ბრიტანული გამოცემა Daily Mail იუწყება, რომ ინგლისის ქალაქ ვესტონ-სუპერ-მერში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა — 9 წლის გოგონა, არია, საკუთარ სახლში დანით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. შემთხვევამ ადგილობრივი საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.
გამოცემის ცნობით, არია სოციალურ საცხოვრებელ ბინაში, დედასთან — 36 წლის ვიქტორია ჰალთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც პროფესიით თმის სტილისტია. ოჯახი აქ დაახლოებით 6 წლის წინ დასახლდა. Daily Mail წერს, რომ ვიქტორია ჰალი წარსულში პარტნიორს დაშორდა და ბოლო პერიოდში ადგილობრივ სანტექნიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა. ოჯახში სულ სამი ბავშვი იზრდებოდა.
შემთხვევის დღეს ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლო — მიღებული დაზიანებები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. პოლიციამ ტერიტორია შემოღობა და დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.
Daily Mail-ის ინფორმაციით, მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებულია თინეიჯერი ბიჭი. იგი შემთხვევიდან მოკლე ხანში სამართალდამცველებმა რკინიგზის სადგურთან ახლოს დააკავეს. ეჭვმიტანილის ასაკი და ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, რაც მისი არასრულწლოვანი სტატუსითა და გამოძიების ინტერესებით აიხსნება.
ევონისა და სომერსეტის პოლიციის განცხადებით, მიმდინარეობს გამოძიება დანაშაულის გარემოებების, შესაძლო მოტივისა და მხარეებს შორის კავშირის დასადგენად. ამ ეტაპზე არ ვრცელდება ინფორმაცია, იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს მსხვერპლი და ეჭვმიტანილი. გოგონას მშობლების მხრიდან საჯარო კომენტარი არ გავრცელებულა.