„ბუერა“ – ხელნაკეთი აქსესუარები – ფოტოკოლაჟი

 

„ყველაფერი გენიალური, მარტივია“- ეს სიტყვები, მაიამ მაშინ წარმოთქვა, როდესაც ვკითხე, თუ რატომ დაირქვეს მათ მაინცდამაინც „ბუერა.“ აღმოჩნდა, რომ უამრავი სახელი, რომელთა ლოგიკური მოფიქრებაც შეიძლებოდა, დაკავებული იყო. სრულიად შემთხვევით, თეომ გადაფურცლა სულხან-საბას განმარტებითი ლექსიკონი და ასო ბ-ზე სიტყვა „ბუერამ“ მოხიბლა. სინამდვილეში კი, ბუერა ბალახოვანი მცენარის სახელწოდებაა.
რთულია მიაგნო საყვარელ საქმეს და თუ იპოვე, მისი განხორციელებისას აუცილებლად შეგხვდება სირთულეები, რომლის გადალახვაც მხოლოდ ბევრ ძალისხმევასა და მონდომებას ძალუძს.
„ბუერას“ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი დაბრკოლება ოდნავ კურიოზული აღმოჩნდა. მათი ხელნაკეთი ქმნილებები ღუმელში პირველად მოხვედრისას, სამწუხაროდ, სულ მთლად გაშავდნენ და ფორმა დაკარგეს.

პირველმა წარუმატებელმა მცდელობამ არ შეაშინა თეო და მაია! მათ მაშინვე ხელახლა გააცოცხლეს თავიანთი პატარა ქმნილებები და ღუმელიც დაიმეგობრეს. ერთი პატარა ოთახი, რომელიც სავსეა კეთილი ფერებით, შთამაგონებელი აზრებითა და უამრავი ფანტაზიით, ქმნის საოცარ სამყაროს, სადაც ჩვენი გმირები ფუსფუსებენ.
„ბუერას“ სამუშაო მასალა, ძირითადად, პოლიმერული თიხაა, რომელიც ჭეშმარიტი შემოქმედის ხელში ნამდვილი ხელოვნების ნიმუშად ყალიბდება. ამ ორმა საოცარმა ადამიანმა, მაია თავართქილაძემ და თეონა ბაკურაძემ, უკვე შეძლეს და უამრავი ადამიანის სიხარულისა და კეთილგანწყობის წყაროდ იქცნენ. ისინი არ აპირებენ, გაჩერდნენ ერთ საფეხურზე და ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ მათი ქმნილებები ანიმაციურ ფილმებშიც მიიღებენ მონაწილეობას, ან კიდევ, წიგნის პერსონაჟებს განასახიერებენ. ვფიქრობ, მათ ნებისმიერ წამოწყებას წარმატების ფინიში ელის.

ასე რომ, მოდით, ვუგულშემატკივროთ ხელოვანთა საოცარ დუეტს, რომელიც არც ისე შორეულ მომავალში არაერთხელ გაგვაოცებს.

კომენტარები

სხვა სიახლეები