ანა კონოპლევას ბლოგი
“კაცობრიობის ისტორია სულ უფრო და უფრო განათლებასა და კატასტროფას შორის წარმოქმნილ რბოლად იქცევა…”
ჰერბერტ უელსი
——–
წლების წინ შემთხვევითობის პრინციპით შევიძინე წიგნი ჩემთვის საინტერესო და დამაინტრიგებელი სათაურით – “საოცარი ახალი სამყარო” (ავტორი – ოლდოს ჰაქსლი). წიგნის სიუჟეტი მაშინ დაუჯერებელიც და ამავდროულად, ტკივილამდე წინასწარმეტყველი მომეჩვენა. რაღაცეები უკვე ასრულებულია, ბევრი – მომავლის პერსპექტივით…
დიახ, დრო დაუნდობლად სწრაფად გარბის და მე სულ უფრო და უფრო ხშირად მახსენდება ამ რომანში აღწერილი სცენები და ინფორმაციული გზავნილები.
XX საუკუნის ამერიკელი მწერლის, ოლდოს ჰაქსლის ანტიუტოპიური სატირული რომანი “საოცარი ახალი სამყარო” იყო პასუხი ჰერბერტ უელსის ნაწარმოებებზე “თანამედროვე უტოპია” და “ადამიანები, როგორც ღმერთები”.
ჩვენთვის იმ ლიტერატურული სამყაროს კარი გაიღო, რომელშიც ძალაუფლება ინტელექტუალ-ტექნოკრატების ხროვის ხელში მოხვდა. შესაძლოა, რომელიმე თქვენგანმა ახლა არგუმენტირებულად აღნიშნოთ, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოებისთვის პროგრესი აუცილებელია. დიახ, თუმცა, ვფიქრობ, “პროგრესი” არა გრძნობებისგან და ფასეულობებისგან დაცლილი, ზომბებად ქცეული “საზოგადოების” ჩამოყალიბების სანაცვლოდ.
ვისთვის, თუ არა საქართველოს მიწაზე მცხოვრები ადამიანებისთვის იქნება გასაგები და მისაღები ეს გულისტკივილი. საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული, განათლებაზე ორიენტირებული, ოჯახის ინსტიტუტის მიმდევარი, ტრადიციებზე დაფუძნებული ქვეყნისთვის ოლდოს ჰაქსლის წინასწარმეტყველების ასრულება კატასტროფის ტოლფასი იქნება. და ჩვენ უკვე ვდგავართ ამ კატასტროფის საზღვარზე. ვინ მოიგებს რბოლას განათლებასა და კატასტროფას შორის? “თავისუფლების” უკან ჩამალული უწესრიგო, უპასუხისმგებლო, უემოციო, უტაქტო, უცოდინარი და ადვილად სამართავი რობოტი თუ განათლებული, კრიტიკულად მოაზროვნე, მშრომელი, სწორი ღირებულებების მქონე, ჯანსაღი და სულით ხორცამდე თავის-უფალი ადამიანი?
ამ ორი პოლარული დახასიათების მქონე ინდივიდების თანაცხოვრებაც და ბრძოლაც მიდის დღეს.
არსებობს იმის მცდელობაც, რომ განდეგილებად იქცეს ის, ვინც ვერ აითვისა გარკვეული ჯგუფების კოლექტივიზმი და აქვს განვითარებული ინდივიდუალურობა და თვითშემეცნება. ეს წინასწარმეტყველებაც და ადამიანების კასტებად დაყოფაც ოლდოს ჰაქსლის ეკუთვნის.
სამყაროს ერთიან “პროგრესულ” სახელმწიფოდ გარდაქმნის იდეაც ოდითგანვე მოდის. ხომ ყველამ ვიცით ფილოსოფოს-ცინიკოსის დიოგენეს (ჩვ. წ. აღრ. 412-323 წწ.) ფრაზა – “მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ”. ბოლო დროს მსოფლიოს ერთიანი სახელმწიფოდ გარდაქმნის შესახებ სულ უფრო ხშირად გვესმის. სხვათაშორის, ანთროპოლოგ რაულ ნეროლის რამდენიმე წლის წინანდელი გათვლებით, მსოფლიოს ერთიანი სახელმწიფოს არსებობის ალბათობა 2125 წლისთვის 40%-ს, 2750 წლისთვის კი – 95%-ს შეადგენს. კარგია ეს , თუ ცუდი, თქვენ განსაზღვრეთ. და ეცოდინებათ კი მის მოქალაქეებს ღმერთის სახელი? თუ “პროგრესულ” და ერთიან სახელმწიფოში მცნებების ‘სიყვარული” და “შრომა” გაუქმება მოხდება, მთავარი “ღირებულებები” კი სექსუალური თავისუფლება და მომხმარებლობა იქნება?
უკვე დღეს ღმერთი ხშირად არც გულებში და არც ფიქრებში აღარაა. წლევანდელი ოქროს გლობუსის ცერემონიისა არ იყოს…
თუ დაუჯერე „საოცარ ახალ სამყაროს“ ადამიანის თავისუფლება, ინდივიდუალიზმი, კულტურა, რელიგია, ლიტერატურა და ხელოვნება ტექნიკურ პროგრესს ეწირება. ოჯახი, გრძნობები და ადამიანური ურთიერთობები ახალი რეპროდუქციული
ტექნოლოგიების, შობადობის ტოტალიტარული კონტროლისა და ახალი სექსუალური ტრადიციების მსხვერპლია.
ახალ სამყაროში უარყოფილია ისტორია და ახალი წელთაღრიცხვა პირველი საწარმოო კონვეიერის შემქმნელის, ჰენრი ფორდის დაბადებიდან იწყება. ფორდი და ფროიდი გაიგივებული არიან ღმერთთან. აქ სჭარბობს მასობრივი წარმოება და მოხმარება, ლიბიდო და ჰიპნოზი.
სასაუბრო ყველა ენა მკვდარია, ინგლისურის გარდა. სახელმწიფოს მიერ ოფიციალურად წახალისებული ნარკოტიკის წყალობით კი არავინაა მარტო ამ „სამოთხეში“ და ყველა „ბედნიერია“.
რომანის სათაური ჰაქსლიმ შექსპირის „ქარიშხლიდან“ აიღო, ხოლო თავად შექსპირის თემა, როგორც ხელოვნების, კაცობრიობის გენიის და ჰუმანიზმის სიმბოლო, სულიერებისგან აბსოლუტურად დაცლილ ახალ სამყაროს დაუპირისპირა.
“სამყარო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორც ადრე”. ბოლო წლებია, პანდემიიდან მოყოლებული სწორედ ამ ზოგადი ფრაზით ვხვდებოდით და ვხუმრობდით, რომ “არმაგედონი” სადღაც ახლოსაა. მართალია, ჩვენი პლანეტა არც მანამდე იყო გაჩერებული, მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ბევრად მკაფიოდ დაგვანახა მომავლის პერსპექტივა, ჩვენ, ყველამ კიდევ უფრო მძაფრად შევიგრძენით უსუსურობის განცდა და იუმორნარევი სასოწარკვეთით აგვმოხდა: გააჩერეთ დედამიწა, ჩავდივარ!
სხვა სიახლეები