ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად, გაჩნდა კითხვა, რა ბედი ეწევა ყველასთვის საყვარელ და პოპულარულ სერიალს – “ჩემი ცოლის დაქალები”.
გაგრძელდება თუ არა სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“, ამის თაობაზე სერიალის სცენარისტმა, ქეთი დევდარიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპილოტე გადაცემაში ისაუბრა.
„ჩემი ცოლის დაქალები” “რუსთავი 2-ზე” გადის უკვე მერვე წელია. ჩვენ მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვეკითხება, რას ვიზამთ. ეს სერიალი რომ არ მოსწონს ხელისუფლებას, ესეც ვიცით, ამიტომ არც არავინ შეგვეხვეწება დარჩენას. ოფიციალურ განცხადებას „ფორმულა კრეატივი“ ამ დღეებში გააკეთებს, სადაც გაუწყებთ ჩვენს გადაწყვეტილებას, რას ვიზამთ ხვალ და ზეგ. ჩვენ გვაქვს კონტრაქტი და ეს გულისხმობს ამ სეზონის სერიების დასრულებას. დარჩა 6 სერია, ამას ვერ დავარღვევთ. ეს იქნება უპასუხისმგებლობა მაყურებელთან. მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემთან არასდროს არავის დაურეკავს და არ მიუთითებია – ასეთი სცენარი დაწერე, ისეთი სცენარი დაწერე. „ჩემი ცოლის დაქალები“ იარსებებს მხოლოდ ისეთ ფორმატში, სადაც არავინ რეკავს, რა უნდა დავწეროთ, რა გადავიღოთ და ვინ ითამაშოს სერიალში. მე ეჭვი მეპარება, რომ ამ ახალი რედაქციით ეს შესაძლებელი იქნება“, – აღნიშნა ქეთი დევდარიანმა.