისას. თუმცა, ჩემს სკოლაში პროფესიონალები ასწავლიან, მთავარია, სკოლაში მიხვიდე და ბოლო წელი არ გააცდინო.
გოგა გემაზაშვილი:
– 100%-იანი გრანტით ჩავირიცხე ISET-ში ეკონომიკის ფაკულტეტზე. დავამთავრე კომაროვის 199-ე სკოლა. რეპეტიტორებთანაც და დავდიოდი მოლოდინიც მქონდა, რომ უმაღლესში სასწავლებლად სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი. ოჯახის წევრებსაც ძალიან გაუხარდათ.
ელენე ავალიშვილი:
– კომაროვის სკოლა დავამთავრე და თსუ-ში ჩავაბარე, ISET-ში ჩავირცხე. ზუსტად არ ვიცოდი, სწავლის სრულ დაფინანსებას თუ მოვიპოვებდი. რაც შეეხება კითხვას, როგორ ვაფასებ ქართულ განათლების სისტემას, ჩემი აზრით, ბევრი რამის შეცვლაა საჭირო. ჩემი წარმატება ყველას გაუხარდა.

ანა ფაცია:
– სენაკის მე-7 საჯარო სკოლა დავამთავრე და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში – საჯარო ადმინისტრირება და სახელმწიფო მმართველობაზე ჩავირიცხე. დავდიოდი რეპეტიტორებთან, თუმცა თავადაც დაუღალავად ვშრომობდი იმისთვის, რომ მიზნისთვის მიმეღწია.

ერთობლივმა მუშაობამ კი შედეგი გამოიღო. ოჯახის წევრებს, რა თქმა უნდა, ძალიან გაეხარდათ, ყველა ძალიან აღელევბული და გახარებულია ჩემი წარმატებით.

მარიამ დვალაძე:
– თბილისის 30-ე საჯარო სკოლა დავამთავრე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. ქართულში – 62, ქიმია – 66, ბიოლოგიაში მაქსიმალური და ინგლისურში – 76 ქულა ავიღე. ოთხივე საგანში ვემზადებოდი და რეპეტიტორებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩემს წარმატებაში, ძალიან დამეხმარნენ განვითარებაში. ყველა ძალიან გახარებულები იყვნენ, ჩემგან განსხვავებით ისინი უფრო მოელოდნენ ამ შედეგს. მე მაინც ბოლომდე მეშინოდა, ჩარიცხვებს ყველა მოუთმენლად ველოდებოდით.

წყარო:https://www.mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები