“გადამკიდა ფანჯარაში, მეუბნებოდა, რომ დამასახიჩრებდა” – თბილისში ქმარმა ორსული ცოლი სცემა

თბილისის საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს 33 წლის მამაკაცის წინააღმდეგ. მას 24 წლის მეუღლის მიმართ სისტემატიურ ძალადობაში ადანაშაულებენ.

„არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ.ხ-მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური და ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია. დანაშაული ჩადენილია დამნაშავის მიერ წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ“, – ნათქვამია ბრალის დადგენილებაში, რომელსაც ხელს აწერს პროკურორი ლაშა გამყრელიძე.

„პრაიმტაიმი” დაზარალებული ქალის ჩვენებას ავრცელებს, სადაც ის დეტალურად აღწერს ქმრის მიერ ფიზიკურ ძალადობასა და მუქარის არაერთ ეპიზოდს. ჩვენებით ირკვევა, რომ ერთ-ერთი ძალადობის დროს ქმარმა ორსული ცოლი ჯერ სცემა, შემდეგ კი მისი ფანჯრიდან გადაგდება სცადა.

საქმის მასალებში დევს სამედიცინო ცნობა ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის შესახებ. ძალადობის მსხვერპლი იძულებული გახდა ნაყოფი მოეშორებინა.

აი, როგორ აღწერს დაზარალებული ნ.მ ძალადობის რამდენიმე ეპიზოდს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში:

„მე და ჩემი მეუღლე ვიმყოფებოდით სახლში, იგი იყო ნასვამ მდგომარეობაში. ჩვენ ვიყავით დაწოლილები. იქნებოდა დახლოებით ღამის 02:00 საათი, როდესაც მე გამაღვიძა ჩემმა მეუღლემ, ღრიალით და გინებით მომმართა, რომ მიმეტანა მისთვის საჭმელი. ვუთხარი, რომ არ იყო ჩემი დამცირება და ყვირილი საჭირო, ისეც მივუტანდი მას საჭმელს. ამაზე იგი გაღიზიანდა, საწოლშივე მომკიდა თმებში ხელი და თავი მიმარტყმევინა საწოლის თავზე… როდესაც შევიტყვე, რომ ვიყავი ორსულად, რა თქმა უნდა, ვუთხარი ჩემს მეუღლეს. ამას გამო ჩემმა მეუღლემ დალია და ღამით სახლში დაბრუნდა ნასვამ მდგომარეობაში, იქნებოდა დაახლოებით 23:00 საათი. მან მიუხედავად იმის, რომ იყო ასეთი კარგი ამბავი, არ დამინდო და ისევ დამიწყო დამამცირებელი სიტყვებით საუბარი, გინება და ყვირილი. მეუბნებოდა, რომ ვიყავი დებილი და არარაობა. მე მას შევეწინააღმდეგე, ვინაიდან აქ მხოლოდ ჩემს ჯანმრთელობას აღარ ეხებოდა საქმე. ამაზე საერთოდ გაგიჟდა და რამოდენიმეჯერ დამარტყა სახის არეში გაშლილი ხელი, მითხრა რომ თუ კიდევ შევეწინააღმდეგებოდი და ამას თუ ვინმეს ვეტყოდი მომკლავდა, გადამაგდებდა ფანჯრიდან და დამასახიჩრებდა. მე მას ვუთხარი, რომ ამას იგი ვერ გაბედავდა, რაზეც მისგან პასუხი იყო, რომ ამიყვანა ხელში, მაგრად მომიჭირა ხელები მკლავებში, რა დროსაც ვიგრძენი ძლიერი ტკივილი, ამის შემდეგ გამოაღო ფანჯარა და ნახევარი ტანით გადამკიდა ფანჯარაში ისე რომ ვეჭირე ხელში და მეუბნებოდა, გადამაგდებდა და დამასახიჩრებდა. მე ამ დროს ისე შემეშინდა, რომ მეტყველების უნარი დავკარგე, განვიცდიდი ისეთ ფსიქოლოგიურ სტრესს და ფიზიკურ ტანჯვას რომ ვერაფერი ვუთხარი ჩემს მეუღლეს გარდა იმისა, რომ უკან დავესვი და არ მოვეკალი. ამაზე მან მიპასუხა, რომ არ მგონებოდა მუქარას არ შეასრულებდა და მითხრა, რომ ამის შემდეგ გადავიდოდა რეალურ მოქმედებაზე. ვინაიდან, ჩვენ ვიყავით ახალი შეუღლებულები, აღნიშნულის შესახებ არავისთვის არ მქონდა ნათქვამი, რადგან ძალიან მრცხვენოდა და ვერ ვამბობდი.

ძალადობის შედეგად აღმენიშნება სილურჯეები მარჯვენა მხარის და ფეხის არეში. ეს დაზიანებები მე მომაყენა ჩემმა მეუღლემ, რასაც ასევე შეესწრო დედაჩემიც. დედაჩემისაც არ მოერიდა და ჯერ თავში ჩამარტყა ხელი ძლიერად, რაზეც მე მას ხელი ვკარი და მიკბინა მარჯვენა ფეხზე ბარძაყის არეში, რომელიც ამ დრომდე მემჩნევა“, – ვკითხულობთ ძალადობის მსხვერპლი ქალის მიერ მიცემულ ჩვენებაში.

ძალადობაში ბრალდებული 33 წლის მამაკაცი ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, სასამართლოში კი მოწმეების დაკითხვა მიმდინარეობს.

ცნობისთვის: გასულ წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის და ევროკავშირის მიერ საქართველოში ჩატარებული კვლევით დადგინდა, რომ 15 ათასამდე ქალს ორსულობის დროს ფიზიკური ძალადობა განუცდია, მათი 37 პროცენტი მიუთითებს, რომ ორსულობის დროს მუცელში ჩაურტყამთ მუშტი, ან წიხლი.

წყარო: primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები