„გადავწყვიტე, გამოსავალი მეპოვა – გამეჩინა ფულიანი საყვარელი“ – 24 წლის გოგოს ისტორია

ჟურნალი თბილისელები რუბრიკაში “მოდი ვილაპარაკოთ” 24 წლის მარის ისტორიას აქვეყნებს, აღნიშნულს უცვლელად გთავაზობთ:

„ყოველთვის იდილიურ ოჯახურ ცხოვრებაზე ვოცნებობდი. მინდოდა, გავთხოვილიყავი, შემექმნა ოჯახი, საყვარელი ადამიანის გვერდით მშვიდად მეცხოვრა, მაგრამ რეალურად ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.

ჩემს ოჯახს ყოველთვის უჭირდა, თავი ძლივს გაგვქონდა. რაც თავი მახსოვს, დედ-მამა სულ მუშაობენ, მაგრამ ბევრი დედმამიშვილი ვართ და მათი ფული მხოლოდ კვებაში მიდიოდა. ერთმანეთის გამონაცვალებში გავიზარდეთ, არასდროს მქონია ის ჩასაცმელი, სათამაშო თუ ნივთი, რაც მინდოდა. ერთი სიტყვით, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბედნიერები ვიყავით. რომ წამოვიზარდე, რადგან უფროსი ვარ, მუშაობის დაწყება მომიწია. სწავლის გაგრძელებაზე ვერც კი ვიოცნებებდი. თუმცა, მინდოდა, იმდენი მეშოვა, ჩემს პატარა და-ძმებს მაინც მიეღოთ განათლება და ამისთვის, დღე და ღამე ვმუშაობდი. ბოლოს, მივხვდი, ასე არაფერი გამოვიდოდა, მაინც ვერ ვიშოვიდი იმდენს, ოჯახს შევხიდებოდი, შემექმნა ის პირობები, რომ ჩემს ოჯახის წევრებს ყველაფერი ჰქონოდათ. არც სიყვარულში გამიმართლა. ვის უნდოდა ასეთი ღარიბი და გაუნათლებელი გოგო. ჰოდა, გადავწყვიტე, გამოსავალი მეპოვა – გამეჩინა ფულიანი საყვარელი. გარეგნულად ძალიან ბევრს მოვწონდი, თუმცა, ჩემს ცოლად მოყვანაზე ყველა უკან იხევდა, ამიტომ, ჩემთვის საყვარელი ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ ცხოვრების პირობები გამეუმჯობესებინა. სამსახურში ჩემი უფროსის მოადგილე საკმაოდ კარგი კაცია. პირველად რომ მივედი, სწორედ მან შემომხედა კარგ თვალზე და ამიყვანა სამსახურში. მართალია, დამლაგებლის პოზიციაზე, მაგრამ მერე დამაწინაურა და ახლა მისი პირადი მდივანი ვარ. ყოველთვის ყურადღებას მაქცევდა, დავყავდი შეხვედრებზე, საჩუქრებით მანებივრებდა, როცა სადმე მინდოდა წასვლა, სულ მიშვებდა. ვგრძნობდი, რომ მისგან სხვანაირი სითბო მოდიოდა. მეც ცოტა გავეპრანჭე და ურთიერთობაც დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შორის ასაკში საკმაოდ დიდი სხვაობაა და არც ფიზიკურად შევეფერებით ერთმანეთს, არ ვნანობ მის საყვარლობას. ის რომ არ მყავდეს, ასეთი ჩაცმულ-დახურული და გაპრანჭული ვერ ვივლიდი. ფულსაც მაძლევს, სამსახურშიც მიწყობს ხელს და დედოფალივით მანებივრებს. მართალია, სახლში თავიდან იეჭვეს, მაგრამ, დავამშვიდე, ვუთხარი: ჩემი უფროსი კარგი კაცია, ხვდება, რომ ერთგულად ვემსახურები და ხელფასიც გამიორმაგა და პრემიებსაც ხშირად მაძლევს-მეთქი. ვიცი, არ დაიჯერეს, მაგრამ თვალი დახუჭეს, არც კი გამოუთქვამთ პრეტენზია ან ეჭვი. უბრალოდ, ასე აწყობთ. ახლა, რომ ვიცი, არც საჭმელზე უნდა ვიფიქრო და არც ჩასაცმელზე, ყოველი დილა ბედნიერად თენდება. ჩემს და-ძმებსაც ვუგროვებ თანხას, რომ მოვამზადო და უმაღლესი განათლება მიიღონ. ჩემი საყვარელი შვილის გაჩენაზე უარს მეუბნება. უნდა, ეს ურთიერთობა მხოლოდ ჩვენ შორის დარჩეს. მესმის მისი, რადგან ოჯახი აქვს, თანამდებობა და არ უნდა, პრობლემა შეიქმნას. მისთვის ერთგვარი გასართობი ვარ. თუმცა, დიდ პატივს მცემს და მისგან არასდროს მიგრძნია უხეშობა ან დამცირება. ჩემთვის არასდროს არაფერი ენანება და როცა რამეს მყიდულობს, ჩემზე მეტად, მას უხარია. რა თქმა უნდა, ვფიქრობ, ჩემი ამ საქციელით, ერთგვარი მსხვერპლი გავიღე, ჩემი პირადი ცხოვრება და მომავალი დავასამარე, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ ოჯახის წევრების გახარება შემიძლია. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ასეთი ცხოვრება მელოდა, მაგრამ რას ვიზამთ, ხანდახან თავის მსხვერპლად გაღებაც განიჭებს სიამოვნებას, როცა შენს საყვარელ ადამიანებს ამით შველი, მომავლის გზას უკვალავ და მათთვის, ერთადერთი გამოსავალი ხარ, თუანდაც საკუთარი ბედის დანგრევის ხარჯზე. ვიცი, ბევრმა შესაძლოა, დამძრახოს. არც გარეგნობა მაკლია, არც ჭკუა და არც გონება, მაგრამ სიღარიბეში გაზრდილმა გოგონამ, მეტი გამოსავალი ვერ ვნახე“

კომენტარები

სხვა სიახლეები